
დღეს ღირებულებათა დანერგვისა და შემეცნების მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა, ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის კულტურული ადაპტირების გზაა, სადაც განსაკუთრებული ადგილი კომუნიკაციის მხატვრულ-ლიტერატურულ ფორმას უჭირავს.
ქართული წერილობითი ძეგლები და ზეპირი სიტყვიერების ნიმუშები წარმოაჩენს ძირეულ ღირებულებათა განვითარების ფაზებსა და მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-პოლიტიკური და კულტურული ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე, საშუალებას იძლევა, დადგინდეს და შეფასდეს საზოგადოების მოქმედი ეთიკური სტანდარტები.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართველი გენიოსის, მწერლისა და ჰუმანისტის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ვაჟას პოეზია, პროზა თუ პუბლიცისტიკა სრულად აირეკლავს არა მარტო თავისი დროის მოთხოვნებს, არამედ ქართული ცნობიერების არქეტიპებში, უძველეს ფოლკლორსა და ტრადიციებში დაცულ ფასეულობებს.
ვაჟა-ფშაველა თერგდალეულების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის და სხვათა, უმცროსი თანამედროვე და მათი საქმის გამგრძელებელია. ეს იყო ახალი ეროვნული პროექტი საქართველოსთვის, საქართველოს დაყენება “ერად სხვა ერთა შორის”, ამათში კი იგულისხმებოდა ევროპის თვითგამორკვევის გზაზე დამდგარი ერები.
საქართველოს ევროპული პროექტი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური პროექტი, არამედ, პირველ რიგში – მსოფლმხედველობრივი. თერგდალეულები და, მათ კვალდაკვალ, ვაჟაც, ხედავდნენ, რომ ის პროცესები, რაც ევროპაში ხდება, არის არა შემთხვევითი, არამედ განგებისმიერი, რომ ევროპის გამოცდილებაა თავის საფუძველში ქრისტიანული გამოცდილება, ქრისტიანული ფასეულობების მტკივნეული და შეუქცევადი შემოსვლა ისტორიაში: შრომის გათავისუფლება, პიროვნების გათავისუფლება სხვა პიროვნების საკუთრების სტატუსიდან, ქალების ემანსიპაცია და ა.შ., ამ გამოცდილების არგაგება და არმიღება, მათი აზრით, უკვე ნიშნავდა ისტორიის ლოგიკიდან ამოვარდნას მთელი თავისი ტრაგიკული შედეგებით.
ევროპული პროექტი ითვალისწინებდა ქართველებში ახალი სულისკვეთების, ახალი სულიერ-გონებრივი აგებულების დაბადებას, რაც ილიამ გამოხატა ლელთ-ღუნიას სიტყვებში: “ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”, ანუ გაბედვას იმისა, რომ საკუთარ ხელში აიღო როგორც პირადი ცხოვრების, ისე ქვეყნის ცხოვრების სადავეები, პასუხისმგებლობის სრულიად ახალი განზომილებით.
ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობა ორიენტირებულია ღირებულებათა უმაღლეს შკალაზე, სადაც თავს იყრის ქართულ სააზროვნო სივრცესა და ხალხურ სიტყვიერებაში დაცული ფუნდამენტური ფასეულობანი: ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა, კანონის წინაშე თანასწორობა, ერისა და პიროვნების, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, სიცოცხლის, განათლებისა და ბედნიერების უფლება, აღმზრდელობითი კონცეფცია და სხვა, რაც მიმართულია ქართველთა მსოფლმხედველობრივი, ეროვნული, ეთიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ.
წინამდებარე ვებ-საიტზე (www.vajapshavela.ge) თავმოყრილია ის აზრობრივი და სიტყვიერი მარგალიტები, სრული ტექსტები, ფრაგმენტები და ბიოგრაფიული დეტალები, რომლებიც განსაკუთრებული სიძლიერით ავლენს ქართველი გენიოსის პროგრესული აზროვნების სიღრმეებს.
ვებ-საიტი ვაჟა-ფშაველას ცხოვრების, შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ სივრცეში გაერთიანების პირველი მცდელობაა, რომელიც მკვლევრებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აგრეთვე მწერლის შემოქმედებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს გაუადვილებს ორიენტირებას ვაჟას უკვდავ შემოქმედებაში.