მაგარი ის არის, რომ კიდობნიდან იწყო ღამღამობით საუცხოვო ამბებმა მოდენა. ხმალი არ ისვენებდა: კიდობნიდან ისმოდა აბჯრის ჩხერაჟღარუნი, დაჭრილთა კვნესა, სმა ლოცვამუდარებისა, ცოდვათა მიტევება. ვინა ლოცულობდა ან ვინა კვნესოდა, არავინ იცოდა, ხოლო ყველაფერი ხმალსა ჰბრალდებოდა. ბათურის ოჯახი კვალად დაღონებული და დაძმარებული იყო. ჩარა არ იყო, უნდა მკითხავისათვის მიემართა სეთურს. მკითხავმა შემდეგი გამოუცხადა: ხმალს ლაშარისჯვარი თხოულობსო. ხმალი ძალიან დაღონებულია, რომ უქმად არი და ომში წამღები არავინ უჩნდებაო: ლაშარისჯვარი ბრძანებს, თავად მე ვუპატრონებო. უნდა ლაშარისჯვარის დროშასთან ესვენოს შენის პატრონის ხმალიო და ლაშქრობის დროს ვისაც ქადაგი დაასახელებს, ხმალი იმას უნდა ერტყა ლაშქრობის დროსაო. რაღა ეთქმოდა ან ცოლს ბათურისას, ან შვილებს? როგორ შაეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ხატისათვის?! მაშინვე კმაყოფილება გამოაცხადეს: რა გვეთქმის, მიირთვას, დაილოცოს იმის მადლი და სახელიო, წარმოსთქვეს ერთხმად დედაშვილებმა. აცნობეს ლაშარისჯვარის ხევისბერს და ისიც მალე გაჩნდა დროშით ხმლის წასასვენებლად.
ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ შეიტყო. კვალად შეიკრიბა ხალსი ბათურის ოჯახში, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. გაიმართა სელახლად გლოვა და ზარი, თითქოს ბათური დღეს იმარხებოდა. მთელი ხალხი ხმალს გოდებით ისე მისდევდა, როგორც ბათურის კუბოს, და ასე მიაცილა ლაშარისჯვარის სალოცავამდე. ხოლო იქ ხევისბერმა ხმალი დროშასთან ერთად მოათავსა და ხალხს გამოუცხადა: ხალხო, ნუ სტირით და ნუ სჩივით, სატირელი, ღვთისა ძალით, აღარაფერი გვაქვს. სატირელი აქამდისა გვქონდა, რო გამოჩენილს ხმალს ღირსეული პატრონი არ უჩნდებოდა. დღესკი გამოუჩნდა და იცით ვინა? ჩვენი დიდებული ლაშარისჯვარი. მაშ გაუმარჯოს იმის ძალს, იმის სამართალს და მის ახლად შეძენილს ხმალსა! გაუმარჯოს, გაუმარჯოსო! დაიღრიალა ხალხმა. იმ დღესვე ხატში დაიკლა რამდენიმე საკლავი, როგორც ბათურის სულის მოსახსენებლად, ისე მის ხმლის სადიდებლად და გულის დასაამებლად. ხალხი ჰსვამდა როგორც ბათურის, ისე სხვა გარდასულ გმირთა შესანდობარს და უმადლიდა ღმერთს, რომ ბათურის ხმალი ხატმა მიიღო თავის მფარველობის ქვეშ. დიაღ, მიიღო და ამიერიდან ხმლის მწუხარება არავის გაუგონია, რადგან მას ომში ყოფნა ხშირად უხდებოდა და მუდამ ღირსეული გმირის ტანს ამშვენებდა. ხოლო ხალხში ხმა იყო: ბევრჯვლ უნახიათ ლაშარისჯვარის მიდამოებში ჯაჭვჩაჩქნიანი ბათური გადამდგარიყოს სერზე, წელდამშვენებული თავის სახელოვანის ხმლითა, ეძახოდეს, ხელს უქნევდეს სალაშქროდ ბიჭებს. უნახიათ აგრეთვე, შუაღამის დროს ათასწლოვან მუხაიფნების ქვეშ შემოეკრიბოს თავისი ლაშქარი, ჰქონდეს თათბირი გალაშქრებაზე, ხელში ეპყრას თავისი ხმალი და მაზე რაღაცას ფიცულოდეს, ხოლო იფნების, მუხის, არყის ტოტები, კენწეროები ციდან ჩამოსული კელაპტრებით ყოფილიყოს განათებული.
1913 წ.
გამოხმაურება