დარეჯანი იქნებოდა 50 წლისა, მაგრამ 30-35 წლისასა ჰგავდა. იგი იყო შავგვრემანი, უზომოდ მაღალი. სახის გამომეტყველება ჰქონდა მძლავრი. დარეჯანის პირდაპირ შეუპოვარი ცქერა კაცს ძალაუნებურად შეაკრთობდა. ამასთან ერთად წარმოიდგინეთ იმისი ვაჟკაცური, რიხიანი ხმა და საუცხოვო ჩაცმა-დახურვა. იმსიმაღლე დედაკაცი ხანდახან, მარტო ჯუბას ჩაიცვამდა, ჯუბას, რომელიც ერთიორად სიმაღლეს უმატებდა. წელზე შემოიჭერდა პრტყელს ტყავის ქამარს, რომელზედაც ტყავის ქარქაშით ხანჯლის ტოლა დანა ეკიდა. დარეჯანს, როდესაც იგი გაემგზავრებოდა სადმე, ხელში ეჭირა თავის ტანზედ აცილებული, ხის ტარზედ დაგებული შუბი. დარეჯანი სოფლის დარაჯად და პატრონად იყო სწორედ დაბადებული. იმაზე ადრე სოფელში არავინ გაიღვიძებდა; გაღვიძებისთანავე იმისი ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმოდა გაღმა-გამოღმა. აგერ ერთს გასძახის: “სად ვინა ხართ, დალია ხბუებმა ყანა, მწერელ-ჩვილებო?!” ახლა მეორეს: “მიეშველე, თორო გადმუარდება ბალღი, თეთრუავ! ჰაი, შე უკლოვ, შე უგერგილოვ, შენა!” ლაპარაკონს სადმე სამი კაცი, დარეჯანიც იმათში ჩაერევა და ერთ-ერთსაც იქნება “დაჰრიშხნავს”, შეუტევს: “შენ ამას არ ედავებოდე, ბეჩავო, მამულსა, გაისარჯო, თავად გააკეთო მამული, ის გირჩევნია. ღმერთმა იმით არ მოგვცაა ე ხელები, გაისარჯენითო, განა იმითა, რო მიწის საჭმელად გაასუქეთო”. დარეჯანი მაშინვე თავის თავს წაუყენებდა მაგალითად: “მე სოფელმა მამული არ მომეცით, აბა, გაჰხედენით შაშუბსა, აის მამულები, საქერეები ვისი გატეხილია? ემისი არი, უყურეთ ჩემს ხელებსა! დღე და ღამ იქ მოვიკალ თავი და, დაილოცოს ღვთის მადლი, ერთი ლუკმა პური არ მაკლია დღესა. თქვენ ერთმანეთს ებრძვით, არა მე უნდა მეჭიროს მეტი მამული, არა მეო. განა ჩხუბით კი მაემატება მამულებსა, ცოდვილნო?!” სოფლელნი დარეჯანს ათასნაირს, არა საძრახს და საკიცხავს, არამედ სასიქადულო სახელს ეძახდენ. მე ამ სახელებიდამ ორი მახსოვს: ერთი “დევა” და მეორე “პარახოტა”. მაგრამ ვინც ამ სახელებს დაუძახებდა დარეჯანს, იმას არ შეიძლებოდა თანაც არ დაემატებინა შემდეგი სიტყვები: “ბეჩავ, დედაკაცო, ცოდვა არ არია, შენ კაც არა ხარ?”
დარეჯანმა ცხოვრებაში დიდი წვა-დაგვა გამოიარა და წვა-დაგვითაც დაასრულა თავისი სიცოცხლე. დარეჯანი 18-ის წლისა დაქვრივდა; იმისი სახელი შორს იყო გავარდნილი; დარეჯანს აქებდენ სილამაზით, “თავგზიანობითა” და მეოჯახობით. მთხოვნელი გულში ბევრი იყო დარეჯანისა, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა, გარდა ურჯუკისა. ურჯუკი სხვა თემისა და სხვა სოფლელი იყო. ურჯუკმა დარეჯანს “მარჯეკალი” გაუგზავნა. მაჭანკლობა საზოგადოდ ბებერ დედაკაცების ხელობაა. სამეფო ბიჭები მაშინვე იმათ მიჰმართავენ საქმის გასარიგებლად, რადგან ისინი უკეთ იცნობენ მამაკაცისა და დედაკაცის გულსა, იციან რით და როგორ მოაწონონ ქალ-ვაჟს ერთმანერთი. სოფელ გ-ში, სადაც დარეჯანი იყო გამოთხოვილი, სცხოვრებდა დიდის ხნის დაქვრივებული მამიდა ურჯუკისა, შამანდუხი. ურჯუკს სხვისათვის ვისთვის უნდა ეთხოვნა შუაკაცობა, თუ არა თავისის მამიდისათვის?! შამანდუხი იმ დროს მივიდა სამაჭანკლოდ, როცა დარეჯანს კეცი გადმოღებული ჰქონდა და პურის “ჩაცხობას”, ჩაკვრას აპირებდა. შამანდუხმა, რა წამს დარეჯანთან კარებში შევიდა, იმ წამსვე ქებით მიჰმართა დარეჯანს:
– გენაცვალე, შვილო, – სთქვა მოსაწყლებულის ხმით შამანდუხმა, _ რა თავგზიანი ხარ და რა ყინჩი (კარგი).
კერის პირას დარეჯანის ორის წლის ვაჟი გამახარე იჯდა და ნაცარს ურევდა ჯოხით. შამანდუხი მოეხვია ბავშვს, თანაც თვალები მოუცრემლიანდა, გამახარეს ღარადელა (ჩირი) და თხილ-კაკალი მისცა და თან დაიწუწუნა:
– ჩამოგიდნი, აგრია, ვაჟავ, ობოლავ, ტიტველ-შიშველო! – შემდეგ ჩვეულებრივად მოიკითხა დარეჯანი.
– რას კილოსა ხართ, დამიტირე, ხო არა გიჭირსთ კაცით, საქონით, მერავ, – ან ამ ვაჟს ხო არა გიტკივა?
– არა გვიჭირს, შენი ჭირიმე, დღესნამდინ ცოცხალი ვყრივართ, ღმერთმა გიცოცხლოს მზის საფიცარი. მერმე თავად ხო არა გიჭირსთ? – ჰკითხა დარეჯანმა.
– არცარა ჩვენ გვიჭირს, აგრემც დამმარხავ.
სტუმარი და მასპინძელი ერთად ჩამოსხდენ სადედაკაცო კერაზე. დარეჯანმა შამანდუხს ნაბადი დაუგო. შამანდუხს იღლიაში ტარ-ფარტენა ეჭირა ხოკრით. ხოკრიდამ საგრეხელი ამოიღო და დაუწყო მატყლს რთვა, თან დაწვრილებით ჰკითხავდა დარეჯანს ყოფა-ცხოვრებაზედ:
– მებრალები, – სთქვა შამანდუხმა ამოოხვრით ბოლო დროს: – მებრალები, ჩემთ მკვდართ ცხონებამა, ბალღი ხარ, შვილო, ჯერ შენა, ჯანი გაქვის, მაგრამ განა სულ ეგრე იქნები? შენ თუ პატრონი არ იშოვნე, დედაშვილობამა, არ გამოგადგება ეგრე ყოფნა. კაცს გიშოვნი ისითასა, რო შენს ბედს ქვეყანა მიჰნატროდეს.
ეს უკანასკნელი სიტყვები შამანდუხმა ჩურჩულით წარმოსთქვა. დარეჯანი ამ სიტყვაზე აენთო: გათხოვება ფიქრადაც არ მოსვლია არა დროს. იგი წრფელის გულით უერთგულებდა გარდაცვალებულს ქმარს, მით უმეტეს, რომ უძეოდ არ დაქვრივებულა. შამანდუხის რჩევა არ მოეწონა.
– ჩემგნით არ გეკადრება კი შენა-დ’, – სთქვა სახეალეწილმა დარეჯანმა, – და რა ვქნა, გაკადრებ. მაგისთანა ქართულების გაგონება არ მინდარის, მაგაად თუ დასძვრები აქა, შე სულელო?! ადე, ადე, გამოძვერ აქითა, ადე, დაითხიე, თორო ერთს უნამუსობას გაჭმევ, ჩემის გამახარეს დღეგრძელობამა!
– არ გინდა თავის თავისად კარგი და ეშმაკსა ჰქონდეს შენი სულ-ხორცი! – სთქვა შამანდუხმა კარების გასავალში.
დარეჯანი სიკვდილამდე პირველის ქმრის ერთგული დარჩა. ბევრი სხვადასხვა ხმა დადიოდა სოფელ გ-ში დარეჯანზე და, რაც მართალი იყო, არც თვითონ ჰმალავდა. სხვათა შორის, აი ერთი მოთხრობა იმაზედ, თუ როგორ ამოთხარა დარეჯანმა თავისი პატარა ქალი ნენე საფლავიდამ.
– სუყველა საკვირველს შენ რად ჩაიდენ, დედაკაცო? – ჰკითხავდა სალია დარეჯანს. – საფლავშიით შვილის ამოთხრა რამღა მოგაგონა?
– ერთს წელს სუ გაბრუებული ვიყავ, – იტყოდა დარეჯანი, – დახელთილივით დავდიოდი. ერთხელისა, შუაღამისას, დიდი ნაორღვენი მოიდა, დელგმა, ავდარი. არ მეძინებოდა, ვერ მოიხუჭენ თვალნი, ჩამაუდნეს დედა, ნენე მიდგებოდა თვალთწინა. ვიფიქრე: ე ჩამოსადნობი, რას უწევარ ამაში?! მე აქა ვწევარ მშრალად და ეს ამოდენა ნიაღვარი ჩემს შვილს გადასდის თავზედაო. თან ისიც მამაგონდა, რო გველ-ბაყაყები ჩაუძვრებოდენო, ავმდგარიყავ და გავქცეულიყავ სასაფლაოზე. მერავ, როგორ ამოვთხარე, მაშინღა მოვედ გონსა, კუბოს თავი რო ავგლიჯე და სული მეცა, მითამ პირზე სამა ვკოცნიდი. თანდათან გამოვფხიზლდი. მივიხედ-მოვიხედე, დავშინდი: ვაჰმე, არავინა მნახოს, ვინ რას იტყვისო?! მივაყარე ისივ მიწა და გამოვიქე, რაც ძალი და ღონე მქონდა. წყალზე რო ჩამუედ, დავიყურე და მითამ ტირილივით გავიგონე, ჩემის ქალის ტირილსა ჰგვანდა. ჯერ გაბრუნვა გავბედე, მემრე დავფიქრდი: როგორღა იტირებს ჩემი შვილი, მიწაში ჩამპალაო. შევეხვეწე ჩემის მამის სალოცავთა, – დამასვენეთო. მემრე კიდევ გონთ მუედ.
ერთის წლის შემდეგ დედამთილიც მოუკვდა. რიგი ყველას თითონ დაუყენა. ხატში კისრით თითონ მიიყვანდა საკლავს, იგი შორიახლოს დადგებოდა. დასტური მოეგებებოდა და ჩამოართმევდა საკლავთან ერთად ქადა-პურებსაც. სოფლელნი დარეჯანს გამრჯელს ეძახდენ: “დარეჯანი ისე არ დააყენებს ხელთა, როგორც ე ჩამდინარნ წყალნი არ დადგებიანო”. დარეჯანმა გამახარე პატარაობიდგანვე შეაჩვია მუშაობას. უსაქმობასა და უქმად ყოფნას უშლიდა. გამახარე, რაკი იდროვებდა, ტოლებში გაერეოდა, მაგრამ დარეჯანი იმას ჩქარა იპოვნიდა და ხელშუბიანი სულთამხუთავივით წაადგებოდა თავსა.
– რას ეშმაკს უზიხარ ამაში, – ეტყოდა იგი მრისხანედ, – და არ მიეპატრონები ი თავის ბეჩაობასა?
– პატარა ხან კიდევ ვიქნები, ჩემო დედავ, შენი სულის ჭირიმე, – ეტყოდა ყელგადაგდებით გამახარე. იმას სწორებიც მიეშველებოდენ, სთხოვდენ დარეჯანს, ნება მიეცა გამახარესთვის იმათთან დარჩომისა. “დარჩეს ბატარა ხან, ვიფიხვნებთ, ჩემო დარეჯანო, კიდევ, დედაშვილობას, და მერე წავალ-წამუალთ ყველანი. განა ჩვენ საქმედალეულები ვართ?!”
დარეჯანი იმათაც შეუტევდა და მაინც თავისას გაიყვანდა, გაისტუმრებდა გამახარეს შინ. გამახარე დავაჟკაცებული იყო, რომ დედისათვის ერთი მაღალი სიტყვა არ უთქვამს. დარეჯანი გამახარეს ხშირად ქორწილშიაც მიუხტებოდა, “ჯარზეით” ააყენებდა და გააგდებდა სახლში.
– განა სულ ქორწილი იქნება, მწერელჩვილო?! მალე შამოგელევა მუქთი სასმელ-საჭმელი. შენი ქორწილი აი შენი სახლი და საქმეა, არ იცია?!
გამახარე თავისუფლებას, სიამოვნებას მოკლებული იყო, დედის ბრძანებას ვერა სტეხდა; ამისთვის, მართალია, აქებდენ, მაგრამ თავს კი დაჩაგრულადა ჰგრძნობდა.
გამოხმაურება