დარეჯანი ვაჭრებს, ჩარჩებსაც სუსხს აძლევდა. ისინი იმას “ახმახ დარეჯანას” ეძახდენ. ჩარჩებს დარეჯანი ეჯავრებოდათ და დარეჯანს – ვაჭრები, თუმცა კი ისევ იმათგან ვაჭრობდა, ვაჭრობდა და თან ეჩხუბებოდა. გამვლელ-გამომვლელს ჩარჩს ისე არ გაიცილებდა, რომ არაფერი ეთქვა, არაფერი ეწყენინებინა.
რად გეჯავრება ჩარჩებიო, რომ გეკითხა დარეჯანისათვის, “რჯულძაღლებია, გვატყუებენ ბრმა-ყრუს ხალხსა, იმითაო”, გიპასუხებდათ. დარეჯანი ყველაზედ მეტად არუთინას სტანჯავდა. ეს არუთინა ფრიად გაქნილი ვინმე არის. 25 წელი იქნება, რაც იგი ფშავში ჩარჩობს. არუთინა ყველას იცნობს და ყველანი იმას იცნობენ, დაშინაურებული კაცია, ფშაური ფიცი იცის, ფშაურს კილოზედ საუბარი.
– ლაშარის ჯვრის მადლმა, – ამბობს არუთინა, – ეს ჩითი დამპალი არ არის.
– ისე გიშველოს შენმა ლაშარის-ჯვარმა, როგორც შენ იმას მართლა ჰფიცულობდე! – ეუბნება დარეჯანი.
არუთინა თაგვივით წვრილს თვალებს აციმციმებს და თხელს, მოკლე წარბებს შეათამაშებს. ვაჭრობის დროს დარბაისლობს, არ გაიცინებს, თუმცა იოხუნჯებს კი, მაგრამ გამჭრიახი, გამოცდილი თვალი მალე შეატყობს, რომ არუთინა თავიდამ ფეხებამდე სიცრუისაგან, სიფლიდისაგან და ეშმაკობისაგან არის მოქსოვილი. არუთინას ტანზედ ერბოთი გალესილი ახალუხი აცვია, თავზედ ბუხრის ქუდი ახურია, ადგილ-ადგილ ამოგლეჯილი; იმისი ქუდი მგლისაგან დაგლეჯილს ცხვარს მოგაგონებსთ. საბრალოა ეს ქუდი მაშინ, როდესაც არუთინა ვაჭრობს. საცოდავი ქუდი ხან წინ, შუბლზედ გადმოხტება, ხან აქეთ, ხან იქით, ხან უკან, ერთის სიტყვით რომ ვსთქვათ, – არუთინას თავზე ბუქნას უვლის. მეტისმეტი სასაცილო (რა თქმა უნდა, საზიზღარიც) რამ არის ამ დროს არუთინა და უფრო მაშინ, როცა ვაჭრობას გაათავებს, მოსჭრის ჩითს და ახლა საქმე კარაქის, ერბოს აწონაზედ მიდგება. მაშინ არუთინა პატარძლად იქცევა, უცოდველ, უვნებელ კრავად, ტუჩებს მოიპრუწავს, თვალებს შორს გაუშტერებს და აღარ უცქერის იმის წინ წამოჩოქილს ფშავლის დედაკაცებს; ქუდიც დაისვენებს, აჭიმული წარბებიც შეჩერდება. იგი ამ დროს ჰგავს გაზაფხულის გაქუცულ მელას, რომელიც ჩიტებს ეპარება. მაგრამ დარეჯანი არუთინას ისე შეუბრალებლადა და სასტიკად არ მოჰქცევია არადროს, როგორც ერთხელ მოექცა. დარეჯანს ხელში და გულში საბუთი ეჭირა. აი, ეს რა საბუთი იყო: იმავე სოფელში სცხოვრებს მარტოხელი, ალალმართალი კაცი ჯაბანა. ჯაბანას წინა წლებში საქონელი დაულია ჭირმა. ოცის სულიდამ ორი კვებულაღა დარჩა. ჯაბანა დარდისაგან ლოგინად ჩავარდა. იგი იწვა ჩალადაგებულ წნელის ჯინში, რომელიც ზაფხულობით დერეფანში ედგა და ზამთრობით შინა. ჯაბანას სახლში სხვა არავინ გააჩნდა, არც ქალი, არც ვაჟიშვილი, გარდა ანუკასი, რომელიც სულ ფეხზედ ტრიალობდა და თავისის მარჯვენით არჩენდა “დარჩომილს” მამას. დარეჯანს ანუკა ძლიერ უყვარდა და, როცა კი შეჰხვდებოდა, ეტყოდა ხოლმე:
– ვენაცვალე შენს ქალობასა, შენს გარჯილობასა. ეგრე, გენაცვალოს დარეჯანი, გაისარჯე, შვილო. გაურჯელად არავის რა მოგვივა.
დარეჯანს მამითადში, “მუშაში”, ოჯახის შვილებიც დაიპატიჟებდნენ ხოლმე, მაგრამ ის იმათთან არ წავიდოდა.
– ჯაბანას მივეშველებიო, – იტყოდა დარეჯანი: – უფრო მადლია, ერთი-ორი ძნა რო შაუკონო, იმათად კარგია, – იტყოდა და წავიდოდა კიდეც.
ჯაბანას ემართა არუთინასი ოთხი მანეთი. ორჯელ მივიდა არუთინა ჯაბანასთან ვალის სათხოვნელად, მაგრამ ვერაფერი მიიღო, რადგან მოვალეს არაფერი გააჩნდა. ჯაბანა თითონაცა სწუხდა ამ ვალის გადაუხდელობას და მოულოდნელად წამოიტყოდა ხოლმე თავისთვის: “დახე, შავრცხვი იმ კაცთანა, ვერას ღონეს გავხდი, ვერ ვუშოვნე”. არუთინასაც, როცა ვალსა სთხოვდა, ასე ეტყოდა:
– რა ვქნა, შენის თვალების ჭირიმე, ჩემო არუთინავ, განა არ იცი ჩემი ბეჩაობა, აი დამკვლიე, მეორე წელია ასე დავრჩი და ჩემის ხელით ჩხირი არ გათლილა ჩემს სახლში! განა არ იცი, თუ თავის მარჯვენას არა გამუადნეთ, ძნელია ჩვენი დარჩომა?! მეც აი ქალის ამარასა ვარ, დავწვი, დავდაგე ეგეცა, ეგ ბეჩავი, დაწყდა ნაწლევებში. სხვისაგან ვივალო და შენ მოგცე, ისევ მე ჩემი დამემართება: როცა გნახავ, სირცხვილით სუ ტან-იოგში დავიშლები. მრცხვენიან, განა არა მრცხვენიან, მაგრამ, აბა, რა ვქნა, რა გიყო?!
არუთინამ ბევრი აღარ იფიქრა, მამასახლისს “ამოუდო” ერთი მანეთი და სთხოვა, რომ ვალში წაერთმია ჯაბანასთვის ის ორი კვებულა. მამასახლისმა აუსრულა ეს თხოვნა არუთინას. ერთს დღეს გზირმა და არუთინამ გამორეკეს კვებულები და წაასხეს. ამ დროს ანუკა სამუშაოდ იყო წასული მეზობლებში.
– რა ვქნა, – სთქვა განაცრებულმა ჯაბანამ, რაკი გადასწყვიტა, რომ მიდიოდა იმის ხელიდამ ერთადერთიღა იმედი, – რა გითხრათ, თუკი ღმერთს არ შაჰხედავთ?!
საღამოზე ანუკა დაბრუნდა, ბევრი იტირა საბრალომ, ილანძღა და იგინა. ანუკამ ჯოხდაბჯენილმა, მკვდრის პატრონივით, საცოდავად გაჰკივლა: “ვაჰმე, ჩამოგიდნესთ პატრონი, ჩემო მირეშავ, ჩემო კუდბეჭედავ! ღმერთო და აი მამის ჩემის სალოცავო, ნურას კარგს მაახილებინებთ იმათ წამსხმელსა!..” ანუკამ ქვითინით შესჩივლა ეს ამბავი ერთადერთს თავისს იმედს დარეჯანს.
– ვაჰმე, აღარას მიშველა ძალუაო, – ქვითინებდა ანუკა, – რო ჩემი მირეშაი და კუდბეჭედაი ვალში წაუსხამ არუთინას, იმ გმირის კოპალაის ლახტნაკრავსა, იმ შავის მიწის შასაჭმელსა?!
– ჰაი, ეგ რჯულძაღლები, ეგეებიიი! იქნება მართლა?! ვაჰმე, რატომ არ ვიცოდი, ამ თავმოსაკვდავმა, მე ვიცი, რასაც წავასხმეინებდი იმათა. შენ არა გინდა, ძალუაისავ, იმ ძაღლის ჯავრს მე ამოვიყრი, _ ანუგეშა დარეჯანმა.
მართლაც, ერთის კვირის შემდეგ არუთინამ ჩამოიარა ორი ცხენით და ძახილით: “ფარჩა ივაჭრეთ!” დარეჯანი “დილაურის” საქონელსა სწველდა. მალე თვალი შეასწრო არუთინას და ჩუმად წასძახა ძაღლებს, რომლებიც დარბაისლად ბაკის გვერდზე იწვნენ: “ა, წობანავ, ალაბეშავ, მაგას!”
ალაბეშა და წობანა სიავით გათქმულები იყვნენ სოფელში. მსწრაფლად ძაღლებმა ყურები სცქვიტეს და ტყვიასავით შეუპოვრად დაეტაკნენ არუთინას. გააბუეს, გაჰპენტეს ბამბის ქულასაებ და გადააგდეს პატარა ბექურზე. არუთინა გამწარებული ყვიროდა და ხრიალებდა. არუთინას ცხენებიც დაფრთხნენ. ერთმა მოიყრევინა ბოხჩები, მეორემ – ერბოიანი გუდები. ყველა ეს დაგორდა ქვეით ხევში. ერბოს გუდა გასკდა და წყალივით ერობმ დაიწყო ჩადენა მიწაზე. “მიშველეთ, ქრისტიანები არა ხართ?!” ჰყვიროდა არუთინა ზემოდამ. “არ დაირჩოს კი, ე დამეხილი, და კაცის ცოდვაში არ ჩავდგე”, – სთქვა დარეჯანმა და გაიქცა მისაშველებლად. გადადგა ბექურის პირზე, შეეცოდა არუთინა დარეჯანს, როდესაც იმის პირზე სისხლი დაინახა და შეუტია ძაღლებს: “წამოთე, წამოთე, თქვე სამგლეებო!” ძაღლებმა მაშინვე თავი დაანებეს და გამოსწიეს შინათკენ. არუთინა გასაცოდავებული ადგა და კოჭლობით გამოიარა ცოტად.
– თქვე ოჯახდაქცეულებო, – სთქვა არუთინამ, – რატომ არ აბამთ ძაღლებს? ხომ იცით მაგათი სიკაპასე?! ახ, ჩემი ხანჯალი მქონოდა! – ამ დროს შეასწრო თვალი დაღვრილს ერბოს, ტირილი მოუვიდა და უფრო უკადრისი სიტყვები უთხრა დარეჯანს.
– ოჯახდაქცეულიც იყავ და ძაღლიცა! შენ რო მკვდარი იყო, ვისი რა ბრალია?! მთელი ქვეყანა ამაზე არ დადის, შე მიწის ჩამოშაშლელო, – აბა სხვას რომელს მისწვდენ ჩემი ძაღლები?! ნეტავი გაემარჯვა ი მამიჩემის სალოცავსა. დაგეკრა რაი ძაღლებისადა და მაშინ ნახავდი შენს ყოფასა! დაგმეხოს მწარე სიკვდილმა, აგრეა! დაჰკრავდი და მე რაღას ვაკეთებ აქა?! შუბს შიგ ცოფიანს ლაშჩი ჩაქცემდი!..
დარეჯანმა ხშირად იცოდა ესე დამუქრება. დარეჯანი მაშინვე გამობრუნდა და პირზე ღიმილი მოუვიდა. პირველად ეხლა შევნიშნე იმისს პირზე მხიარულება, – ალბათ გული მოიფხანა ცოტად მაინც… არუთინა კი საცოდავად ეფხოტებოდა ბექობზე, ჰფხეკდა და ასხამდა ისევ გუდაში მიწიანს ერბოს. ამ დროს წყალს ნემსკავით ბიჭი მოჰყვებოდა, იშველია იგი, აჰკიდა ცხენს ბოღჩები და ხურჯინები და გასწია დუდუნით თავპირჩამომტირალმა. დარეჯანმა ერთხელ აჰხედა კიდევ და “დაიმეხე, აგრიაო!” თან გააყოლა.
გამოხმაურება