ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

დარეჯანი

ფშავლების ცხოვრებიდან

საკითხავი დრო: 4 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email
გვერდების არჩევა

3. მესამე გვერდი

  • 1. პირველი გვერდი
  • 2. მეორე გვერდი
  • 3. მესამე გვერდი
  • 4. მეოთხე გვერდი
  • 5. მეხუთე გვერდი

კვირა დღე იყო. ჯერ მზე არ ამოსულიყო. ბერაანთ სახლის ბოლოს, მურყნიანში, წისქვილის სარუის გვერდზე, დარეჯანის ყვირილი, ჯავრობა ისმოდა. იმას ხელი ჩაევლო ორის ბალღისათვის და სახეალეწილი ელაპარაკებოდა ჯავარას, რომელსაც ზურგზე ფქვილიანი გუდა ეკიდა.
– ე ბალღებ სადღა მიგიდის, დაო? – ჰკითხავდა დარეჯანს ჯავარა.
– სიკვდილმა რო დააბუნდოოს ამათი დედა, იქ მიმიდის, – სთქვა დარეჯანმა და თან დაანუგეშა მტირალი ორი ბავშვი: – ნუ იტირებთ, შვილო, დედას-თქვენი მალე მოალის.
– აცა, დამარხე ჯავარაი, მაინც რა არი?
– ის არი, ქალო, რო ამათ დედა გამიხარდას გაჰყოლია, გასტაცებინებია, ბალღებისად თავი დაუნებებავ.
– უყურე, უყურე იმ უნამუსოსა!
– მე კი არ ვიყავ ქვრივი? სხვა რამდენია კიდევა? აბა, სხვას რომენს უქნავ ეგ საქმე, ეხლა მაგ კახპამ რო ჩაიდინა? აუ, ეს რაღა მოვიხილე, თქვენი ჭირიმეთ… მე ხო დავიწვი დილას ამათი ცოდვითა. ჩადუნაობა მივიდოდი, ამათ კარისას გავიარე, გავიგონე ბალღების ტირილ-დ’ წიოკი. კარი გარეთაით იყო გადარაზული. გავაღე, შავედ, ეს სუ ბატარიკა ვაჟაი ტირილისაგან მისუსტებული პირქვე წაქცეულიყო და ე დიდ კი-დავიდოდა დახელთილივითა და სჭყვენავდა ყურემარეებსა. “ვაჰმე! დედა სადა გყავთო, ვკითხე. კაცს რასამ გაჰყვა, თავის ბარგი და ხურჯინებიც თან წაიღო და წავიდაო, – ე დიდამ მითხრა. მაზლიც არა ჰყოლია შინა იმ დაბუნდუებულსა. – ჯავარა გაფითრებული და გაშტერებული შესჩერებოდა დარეჯანს. – ვაჰმე, განაგრძო დარეჯანმა, სად არი კაცი და პატრონი, დასტაცე იმას ი ბუწეწები და დაბეგვეო, გაუნაყე ი თავრიელა ქვებზედაო!.. ფშავის ხევს მადლი გამეელიაო. ნიადაგ გამეელევა, ნამუსი აღარცა არი და დანდობა, რაადღა უნდა ეხლანდელს დროში კაცს სიცოცხლე? რო მოკვდეს, ის არ ურჩევნავა?!..
– მემრე შენ რას უზამ ამ ბალღებსა? – ჰკითხა ჯავარამ.
– უნდა წავასხა შინა, მანამ ბიძა მაუვალის. მა რა უყვა, შე ჩემთავმამკვდარო?1
– კარგია, დაო, დაილამა, – სთქვა ჯავარამ, – მალე მუალის ი კაცაიცა. მე მგონავ, იორზე არი წასული.
დარეჯანი წამოვიდა და ბავშვებიც თან წამოასხა, წამოიყვანა. ერთი ხელში ეჭირა და მეორე ხელი-ხელსჩავლებული მოჰყვანდა. იმან სოფელში ერთი ალიაქოთი ასტეხა. ყველას გული შეძრწუნდა.
– ნურა კარგი მაახილებინოს ამათ დედას ღმერთმა და იმ ჩემის მამის სალოცავმა! რა გაუჭირდა ისითაი იმ ღვთის ნავნებსა, რო დააობლა ეს ბალღები! – დარეჯანმა ბალღებს რძე აუდუღა, აჭამა და დააშოშმინა… ეხლა დარეჯანის წუხილი ის იყო, რომ სადმე შეჰხვედროდა მზევინარსა… ამბობდენ, რომ შეჰხვდა და ატირაო, თუმცა კი მეორე ქმრისათვის თავი ვერ დაანებებინაო…
– თავი დამანებე, ჩემო დარეჯანო, აგრემც გიცხონდებიან მკვდარნი, – ეუბნებოდა მზევინარი თვალცრემლიანი დარეჯანსა, როდესაც იგი თავს წაადგა ერთხელ საქონელში მყოფსა და თავისებურად დაუწყო შოლტვა: – რაღა ვქნა, შავცდი, თავს ხო არ მამაკლეინებთო.
დარეჯანზე სოფელში იმასაც ლაპარაკობდენ, თუ “როგორ აკადრებინა ერთს მოხელეს უკან დაეწია”. ბრძოლა მოხელესთან დარეჯანს თავისის შვილის გამახარეს თაობაზედ მოუხდა. დარეჯანი შეშაზე იყო წასული. იგი იმ დროს დაბრუნდა, რომ მოხელე გამახარეს მათრახითა სცემდა. გამახარე კი მარტო თავზე ხელებს იფარებდა. დარეჯანი აენთო, საჩქაროდ ტვირთი მოიგდებინა და “შესტაცა”, დაუჭირა ლაგმისტარი მოხელის ცხენსა.
– ვინა ხარ შენა? – სთქვა დარეჯანმა ათრთოლებულის, აკანკალებულის ხმით: – რაზე მიკლავ შვილსა, შე ურჯულოვ? – მოხელემ იმასაც მოუღერა მათრახი, მაგრამ ისევ მალე ძირს დაუშო, რადგან დარეჯანი უკან გადგა და შუბი გაუსწორა. – ხელი არ მახლო, ჩემის გამახარეს დღეგძელობამა, თორო!.. – მოხელემ მართლა “უკან დაიწია” და შემდეგ თავისიანებს აცინებდა ხოლმე ამ შემთხვევით: “რას ვიზამდი, ყმაწვილო, ხანში შესული დედაკაცი იყო. Но подобной женщены еще не встречал! სწორედ სულთამხუთავივით დამეცა თავზე, ერთი ახმახი რაღაც იყო; дикарка, дикарка, чистая дикарка!”
– შენ კი არა გსხიანა ხელნი, შე მწერელჩვილო, შე უგერგილოვო, _ უთხრა დარეჯანმა გამახარეს, – რას ეთრეინები?..
– დიდი კაცია, მაგას ხელი არ შაებრუნება, დედავ, რა მექნა? – სთქვა გამახარემ და ჯავრი დედის სიტყვების შემდეგღა შეეტყო, უდროვოდ დარწმუნდა, რომ საქმე წააგო. – მაგას რა ნება აქვ, რო ჩემს კარზე მიხდება და მცემს?! – სთქვა გამახარემ წამოწითლებულმა.
– კარგი, სუ, სუ, ბეჩავო! შენი რა იმედი უნდა მქონდეს. რო დავვარდე, მთელი ქვეყანა გადამქელავს! – დაუმატა დარეჯანმა ამოოხვრით.

გვერდების არჩევა

3. მესამე გვერდი

  • 1. პირველი გვერდი
  • 2. მეორე გვერდი
  • 3. მესამე გვერდი
  • 4. მეოთხე გვერდი
  • 5. მეხუთე გვერდი
გვერდი 3 სულ 5
წინა გვერდი 12345 შემდეგი გვერდი

რედაქტორი გირჩევთ

ამოდის, ნათდება!
პროზა

ამოდის, ნათდება!

ივლისი 25, 2020
აღარც-რას მერცხალს ვუყურებ
პროზა

გველი

ნოემბერი 24, 2019
ანდერძი
პროზა

ხმელი წიფელი

ნოემბერი 24, 2019
არავის არ გემდურებით
პროზა

მთის წყარო

ნოემბერი 24, 2019
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება ერთ სივრცეში
პროზა

მთანი მაღალნი

ნოემბერი 24, 2019
გაზაფხულს ია ამოდის
პროზა

ჩხიკვთა ქორწილი

ნოემბერი 24, 2019

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე