ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

დარეჯანი

ფშავლების ცხოვრებიდან

საკითხავი დრო: 4 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email
გვერდების არჩევა

4. მეოთხე გვერდი

  • 1. პირველი გვერდი
  • 2. მეორე გვერდი
  • 3. მესამე გვერდი
  • 4. მეოთხე გვერდი
  • 5. მეხუთე გვერდი

დარეჯანს თუმცა თავის სოფელშიაც ბევრი სადავიდარაბო და სავაგლახო საქმე ჰქონდა, მაგრამ ის იქით-აქეთაც გადაედ-გადმოედებოდა. აქ უნდა აღვნიშნოთ დარეჯანის ქიზიყს წასვლა და მიზეზიც ამ წასვლისა. მაშინ მე მოსწავლე გახლდით და სოფლად ვსცხოვრებდი. ერთს დღეს, არ კი მახსოვს რა დღე იყო, დარეჯანმა დილაადრიანად დამაფეთიანა:
– ადე, ბიჭო, ადე, – დამძახოდა თამამად დარეჯანი, – გაგონილა ამ დრომდე ძილი?! სკოლაში იმას თუ გასწავლიანთ, შუადღემდი იძინეთო? ადე, მეჩქარება, საქმე მაქვ! – დარეჯანი ისე დარწმუნებულად და გაბედულად მეუბნებოდა ამ სიტყვებს, თითქოს მოვალე ვიყავი, იმისი საქმე გამეკეთებინა. დიაღაც მოვალე ვიყავ, რადგან დარეჯანს უჭირდა.
– რა გინდა, რა ამბავია, დარეჯანო? – ვკითხე.
– ის ამბავია, შენს თვალთ ენაცვალოს დარეჯანი, შენ ერთი ქაღალდი უნდა გამიკეთო, რა ვიცი, ბილეთს ეძახიან, ბიჭო, თუ მილეთსა, ქიზიყს ვაპირობ წასვლასა.
– ეჰ, რადა ხარ დაუსვენარი, მოუსვენარი დედაკაცი, რა გექიზიყება, იქ რა დაგრჩომია, რაღა დროს შენი აქეთ-იქით სიარულია?
– შენ რაღას ამბობ, ბალღო? – მითხრა დარეჯანმა ხმამაღლა: – მოუსვენარი რას მიქვიან! საქმე მაქვ და მივალ. – დარეჯანმა თანდათან ხმა დაიდაბლა, – ქაღალდში ისე უნდა გამაიყვანო, რო მე ბეჟანის დედიდა ვარ და ქიზიყს დისწულის საძებრად მივალ, – სთქვა დარეჯანმა და თან შუბის ტარი მაგრად დაჰკრა დედამიწაზე.
– რომელ ბეჟანის საძებნელად? ბეჟანს შენი ძებნა რად უნდა?
– იქნება შენ არც კი გაგიგავ ჯერა, ბიჭო?!
– რა? არაფერი გამიგონია…
– ბეჟანი ხო დაიკარგა, შე ჩემთავმამკვდარო, – განაგრძო დარეჯანმა ამოოხვრით, – აღარავინ რა ვიცით იმისა: აღარც შინაურმა, და არც გარეულმა, არც იმის ამხანაგებმა წყემსებმა. ძაღთოდენი ბიძა-ბიძაშვილები ჰყვანან და ერთმა ვერ შაიდვა თავსა და ვერ წავიდა და ვერ გაიგო, სად არი ის კაცი, ცოცხალია თუ მკვდარი? მინდორშიით მოსული ყველა იმას ამბობს: ის დუქანში ქიზიყს მოკლესო, აქით ფული გაეყოლა, ჩამაუდნი, თანა. რაკი ფულს შააგულებდენ, რას დაჰზოგავდენ. უპატრონო, ოხერ-ტიალი ვინმე იქნებაო, იფიქრებდენ… ისე გამაგონეს, იქვე დუქნის ახლო სანაგვეში არი ის ჩამარხულიო, მე უნდა ვნახო ის ადგილები ყველა… სადღა არი, დამარხე დარეჯანი, წინანდელი ერთურთის სიყვარული და დანდობა? ძაღ-ღორი ქვეყანა გახდა: ერთი მეორის სახს გაჰხედავს, გავიგო, კიდევ ამოდისა იმის სახლშიით ბოლი თუ არაო; ერთი ოჯახი მეორის დაბუნდუებასა ნატრობს, რომ აგება იმისი მამულები მე დამრჩესო. იმდენი გეშველოს შენცა, შვილო, და აიმ ჩემს ობოლსაც, – დარეჯანი თავის შვილს გამახარეს “ობოლს” ეძახდა, – რამდენიცა ნატრულობდეს, სხვა გაწყდეს და მე კი გავმრავლდეო, სუყველა მე დამრჩესო… რვა თვეა სრული, რაც ბეჟანისა აღარა ვიცით… აბა, რას შნოზე დაეთრევიან ხატებში და ქორწილებში იმის ბიძაშვილები?! ღთის წყალობა გაქვ და მაქვ, მე კარგა ლამაზა გამოგილანძღე ძოღან თირუზანი. რას ამბობ, ბიჭო, გამძღარი, გალოთებული ციხე-გორობით მოსეეს ჩემთან მოიდა ისი და კიდევ სხვა რაიმ ეტანა, ყუნჭივით დაბალა, წვივსქელა, კისერჩაძვრენილა, თავმამწონარა რაიმა, – გაპოხილა, ძველა ქუდის ჩაჩა ეხურა. ერთის სიმღერით, გნიასით, ცხენხეთქით მოცვივდენ ჩვენს კარზედა. არც კი შაჰრცხვა იმ პირბნელს თირუზანსა, დამიძახა: “მძახალო, აბა არაყან არან გიდგანა, შაგვასმიენ ბატარანი, დაგვალოცვინე, აგრემც დამიტირებო!”
– დაითხიე აქითაო, ვუთხარ, – განაგრძო დარეჯანმა, – თორომა თავ-პირს ჩამოგამტვრევ, შე უგერგილოო, შე ბეჩავოო! აბა, რას შნოზე დასდიხართ მზე-ქვეყანაზე, რატუ არ დაჰკვლევთ თავის თავსაო?.. სად დაჰკარგეთ ი კაცი, რატუ არ მოსძებნითო?! – რა ვქნათ, მძახალო, – მითხრა, – ცუდი დროება ჩამოგვივარდა, ცუდიო! – ცუდი დროა, იმით აღარ უნდა გავიგოთა თავის ცოცხალი და მკვდარი? – სთქვა დარეჯანმა ათრთოლებულის სახითა, – განა კი ვინმე შაშჭამდა მაგ ბეჩავებსა, რო მისულიყვნენ და, სადაც ქვეყანა იძახის, იქ მაეძებნა? რა ვიცი, მკითხავსაც ვაკითხვინე და იმანაც ისე მითხრა, როგორც ქვეყანა ამბობს…
დარეჯანმა მეორე დღესვე ცხენით გასწია ქიზიყს, თავისებურად მორთულმა. იგი, როგორც იყო, ჩავიდა და დადიოდა სოფლით-სოფლად, კითხვა-კითხვით, თითქმის ყველა დუქნები და ნადუქნარები გადასინჯა, “გადაჭყვენა”, მაგრამ თავისის მოგზაურობით იმას გახდა, რომ თუ ფშავში, თავის სოფელში, “დევასა” და “პარახოტას” ეძახდნენ, ქიზიყში “მგელკაცი” დაარქვეს… მნახველები ყველა გააკვირვა დარეჯანმა. ბევრს არც კი სჯეროდა, თუ ის დედაკაცი იყო, “მგელკაცი გაჩნდაო”. ეს ხმა ისე გაძლიერდა, რომ თვით თავისის თვალით დარეჯანის მნახველებიც კი ეჭვში შეიყვანა.

გვერდების არჩევა

4. მეოთხე გვერდი

  • 1. პირველი გვერდი
  • 2. მეორე გვერდი
  • 3. მესამე გვერდი
  • 4. მეოთხე გვერდი
  • 5. მეხუთე გვერდი
გვერდი 4 სულ 5
წინა გვერდი 12345 შემდეგი გვერდი

რედაქტორი გირჩევთ

ამოდის, ნათდება!
პროზა

ამოდის, ნათდება!

ივლისი 25, 2020
აღარც-რას მერცხალს ვუყურებ
პროზა

გველი

ნოემბერი 24, 2019
ანდერძი
პროზა

ხმელი წიფელი

ნოემბერი 24, 2019
არავის არ გემდურებით
პროზა

მთის წყარო

ნოემბერი 24, 2019
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება ერთ სივრცეში
პროზა

მთანი მაღალნი

ნოემბერი 24, 2019
გაზაფხულს ია ამოდის
პროზა

ჩხიკვთა ქორწილი

ნოემბერი 24, 2019

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე