სპეციალისტების ბაასმა სპეციალურ საგანზე, მეც არასპეციალისტს საღერღელი ამიშალა და ლამის სალინგვისტო-საფილოლოგიო ბაასში ჩავერიო. მეტი ღონე არ არის, კარგად მოგეხსენებათ ჩვენს მწერლობაში აღძრული კამათობა იმის გამო, რომ ბ-მა გ. წერეთელმა სახელი „ლაშა“ აწარმოვა რუსული სიტყვა луч-დამ; ამაზე „ივერიამ“ შენიშნა, რომ ეს სიტყვა აფსარული (აფხაზური) სიტყვააო, ამას ჰმოწმობს „ქართლის ცხოვრებაო“ და სხვ. და სხვ.
ჩემის ფიქრით ამ მოსაზრებათა შორის არც ერთია მართალი და არც მეორე. დამყარება ფილოლოგიურის კვლევისა „ქართლის ცხოვრებაზე” და სხვა ამგვარს ისტორიულს „დოკუმენტებზე“, იმას ეგვანება, გარჩევას კი ბევრია ღვთისა წინაშე, რომ ამ ორასის წლის შემდეგ გამოჩნდეს ვინმე მკვლევარი დ დაიჟინოს: ამადა ამ დროს გ. წერეთელი ამას სწერს, ან plebs, ან თუნდა ვაჟა-ფშაველა; მოეწონოს ერთი ჩვენგანის შეხედულება და დაიჟინოს: სწორედ სიტყვა „ლაშა“ იმას ჰნიშნავს, რასაც ეს მწერალი ამბობსო. ნუთუ სასაცილო არ იქნება მისი მსჯელობა ? ნუთუ ამასვე არა ჰგავს სხვადასხვა „დოკუმენტეზე“ დამყარება ?
ჩვენ რომ ისტორიულ ფაქტთანა გვქონდეს საქმე, ის სრულიად სხვა იყო: ფაქტი ფაქტად უნდა მივიღოთ, თუმც ისიც ბევრს შემთხვევაში ფრთხილად, შეგნებით. მაშინ კი, როცა თეორიული სჯაა საჭირო, უნდა ვიხელმძღვანელოთ მეცნიერულის მეთოდით, საღის მოსაზრებით, იმ მასალის გარკვევა-გაჩხრეკით, რაც ხელში გვექნება და რაც უსათუოდ საჭიროა ნამდვილის გამოსარკვევად.
წიგნზე დამყარებამ ერთხელ მეც მომაცდინა: ვახუშტის გეოგრაფიაში მოხსენიებულია, რომ ლაშარობას, ფშაველების ერს უმთავრესს ხატობას (ჯვარობა), დაუდო საფუძველი ლაშა-გიორგიმ, რომელმაც ეკლესიას შესწირა ძვირფასი ჯვარი და შემდეგ ამაზე დღეობას დაერქვა „ლაშარის ჯვარი“, გახდა იგი სალოცავად მთელის ფშავისაო და სხვ. მე არც ვაციე, არც ვაცხელე, ეს ცნობა ავიღე და ერთს ჩემს ეთნოგრაფიულს წერილში მოვიხსენიე. ამაზე „ივერია“-ში ბ-ნმა ურბნელმა საფუძვლიანად შეჰნიშნა, რომ ეგ „ლაშარის ჯვარი“ არის ლაშქრის ჯვარი, რომელიც სალოცავად უნდა ჰყოლოდა ფშაველებს ძველდაგანვე, მინამ ლაშა გიორგი დაიბადებოდაო, – როგორც მოლაშქრე ხალხს, – ღმერთი ომისა, და ლაშა გიორგის ჯვარს აქ არავითარი ადგილი არა აქვსო და სხვადასხვა.
ნამდვილია: მეც ესევე უნდა მოგახსენოთ, რომ „ქართლის ცხოვრების“ განმარტევას, ლაშა აფსარული (აფხაზური) სიტყვააო და ჰნიშნავს მანათობელსაო, არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. აფხაზურ ენასთან რად უნდა გავრბოდეთ, როცა ფესვი „ლაშ“ თვით ქართულ ენაში მოიპოვება. ავიღოთ თუნდ სიტყვა ლაშქარი, – ქართული გვარი ლაშაური. ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ ფშაველები, რომელთაც ვერა ფილოლოგი ვერ გამოსწირავს ქართველ ერსა, საუბარში ხმარობენ ლაშს, როგორც პირს (ბაგეს, ყბებს). მე, თქვენს უმორჩილეს მონას, ეს სიტყვა დღეში ორმოცჯერ მაინც მესმის. ვსთქვათ, დედამ უნდა უთხრას შვილს პური ჭამე, ნუ ჰყბედობო: „ბალღო, მანდ ლაშს ნუ იწრეხ-იგრეხ, ე პური გველე!“ (ჭამე). ქალს არ მოსწონს ვაჟი, ამბობს: „ვაჰმე, რა გონჯ რაიმა რი, მაგის ლაშნი რასა ჰგავ კი, რასა!“ „ბევრ ნუ ლაპარაკობო: დააყენენ ე ლაშნი!“ მკითხველი შეატყობს, რომ ფშაველები ამ სიტყვას, თუ ცალკე უნდათ ხმარება, მრავლობით რიცხვში ხმარობენ და რთულ სიტყვებში კი მხოლობითში (ლაშაური, ლაშქარი და სხვა). არის ფშაური მამაკაცის სახელი ლაშქარა. საზოგადოდ ხომ საკუთარს სახელებს აღმწერლობით მნიშვნელობა აქვთ.
თქვენის ფიქრით, თავდაპირველად რას ნიშნავდა ეს სახელწოდება? ვითომ მოლაშქრეს? არა. ეს სახელი ორი სიტყვიდამ არის შემდგარი და, მასაშადამე, ორი ფესვიდამ: ლაშ და ქარ, აქვს დაბოლოვება „ა“. ჩემის ფიქრით, ფილოლოგებისა კი რა მოგახსენოთ, ეს სახელწოდება იქონებოდა თავდაპირველად გამომხატველი პირქარიანობისა, ყბედობისა.
ბავშვი მინამ მოლაშქრეობას შესძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა. ეს უკანასკნელი მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე, რათა მეჩვენევბინა მკითხველისათვის მნიშვნელობა სიტყვისა „ლაში“- რომ იგი სიტყვა მართლა პირს ჰნიშნავს, ანუ ბაგეს. თითონ სიტყვა ლაშქარი წარმოსდგება იმავე ლაშქრიანობიდამ, ანუ პირქარიანობდიამ. ჯარი საომად მუდამ მღერით გაემართებოდა: პირსა ჰქარავდა, ჟღავჟღუვობდა. ეს იყო ჩემი სათქმელი. დანარჩენი სპეციალისტებისათვის მიმიდვია; იმათ ივარაუდონ, ლაშა რუსულია, აფსარული თუ ნამდვილი ქართული. ჰნიშნავს, – სახიერს, უსახურს, ყბედს თუ რას.
1893 წელი
გამოხმაურება