ცნობილია, რომ ვაჟამ, მთის შვილმა და მითური სამყაროს შესანიშნავმა მცოდნემ, თავის მხატვრულ ნააზრევში უძველესი მითური წარმოდგენების ინტერპრეტაციის თვალსაჩინო ნიმუშები დაგვიტოვა. სახელდობრ, გველეშაპი თავიანთ პირველქმნილი მითური სახით მრავალგზის ასახა ეპიკურ პოეზიაში (კიკნაძე 1989: 148; ჩხენკელი 1989: 3-194; ქურდოვანიძე 1991: 32-52). თავისა და მთიელი კაცისათვის ძალზე ახლობელ სამყაროზე საუბარს იგი ვერც მოთხრობებში ასცდა და შექმნა რამდენიმე შესანიშნავი ნაწარმოები, მათ შორის, „ნაპრალნი“.
საყურადღებოა, რომ ვაჟას დროინდელი საქართველო და მისი დახატული ფშაური სოფელი ორრწმენიანობის სინამდვილეში ცხოვრობდა. ეს იმით იყო გაპირობებული, რომ პოეტის მოღვაწეობის ხანაში მთა რეალურად გარდასული, გადმონაშთის სახით შემორჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი წარმართული წარმოდგენებისა და ოფიციალურად მოქმედი ქრისტიანული რწმენის თანაარსებობის არეალს წარმოადგენდა (ესიტაშვილი 1985: 56).
„ნაპრალნი“ (ვაჟა-ფშაველა, VI, 1964: 60) 1902 წელს, საქართველოსათვის მძიმე სოციალ-პოლიტიკური ყოფის პერიოდშია დაწერილი. იგი იგავად გაუაზრებია ვაჟას. პოეტი კეთილთან ბოროტის ბრძოლის ალეგორიულ სურათს ხატავს, სურს უდანაშაულოს მიმართ დამპყრობელთა შეუბრალებლობა გვიჩვენოს. ვაჟა წარმოგვიდგენს სიტუაციას, როცა ძლიერს სუსტის დასამონებლად არავითარი მიზეზი არ სჭირდება.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში მდინარე საზოგადოდ ორი ფუნქციით შემოდის: სიკეთეა, როცა ადამიანთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემსახურება, მაგრამ ამავე დროს, როგორც სტიქიამ, ბოროტებაც შეუძლია ჩაიდინოს. „ნაპრალნში“ მთის დაუმონავ მდინარეს დაურღვევია კლდის მთლიანობა და შუაზე გაუხლეჩია იგი, ორ ნაპრალად უქცევია ოდესღაც ერთიანი მთა. სიმბოლურად აქ ქვეყნის გახლეჩას გულისხმობს მწერალი, რომელმაც იცის, რომ დანაწევრების შემდეგ ბევრად უადვილდება დამპყრობელს მიზნისკენ სვლა. მოთხრობაში ხაზგასმულია, რომ მთათა ჰარმონიული კავშირის დარღვევით მდინარეს შიში გაუმეფებია განცალკევებულ ნაპრალთა გულში – ძირს გამოგვითხრის და დაგვამხობსო, თუმცა ნაპრალთა შორის ქარად შემოვარდნილი იდუმალი ხმა ნუგეშს არ აკლებს კლდეებს: „ნუ გეშინიანთ, ნუ, მაგრად, შეუპოვრად იყავით, ვერაფერს დაგაკლებსთ თქვენ მდინარე!“
კეთილისა და ბოროტის ბრძოლის პირველ ეტაპს მეორე მოჰყვა: ერთ ნაპრალს ეწვია „დიდი, როგორც შავი ნისლი, ვეშაპი, დაადგა თავს და შუაგულზე დაუწყო ნგრევა, ბუნაგს იკეთებდა“.
ვეშაპი (შემთხვევითი არ არის დამპყრობლის „ვეშაპად“ წარმოსახვა) მოძალადეობს, მაგრამ მწერალი მასში აღარ მოიაზრებს უძველეს მითურ არსებას, წყლის სტიქიასთან დაკავშირებულ გველეშაპს, მრავალთავიანსა და ცეცხლისმფრქვეველ ბასრკბილებიან ურჩხულს. იგი ჩვეულებრივი, გაყოფიერებული, შორეული მითური სინამდვილიდან რეალურ ყოფაში გადმოსროლილი დამპყრობელია. მართალია ფიზიკურად ისევ მასიურია, მაგრამ სინამდვილეში მშიშარაა. მან თავად კი არ დაიპყრო ეს ტერიტორია, არამედ უკვე დაქცეულს შეეფარა, ძალაგამოცლილ, ბრძოლის უუნარო გარემოში მივიდა და თავი ძლევამოსილად მოაჩვენა ყველას, რადგან ბუნაგის მოსაწყობად ნაპრალის შუაგულს მიადგა, სწორედ იქიდან დაიწყო ნგრევა.
ვაჟა-ფშაველა თითქოს ითვალისწინებს ქართულ-კავკასიურ სინამდვილეს, როცა წერს: სადაც ვეშაპმა ფეხი დაადგა, ყველგან „გლოვისა და ტირილის ხმა“ შემოესმა. ნაპრალში ფეხი მოიკიდა თუ არა, ვეშაპი მაშინვე საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას შეუდგა: ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობდა „გაუმაძღარი ფაშვის ამოსაყორავად“, აავსო იქაურობა ძვლებით, ბუმბულით, ნადირთა ბალნითა და ბიტირით და საზიზღარი სუნი დააყენა. პარალელურად მწერალი იმაზეც გვიყვება, რომ ვეშაპის დაპყრობილ ნაპრალს წინააღმდეგობის გაწევა კი არა, თავის მდგომარეობაზე მხოლოდ წუხილი შეუძლია: „ძმაო, ნუთუ ვერაფერს მიშველი, ეს რა ღვთის რისხვაა ჩემს თავს?!“ მოსახლეობის მეორე ნაწილს – მხოლოდ სიტყვით თანაგრძნობის უნარი შერჩენია, დაპირისპირებასა და ბრძოლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოძალადეს კი მათი ჩივილის მოსმენაც აღიზიანებს და იმუქრება: „ხმა ჩაიწყვიტეთ… ხომ არ გინდათ… სულ დაგანგრიოთ და ნაცარმტვრად გაქციოთ?!“
თავისი ძლევამოსილების ხსოვნაშერჩენილი ვეშაპი რაკი მამაკაცად მოიაზრებოდა, მას სრული ბედნიერებისთვის მეწყვილე სჭირდებოდა და მწერალმა შუაზე გახლეჩილი კლდის მეორე ნაპრალს ალი დააპატრონა. ვაჟა მას წარმოადგენს ლამაზ, გიჟმაჟ, ქარაფშუტა და უდარდელ ქალად. ალი კისკისებდა, როცა ხედავდა, ვეშაპი როგორ წიწკნიდა და ჯიჯგნიდა ნანადირევს. იგი ადამიანებს ნაპრალის მღვიმეში ემალებოდა, მაგრამ ზოგჯერ, როცა იმედი ჰქონდა, ვერ დაინახავდნენ, დაჯდებოდა ნაპრალზე და ვეშაპს უამბობდა თავის ოინებზე, ლაპარაკობდა „სხაპასხუპით, ხელების, ფეხების და სახის თამაშით, მოუღალავად. წყალთა ნაკადულივით მოსდიოდა პირიდგან სიტყვა-სიტყვაზე“.
ვაჟა-ფშაველა ითვალისწინებს ხალხში გავრცელებულ წარმოდგენას, რომ ალები ახალგაზრდა ვაჟებს ეტანებიან. ამიტომ მოთხრობაში აწინაურებს ტრფობის მოტივს. კერძოდ, ვეშაპს ოჩოკოჩის ფუნქციით წარმოადგენს, ხოლო ალს — ტყაშმაფასი. მეგრული თქმულების კვალობაზე აგებს პოეტი ვეშაპისა და ალის ურთიერთობას. მახინჯი ვაც-კაცა ცდილობს დაიპყროს მშვენიერი ტყაშმაფა, მაგრამ უშედეგოდ. ტყაშმაფას უარი მოტივირებულია: თუ ოჩოკოჩი ინტიმურ კავშირს დაამყარებდა მასთან, ტყაშმაფა მოკვდებოდა (მეგრული 1994: 259) ვაჟა იმასაც ითვალისწინებს, რომ ალი, თავის წინაპრის მსგავსად, სასიყვარულო ქსელს თავად ხლართავს. ალი ვეშაპს, მართალია, „ბიძიას“ უწოდებს, სიბერის გამო არ მოსწონს, მაგრამ, როგორც გვერდზე მყოფს, შორიდან ეკეკლუცება, ცდილობს თავი შეაყვაროს, უიმედო სიყვარულით დატანჯოს. ალმა საწადელს მიაღწია კიდეც. იგი კისკისებდა, როცა ვეშაპი კვნესით ეუბნებოდა: „მე გულში ცეცხლი ამინთე, დაუქრობელიო“. ვეშაპთან არშიყობა და მისი გაგიჟება ალის საქმიანობისა და ბოროტი ბუნების ერთი გამოვლინებაა. სხვა დროს ალი წყაროსთან ზის, თმას ივარცხნის, სალამურს უკრავს და ტკბილ ხმაზე მღერის მწყემსთა მოსაზიდად. „პატარა გოგო-ბიჭები შემოესეოდნენ გარს, იგი უცინოდა, სათითაოდ გულში იკრავდა და აღრჩობდა. შემდეგ კი მოჰყვებოდა კისკისს“. ვაჟა ამ ეპიზოდში ალის მკითხველისთვის მოულოდნელ სურვილს ამხელს: „გაუწყდით თქვენს მშობლებს, რატომ ჩემები არ ხართ? ვინ მისცა თქვენი თავი თქვენს პატრონს?! რატომ მე არა მყავს შვილები? ჩემი სისხლისა, მცოდნე ჩემის ენისა, ზნე-ჩვეულებისა რატომ არა ხართ?!“ ეს, ასე ვთქვათ, დროებითი სისუსტეა ალის მეორე ბუნებისა. წარმმართველი კი სიბოროტის სამსახურია. მაქცია ალი ზოგჯერ ჯიხვად ეჩვენებოდა მონადირეს. ის თოფს ესვროდა ნადირს და როცა გახარებული რქაში ჩასჭიდებდა ხელს, ალი, უკვე თავისი სახით, ყელში ეცემოდა და ახრჩობდა“.
მწერალს ვეშაპისა და ალის ავკაცობა საზოგადო უბედურების რანგში აჰყავს: თავის უბედურებაზე ჩივიან ნაპრალნი და გახმობის მოლოდინით გულდამძიმებული მუხები.
მოძალადეთა პარპაში „საზარელი ტანისა და საზარელი ხმის ფრინველმა შეაჩერა. იგი „დაჰყეფდა გულმრისხანედ, თითქოს იმუქრებოდა“ და აშინებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. ნაპრალებმა და მუხებმა ჯერ არ იციან, რომ ღმერთს მისწვდა მათი წუხილი და მან განსაცდელში არ დატოვა საბრალონი, თავისი ფრინველი გამოგზავნა მათ საშველად.
ფრინველთა მეფის პირველი მსხვერპლი ალი გახდა. ერთხელ, როცა ალი ჩვეულებისამებრ სიცილ-კისკისით აყრუებდა არემარეს „საზარელი ჭექა გაისმა ცაში და ფრინველი მხრებმოკუმშული დაეცა მას თავზე“, გაიტაცა ალი და გააქრო.
შეძრწუნდა ვეშაპი, დღისით გარეთ გამოსვლისა ეშინოდა, – გვაუწყებს ვაჟა. მწერალი მოთხრობის ამ მონაკვეთიდან ხსნის გარეგნულად საშიში, მაგრამ სინამდვილეში უმწეო ვეშაპის ნამდვილ სახეს. იმაზე, რომ ვეშაპი არ იყო ის, ვისადაც თავს ასაღებდა, ვაჟამ ადრე მიგვანიშნა, როცა შენიშნა: ვეშაპი „გადალახლახდებოდა“ [ალის] ბუნაგშიო. ეს საგანგებოდ შერჩეული სიტყვა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოთხრობის გმირი მითური წინაპრის მსგავსად კი არ დაფრინავს, არამედ ლახლახით დადის. არწივმა ალი რომ მოიტაცა, “ვეშაპი თავისთვის მოიკუნჭა, უნდოდა მიჰშველებოდა თავის სატრფოს, მაგრამ სად შეეძლო ჰაერში ფრენა?! პირიდან დორბლებს, ცოფსა ჰყრიდა, ხვნეშოდა, კვნესოდა და უგემურად ილანძღებოდა“.
დემითოლოგიზებული ვეშაპის ჭეშმარიტი რაობა უფრო ნათლად ჩანს არწივის ვეშაპის ბუნაგზე დაცემის აღწერისას: არწივს ვეშაპი “სიკვდილის პირზე მიეყვანა. ვეშაპი, სისხლში მოსვრილი, ბოლოს აწყვეტდა უკვე თავს. მაღლა ფრინველებს შეწყალებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ: იგი, დაატყო რა, რომ დაჰრია ხელი, უფრო მედგრად სცემდა ნისკარტს და ბჯღალებს და აგერ ვეშაპი, როგორც დიდი უზარმაზარი ძელი, დაგორდა და ჩაიჩეხა ხევში“.
რაკი ნაპრალებს და მუხებს, სიმბოლურად ადამიანებს, თავისი თავის შველა არ შეუძლიათ, შემწეობა უფალმა უნდა გაწიოს: არწივი ღმერთმა ბოროტების დასათრგუნად მოავლენა და მანაც აღასრულა თავისი ვალი.
მადლიერი ნაპრალნი და მუხები უფალს ადიდებდნენ. მათ უერთდებოდნენ ლოდები, დეკანი, ჯოყრები, ბალახი. „უძლეველი მხოლოდ ღმერთია!“ – ამბობდნენ ცაზე მოსრიალე ორბები.
მწერალი ამკვიდრებს ღმრთის უძლეველობისა და სამართლიანობის იდეას და სურს დაგვარწმუნოს, რომ დრო თავისი წინ სვლით სიკეთეს ემსახურება, ადამიანებს თავისუფლების შეგრძნება ენერგიით ავსებს.
ფინალში ვაჟა ბუნებისა და ადამიანთა საერთო სიხარულის გამომხატველ სურათს ხატავს, რათა იმედი ჩაგვისახოს, რომ ყველას ეშველება ისე, როგორც გათავისუფლდნენ ნაპრალნი და მუხები: ნაპრალებთან ხალხმა მოიყარა თავი, „დიდინი და მცირენი, ქალი თუ კაცი, დიდი და პატარა, მთელი ნაპრალთა მიდამო ხალხით აივსო. ეს ადგილი ხალხმა წმინდა ადგილად დასახა. ყველას მოჰქონდა სხვადასხვა ყვავილები, მცენარეულობა და იმათ ძირებზე ჰრგავდნენ“.
მოთხრობილი ამბის იგავურ-ალეგორიული გააზრებით ვაჟა-ფშაველა ცარისტული რეჟიმის პირობებში ტკივილიან მამხილებელ სათქმელს ნიღბავს. მწერლის მიერ ნაპრალთა და მუხების მხსნელად ღმერთის ფრინველის — არწივის — შემოყვანა სიმბოლურად ალბათ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ დროისათვის საბოლოოდ დათრგუნულ ქართველებს „დიდი ვეშაპისაგან“ თავდახსნისთვის ბრძოლის უნარი და ძალა არ გააჩნიათ, რომ თავისუფლებაზე ამ ხანად მხოლოდ ოცნება შეიძლება და გათავისუფლებას ზეციურ ძალთა ნება და შემწეობა სჭირდება.
ალისა და ვეშაპის მოსპობამ სიხარულით აავსო ხალხი და გარეთ გამოიყვანა, რაც იმაზე მინიშნებაა, რომ ადამიანები ამ დღეს ელოდნენ, ამ დღეზე ოცნებობდნენ.
თეიმურაზ ქურდოვანიძე
გამოხმაურება