ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
ვაჟა-ფშაველა
პროექტის შესახებ
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი
ვაჟა-ფშაველა
ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა

ორი ქალის სახე ვაჟა-ფშაველას პოემებიდან

საკითხავი დრო: 9 წუთი
Share on FacebookShare on TelegramShare on WhatsappShare via Email

დიდი ჰუმანისტია ვაჟა-ფშაველა. ადამიანი გამორჩეულ ადგილზე დგას მის შემოქმედებაში: იგი ამაღლებულია, საკუთარი სიცოცხლის აზრზე ჩაფიქრებული. მტკიცე, თავისთავადი ხასიათი, პიროვნული მთლიანობა, მაღალ ზნეობრიობაზე დამყარებული ადამიანის სულიერი თავისუფლება – აი, ყველა ამ თვისების მატარებელნი არიან ვაჟას გმირები. მწერალს ისეთი ადამიანები აინტერესებს, გარე სამყაროსადმი რაღაცა მიმართების დამყარება რომ შეუძლიათ და პიროვნებებად არიან ჩამოყალიბებულნი. ამიტომ განსაკუთრებულია ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულება თავისი გმირებისადმი: მისთვის მთავარია ადამიანის რთული სულიერი სამყაროს, ადამიანურობის ჩვენება, რაშიც გადამწყვეტ როლს არც მატერიალური შესაძლებლობები, წმინდა ეკონომიური პირობები თამაშობს, რადგან ვაჟას გმირები „ეკონომიურ გაჭირვებაზე მაღლდებიან, მას არ განიცდიან და ამით საკუთარ სულიერ ღირსებათა სიდიადეს კიდევ უფრო თვალნათლივ ამჟღავნებენ“ (გრ. კიკნაძე, ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, 1978 წ. გვ. 149) და არც გარეგნობა, მაინცდამაინც, რომლის აღწერითაც ნაკლებად გვზღუდავს ვაჟა-ფშაველა, რითაც გასაქანს აძლევს მკითხველის ფანტაზიას: ვაჟას აქვს განსაკუთრებული ნიჭი გარეგნული სამოსლის დაუხმარებლად სრულყოფილად გამოხატოს გმირის ბუნება. ამით გამოირჩევა ვაჟა ქართული ლიტერატურის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლებისაგან, რომლებიც იყვნენ ილია და აკაკი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში გვხვდება, რაღა თქმა უნდა, ადამიანთა (და თუნდაც ცხოველთა) გარეგნობის მშვენიერი აღწერაც, მაგრამ მწერლისთვის მაინც უფრო დამახასიათებელია გმირის სულიერ თავისებურებათა გადმოცემით მინიშნება მის გარეგნობაზე. ეს არის დიდი ხელოვნება, რომლის აღქმისას მკითხველიც პოეტად იქცევა, ხელოვნება, რომელიც ერთგვარად აერთიანებს მწერალს და მკითხველს.

ვაჟას პოეტური სამყარო მამაცური, ძლიერი ბუნების გამჟღავნებაცაა და ამავე დროს არაჩვეულებრივ სინაზესაც გულისხმობს. რაც შეეხება ქალს, არ შეიძლება არ იგრძნო და არ გაგაკვირვოს მწერლის წმინდა, ფაქიზმა დამოკიდებულებამ, მოწიწებამ და თაყვანისცემამ მისდამი: პოეტური გვირგვინი ადგას ქალს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

წმინდად ვაჟასეული სტრიქონებია: „ველზე ბზინავენ ყვავილნი, თამარ დედოფლის თვალები“ ან „მთის კალთებს ჰშვენის ცხვარ-ძროხა, როგორც ლამაზ ქალს ხალები“.

უფაქიზესი პოეზიის ნიმუშია:

„სულ თავში გოგოც ვინმე ზის
ტურფა, ლამაზი რამაო,
ჭკვიდან არია სტუმარი
იმის ნისლივით თმამო.

წამოდგა ქალი ფეხზედა, –
თითქოს იელვა ცამაო, –
ჰაერში გაიკრიალა
მისმა ზარივით ხმამაო“

ზოგან თითქმის ბუნების ნაწილადაა ქალი ქცეული. აქედან უკვე გამომდინარეობს ესთეტიკური მიდგომა: ვაჟა ბუნების ხატშიც ქალსა და ქალის სილამაზეს ხედავს:

„გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა“.

სამყაროს სიყვარულს ატევს ქალში ვაჟა-ფშაველა. მარადიული მშვენიერების სიმბოლოდაა ქცეული ქალი მწერლის წარმოსახვაში, მაგრამ, ამავე დროს, ფიზიკურად სასურველი არსებაცაა და არა უსხეულო მოჩვენება. ციურისა და მიწიერის, იდეალურისა და რეალურის განსაცვიფრებელ შერწყმას აღწევს ვაჟა და ყოველთვის რჩება განუმეორებლად ხალას და ზნეობრივად დახვეწილ პოეტად:

„რამ გაგაჩინა, ქალაუ,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო
შენ რო ვარდი გქონ მკერდშია“.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ქალთა წყებაში გამორჩეულ ადგილზეა აღაზა, პოემიდან „სტუმარ-მასპინძელი“. მართლაც, განსაკუთრებულია ეს ქალი თავისი სულიერი სიმაღლითა და განუმეორებელი, ვაჟასეული ინდივიდუალობით.

გამოჩნდება ეს მშვენიერი ქისტი დიაცი და ვეხვევით მისი მომხიბვლელი სილამაზის რკალში:

„გამოჩნდა ქალი ლამაზი
შავი ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალვა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი“.

ულამაზესი ქალია აღაზა (თვალები „მზებრ მოკაშკაშე“, „არჩვი ყელგადაგდებული“, „თმახშირი, მთვარე პირადა“). ნაწილობრივ გასაგები ხდება, თუ რატომ „ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია“. თუმცა ჯოყოლა ის კაცი არ არის მარტო ცოლის პირმშვენიერებით რომ მოიწონოს თავი. ვხვდებით, რომ ქალს გააჩნია სხვა ღირსებებიც, რომელნიც მალე გამოჩნდება პოემაში.

თემი ფეხქვეშ თელავს სტუმარმასპინძლობის საუკუნო წესს: ქისტები, წესისამებრ, თავიანთი ერთ-ერთი მიცვალებულის საფლავზე შესაწირავად აკლავენ ხევსურ ზვიადაურს, ჯოყოლას და აღაზას სტუმარს. აღაზას სტუმრისადმი უჩნდება უცნაური გრძნობა, რომელიც მისივე პიროვნული სიმაღლის უტყუარი დასტურია.

აღაზასეული განცდათა კომპლექსი უთუოდ მოიცავს თანაგრძნობას, მაგრამ მარტო ამაზეც არ დაიყვანება. შეიძლება მოიცავდეს აღტაცებასაც, გაკვირვებასაც (თუმცა ძნელი დასაჯერებელია ჯოყოლას ცოლს ვისიმე ვაჟკაცობა გაჰკვირვებოდა) და სიბრალულსაც, მაგრამ არ უდრის არც ერთ მათგანს.

„ნუ ჰკლავთ!“ – ეძახის გულიო
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო“

„აღაზა დაღუპული ზვიადაურის ვაჟკაცობას დასტირის, როგორც ღვიძლი ძმისას“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961 წ, გვ.125) – რაღაც სულ სხვაა აღაზას გრძნობაში. „ჯოყოლას ცოლი ზვიადაურს დაინახავს თუ არა, მისი ეშხით ენთება“ (კ. აბაშიძე, ეტიუდები, 1970 წ. გვ.474) – ზვიადაურის დანახვისთანავე აღაზას „ეშხით ანთება“, ალბათ, ფანტაზიის ნაყოფია, ამ გრძნობის სიყვარულად გამოცხადება კი შეიძლება მისი გამარტივება იყოს იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში სულიერი სიღრმის უფაქიზესსა და ურთულეს ფენებთან გვაქვს საქმე. „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში უმნიშვნელო ადგილი აქვს დათმობილი სასიყვარულო და ეროტიულ ურთიერთობებზე მიმთითებელ ეპიზოდებს. ვაჟას პოემათა დიდი უმრავლესობა სრულიად თავისუფალია ასეთი მოტივებისაგან … ფაქტებზე დიდი ძალდატანების შედეგი იყო, როდესაც ზოგიერთმა კრიტიკოსმა ზვიადაურისადმი აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო ნიუანსი დაინახა (გრ. კიკნაძე, ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები 1978 წ. გვ. 162-163).

სირთულესთან ერთად საოცრად ძლიერია აღაზას განცდა: მან დაარღვია მაჰმადიანური ზნეობის კანონი, (რაც უდაოდ მიუთითებს მის პიროვნულ სიძლიერეზე), დაიტარა მოსისხლე მტერი:

„მკვდარსა მუხლმოყრით დაეყრდნო
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ზვიადაურსა … ააჭრა … სამი ბალანი პირითა,

ჩიქილის ტოტში შეხვია
ბროლი თითებით თლილითა“.

აღაზას არ აქვს განზრახული დაუპირისპირდეს თემს, ბოლომდე არც ის ცვლილებები აქვს გაცნობიერებული მის არსებაში რომ ხდება. ამ გაუცნობიერებლობის შედეგია რომ წინააღმდეგობებითაა სავსე, რადგან დაირღვა მისი სისავსე.

„სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა“.

ამ განსაცვიფრებელ სახეში სიმბოლურადაა მინიშნებული თუ რა ქაოსია აღაზას სულში. ქაოსია გარეთაც, შინაგანი გონების ხმა გარეთ არის გამოტანილი სხვადასხვა არსებათა ხმებად: ყველაფერი ბობოქრობს თითქოს გარშემო, „საფლავებიდან მოისმის მკვდრების წყრომა და ჩივილი! ბალღებიც თითქოს ატირდნენ“, ისმის საერთო წყრომის ხმა – ადამიანთა, მთების, ღრუბლების, ბალახის … აღაზა გაურბის ამ ხმებს, გაურბის საკუთარ თავს. ყოველივე ამის მიზეზი კი აღაზას განცდის სიძლიერეა: „ამ გზით დაგვიხატა ვაჟამ აღაზას უდიდესი გრძნობა, რომელმაც აიძულა იგი დაერღვია ზნეობრივი ნორმა, რომელიც კანონი იყო მისთვის. სამყაროს ჰარმონიაც ამიტომ დაირღვა“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საუბილეო კრებული, 1974 წ. გვ. 244). მიუხედავად ბალახთა და ქვიშათა გამაყრუებელი ძახილისა, მიუხედავად მისი მკვდარი ძმის ემბარის მაყვედრებელი კივილისა („ვახ, დაო, დაო, რა მიყავ?… მეორეს საფლავში ჩამდევ ერთ სამარეში მდებარი“) აღაზას „გული თავისას შვრებოდა, კაცის კაცურად სიკვდილი გულიდან არა ჰქრებოდა“. აღაზას ენა ერთმევა, „ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა“, სული ეხუთება: „შუბლსა და მკერდზე წყალს ისხამს, დროდადრო გული მისდისა“, მაგრამ მაინც ტირის ზვიადაურს, ძაღლების საჯიჯგნად არ ხდის მის გვამს. აი, რა სიძლიერისაა აღაზას გრძნობა, რომლითაც იმდენადაა გამსჭვალული მთელი მისი არსება, რომ ჯოყოლაც, არა ნაკლებ გასაჭირში ჩავარდნილი, ავიწყდება („იმას აღარა ჰფიქრობდა ჯოყოლა როგორ არიო“). ეს პატარა არგუმენტი არ არის. აღაზას უყვარს ქმარი. ეს სიყვარული და მოწიწება („ქალი მისდევდა უკანა, ჯოყოლა მიდის წინაო“), ცხადია, ბრმა და უნიადაგო არ იქნება, რადგან არც შეუპოვრობითა და არც სიმტკიცით ჯოყოლა ზვიადაურს არ ჩამოუვარდება (მარტო მისი ვაჟკაცური სიკვდილის გახსენებაც კმარა, თემისგან შერისხული თემისვე, ერთგულების დასამტკიცებლად მტერს მარტო რომ შეაკლავს თავს). არ შეიძლება ისეთი ნატიფი ბუნების ქალს, როგორიც აღაზაა არ ეგრძნო და დაეფასებინა ქმრის პიროვნების დიდბუნებოვნება („ეფერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“). ალბათ, ესეც არის იმის დასტური, რომ აღაზას ზვიადაური არ შეჰყვარებია, თუმცა ქმრის სიყვარული არ გამორიცხავ სხვა მამაკაცის მოწონების შესაძლებლობას. აღაზას გრძნობა კი მოწონებაზე ბევრად მეტია. ყოველ ადამიანს აქვს რაღაც ხელშეუხები, წმინდა წარმოსახვა, რომლის რეალობაში ხორცშესხმა ძალიან იშვიათი შემთხვევაა. აღაზას გრძნობათა კომპლექსიც ამ იშვიათობის ერთ-ერთი გამოვლენაა. მთიელი ქალის წარმოსახვაშიც არსებობდა, ალბათ, მაღალი იდეალი კეთილშობილისა, მამაცურისა და რაინდულისა. სასიკვდილოდ განწირულ ზვიადაურში მან სწორედ ეს იდეალი დაინახა. ეს არის წუთიერად დაბადებული განცდა იმ არაჩვეულებრივად რთულ და დრამატულ სიტუაციაში, რომლის მსგავსიც ძალიან იშვიათად გვხვდება ცხოვრებაში. აქ პარალელის სახით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიტუაციები დამახასიათებელია დიდი რუსი მწერლის თ. დოსტოევსკისთვის:

„Достоевский познает людей при исключительных обстоятельствах, при крайних испытаниях. Именно это и дает ему возможность заглянуть в такие уголки человеческой жизни и души, куда заглядывать при обичных условиях невозможно“ (Н. М. Чирков, О стиле Достоевского, გვ. 17). უფრო ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის საგანია, ალბათ და ძნელია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ზვიადაური რომ არ მოეკლათ, შესაძლოა, არც აღაზას გრძნობას ჰქონოდა ეს განსაცვიფრებელი სიღრმე.

მშვოთვარე ჯოყოლა სასაფლაოდან დაბრუნებული, თითქმის გონდაკარგული ცოლისაგან პასუხს ელოდება („ხომ არვინ მოიწადინა გადაეგორე მკლავებზეო?“). აღაზა ეჭვს უბათილებს, რითაც „ღირსებით სავსე ქალის სიამაყეს ამხელს“ (თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971წ. გვ. 307) („ვინ გამიბედავს მაგასა, რად მინდა ლეჩაქ-კაბანი?“) და მიზესსაც ეუბნება: შენი ცხენის საძებრად წასული დევს გადავეყარეო:

„დამიხვდა შავ-ნაბდიანი,
უზარმაზარი ტანისა:
ქერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა“
. . . . . . . . . . . . . . . .
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა
თან მითხრა: ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე ქალაო,“
. . . . . . . . . . . . . . . . .
მეც გამოვიქეც, შევშინდი
დევიც მომდევდა ღრიალით“.

რატომ ამბობს ქალი ამისთანა მტკნარ ტყუილს? აღაზაში საბოლოოდ და მთლიანად ბატონობს მისი ზნეობრივი „მე“ და ვერ უპატიებია თავისთვის, რომ ღვთის, თემისა და ქმრისადმი დამოკიდებულების რაღაცა ზღვარი დაარღვია („იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო“).

ჯოყოლა ალღოთი ხვდება ცოლის „ხმის ნაზი თრთოლის „ მიზეზს და როცა ეუბნება „…დევს გარდა, სხვა რამ საქმეა კიდევა … ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი თორემ ვერ მომითმენია“-ო, აღაზაც არ უმალავს: „ცრემლები შემიწირია, იმ შენი მეგობრისადა. ძლიერ შემბრალდა ბეჩავი, რომ უცხოეთში კვდებოდა“ – ამ გულახდილობით კიდევ მაღლდება იგი მკითხველის თვალში და ეს სიტყვებიც მისი ქალური სინდისის გვირგვინია.

ბოლომდე თუ მაინც არ იხსნება აღაზა ქმართან და მოვალეობას და სიბრალულს არქმევს თავის განცდას, ალბათ იმის ბრალია, რომ არის გრძნობათა კომპლექსები, რომელთა სიღრმის გამოსახატავად სიტყვა მეტად უძლური საშუალებაა, რომელშიც ბოლომდე საკუთარ თავსაც ვერ უტყდება ადამიანი, არათუ სხვას (ალბათ ამიტომაცაა შეღებილი აღაზას სახე ქმრის წინაშე „ვარდისფერი მორცხვობის იერით“ (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის, 1957წ, გვ. 80) და არა იმიტომ, რომ „მას ეშინია ნამდვილი მიზეზის გამხელისა, რადგანაც ფიქრობს, რომ ამით ჯოყოლას რისხვას გამოიწვევს“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა 1961 ქ. გვ 124). ქმრისადმი შიში ამ შემთხვევაში გამორიცხულია: აღაზამ მშვენივრად იცის რა პიროვნებაა მისი ქმარი. ჯოყოლას დიდებული პასუხიც ამის უტყუარი დასტურია:

„იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა
„დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.“

აღაზას ქცევა მიცვალებულთა აჩრდილებმა დაგმეს, თემმა შეაჩვენა და დაწყევლა, ჯოყოლამ კი მოიწონა. ეს ურთულესი ფსიქოლოგიური მომენტია პოემაში და ვაჟა-ფშაველასაც ორთვიანი დაფიქრება დასჭირდა, სანამ ჯოყოლას ცოლისთვის პასუხს გააცემინებდა. პასუხი კი მართლაც ისეთია ვაჟას გმირებს რომ ეკადრებათ. აღაზას ფაქიზ, ღრმა და ამაღლებულ განცდებს მხოლოდ ჯოყოლასნაირი განსაკუთრებული პიროვნება თუ გაიგებდა, მითუმეტეს, რომ მასშივე იყო „ფესვი უცხო ვაჟკაცის დამტირებელი აღაზას გასხივოსნებული, ცნობიერი „სიმართლისა“. (თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971წ, გვ. 311) სხვისი განცდების პატივისცემის უნარი ჯოყოლას მაღალ, რაინდულ ღირსების გრძნობაზე მეტყველებს.

ქმრის სიკვდილის შემდეგ აღაზა სრულიად მარტო რჩება, მისი სიცოცხლე აზრს კარგავს. სინდისის ქენჯნისაგან შეწუხებული (მომხდარსა და განცდილს ბოლომდე არ ჰპატიებს თავს: „ორთავ შევცოდეთ… მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, უცხოსთვის ცრემლი ვღვარია,“) გულდაბნელებულ თვისტომთაგან მოკვეთილი „უცხო კაცის მოზარე“ შავ ხეობაში მძვინვარე ლაშდაფჩენილ მდინარეში იღრჩობს თავს.

ასე ტრაგიკულად დაიღუპა აღაზა. ვაჟამ უკვდავება მიანიჭა ამ უკიდურესად ქალურ, ნატიფი ბუნების, იდუმალ და ბოლომდე მაინც აუხსნელ გმირს.

ჩვეულებრივნი არიან ვაჟას ნაწარმოებების გმირი. ქალები და ამავე დროს არაჩვეულებრივნიც არიან თავიანთი გრძნობათა სიღრმით, იდეალებითა და სულიერი სიმაღლით.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რჩეულთა გვერდით არიან ჩვეულებრივი ქალებიც, ნაკლებად მიმზიდველნი და ზოგჯერ ბანალურნიც.

ვაჟასეულ ქალთა პლეადაში ერთი საინტერესო სახეცაა – პოემა „გველისმჭამელის“ ერთ-ერთი გმირი მზია, პოემის მთავარი გმირის მინდიას ცოლი. ალბათ, მცდარი შეხედულებაა, რომ მზიას აქ ზემოთხსენებულ ქალთა მეორე კატეგორიას აკუთვნებს ზოგიერთი მკვლევარი.

ვაჟა-ფშაველა სხვადასხვა გზას მიმართავს ადამიანის სულიერი სამყაროს გასაშუქებლად: თუ „სტუმარ- მასპინძელში „ყველაფერი ჯოყოლას, ზვიადაურისა და აღაზას ხასიათის გარკვევას ემსახურება, „გველისმჭამელში „ცენტრში ერთი არაჩვეულებრივი პიროვნება დგას და თითქმის ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, იმიტომ არსებობს, რომ წარმოაჩინოს და ნათელყოს მინდიას ბუნება, გაარკვიოს მისი შინაგანი არსება. „მინდიას პიროვნება… თავიდან ბოლომდე საკუთარი შინაარსით იკვებება, საკუთარი, სხვათაგან განსხვავებული ბუნებით საზრდოობს“. (გრ. კიკნაძე, ვაჟა – ფშაველას შემოქმედება, 1957წ. გვ. 152). მზიაც მინდიას მიმართებაში განიხილება, ამიტომ სანამ მზიას პიროვნებას განვიხილავდეთ, ორიოდ სიტყვა მინდიას პიროვნებაზეც უნდა ითქვას.

ვინ არის მინდია? „როცა პიროვნება გასცდება თავისი „მე“-ს საზღვრებს, იგი უერთდება მთელს სამყაროს. იგი მსოფლიოს სიცოცხლით ცოცხლობს და მაშინ კაცი და კაცობრიობა, კაცი და ბუნება, კაცი და ღმერთი ურთიერთს ერწყმიან. მსოფლიოსთან ასეთი შერწყმა, როგორც მორალური ერთოიანობის შედეგი, რწმენის ჭეშმარიტ მდგომარეობას წარმოადგენს“. (В. Джемс, Многообразие религиозного опыта, 1910, გვ. 81.) ასეთ შერწყმას მიაღწია მინდიამ ქაჯებთან ტყვეობაში გველის ხორცის გემოს გასინჯვის შემდეგ, მიაღწია შერწყმას ზეადამიანისა და ადამიანისა. მინდია არაჩვეულებრივია: მას „აღეღილნეს გონების თვალნი ცნობად ყოვლისა, ეზიარა იგი შემოქმედის არსებას და მასში მისწვდა სიბრძნეს ღვთაებრიურს“ (ვ. ბარნოვი, თხზულებანი IX, 1964წ. გვ. 154-159) და ჩვეულებრივიც იმდენად, რამდენადაც არ გალღვა და განიბნა თავის „უნივერსალობაში“, ამ სამყაროში, ჩვეულებრივ ადამიანთა შორის ცხოვრობს, მათს სიხარულსა და მწუხარებას იზიარებს. სწორედ ამაშია ძირი მისი ტრაგიკულობისა. სწორედ იმაში, რომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი და ამავე დროს, გარკვეულად მაინც ჩვეულებრივია. ეს არის მისი აქილევსის ქუსლი.

მინდიას ოჯახი ჰყავს. ოჯახური გარემო კი ადამიანურად შემოსაზღრულის სიმბოლოა ნაწარმოებში. მინდიას წინაშე გადაულახავი დილემაა: ან წავიდეს, გაემიჯნოს ამ სამყაროს, გახდეს განდეგილი, მოკვეთილი ან დარჩეს და მიიღოს ეს ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის: ოჯახს შეშა უნდა – მინდიამ უნდა მოჭრას ხეები, მიუხედავად მათი გულისშემძრავი მუდარისა; ოჯახს უნდა საჭმელი – მინდიამაც ცხოველები უნდა ხოცოს. იტანჯება გველისმჭამელი.

„(მინდია) დაუპირისპირდა დედაკაცს, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სიმბოლოს“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა 1961 წ. გვ. 12-13). საქმე იმაშია, რომ „გველისმჭამელში“ განსხვავებული, არაჩვეულებრივი პიროვნების ბუნებაა ნაჩვენები და არა მისი დაპირისპირება ქალთან თუ საზოგადოებრივ ცხობრებასთან. „მინდიას საშუალებით ვაჟამ გვიჩვენა ის განსხვავება რომელიც ინსტინქტსა და გონებას შორის არსებობს, როდესაც ეს უკანასკნელი ვიწროა და შეწღუდული“. (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება 1977 წ. გვ. 146) ალბათ, ნაწილობრივ ზემოთთქმული აზრიდან გამომდინარეა, რომ ზოგიერთი მკვლევარი უარყოფით შეფასებას აძლევს მზიას პიროვნებას. „მზიას, მინდიას ცოლს, მეზობლებზე რჩება თვალი, ბედს ემდურის, საშინელ მუქარად ისმის მისი საყვედური: „ყმაწვილნ უხორცოდ დაზრდილნი რა ვაჟკაცობას იზამენ?“ (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1977, გვ. 159) ყველას შეუძლია თავისებურად გაიგოს, მაგრამ „ავი დედაკაცის“ მუქარის ტონი არ ისმის, ალბათ, ამ ფრაზაში, ეს გაფრთხილება უფროა, ცდა „ჭკუაზე მოიყვანოს“ ქმარი. არც ის არის საძრახისი, რომ საჭმელსა და სიცივეზე წუწუნებს, რადგან მისი საყვედური ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციებიდან სრულიად სამართლიანია.

„მინდია უკმაყოფილოა, შინაგან აფორიაქებას, მის გაუნელებელ ტანჯვას ის იწვევს, რომ მზია მას აიძულებს წავიდეს გატკეპნილი ძველი გზით, პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვის გზით,… იმათი გზით, ვისაც ცხოვრებაში მიზნად მხოლოდ „კაი ცხოვრება“, ფუფუნებაში ყოფნა დაუსახავს, ვინც იმის იქით არავისა და არაფერს ხედავს“ (მ. ზანდუკელი, თხზულებანი, III ტ. გვ. 504) – რაღაც განსაკუთრებულ პრეტენზიებს არ უყენებს მზია ქმარს, ის რასაც მინდია „ბრიყვთა გზას,“ „კაი ცხოვრებას“ ეძახის და რასაც მზია მოითხოვს ქმრისგან, არც რა სრასახლებია და არც ფუფუნება, ეს არის ელემენტალური საარსებო საზრდო ოჯახისა, („თავისი ცოლი და შვილი ვის გადაუგდავ სხვისადა“), შვილზე ზრუნვა, რასაც „საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნვაც“ შეიძლება დაარქვას კაცმა და „გატკეპნილი, ძველი გზით“ სიარულიც. მზიას სრულიად ბუნებრივი (არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მხოლოდ მინდიას პოზიციებიდან ჩანს მისი მოთხოვნა: „გეწადა კაი ცხოვრება, მოწამლულს ქადას აცხობდი“, „თავისსა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარევ!“) ადამიანური ინსტინქტები ამოძრავებს. ამიტომაცაა „გველისმჭამელის“ წარმმართავი პრინციპი, ჰუმანურობა.

სხვა ამბავია, რომ მზიას არ ესმის ქმრის მაღალი რწმენის არსი:

„- ან შენ რა გიჭირს ისეთი
თავს რად იტკივებ ძალადა,
შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა
სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?“

ის ერთი ჩვეულებრივი, პრაქტიკული ქალია და მეტს ვერც მოსთხოვ. თუმცა აქ ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი: გველისმჭამელი მინდიას არაჩვეულებრივობის ფონზე მზია შეიძლება, მართლაც, ვიწროგანზომილებიან, პირად ჭირ-ვარამზე მობუზღუნე, ჟინიან ქალად მოგვეჩვენოს, მაგრამ ნაწარმოებში არ ჩანს, რომ მინდიას განსაკუთრებულობა მისივე პიროვნულ უპირატესობაზე მიგვანიშნებს. მინდიამ კი არ „იცის“ არამედ „ესმის“, როგორც დაავადებულ ცხოველს, რომელიც, როგორც ცნობილია, შეუცდომლად პოულობს იმ მცენარეს, რაც სამკურნალოა მისთვის. მინდიას „ცოდნა“ ნამდვილი ცოდნა როდია, რადგან არ შეიძლება მისი სხვა ადამიანზე გადცემა, ის მიუწვდომელია სხვებისთვის („ენა თუ ჰქონდეს ხე – ქვათა, ჩვენც რად არ გაგვიგონია?“). მინდიამ, მაგალითად, ისიც კი არ იცის, რომ ის მოქმედება, რასაც მისგან ცოლი მოითხოვს, გამოიწვევს მისი მაგიური უნარის დაკარგვას. ამიტომ მას ზუსტად შეესაბამება ვაჟასეული ფრაზა „გამეცნიერდა გლეხია“. „ვაჟასთან მინდიას მოქმედებას და მთელ მის ქცევას ინტელექტუალური სფერო არ განაგებს … „გველისმჭამელში“ წარმოდგენილია ბუნების წვდომისა და საჭირო მოქმედების წარმოების გრძნობითი გზა“ (გრ. კიკნაძე ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1977 წ. გვ. 144). ბუნების წვდომის ეს ნიჭი კი ღვთისგან ბოძებულია. მინდიაც მანამ არის არაჩვეულებრივი, სანამ ამ ნიჭს ფლობს. იცლება თუ არა იგი სიბრძნისაგან ჩვეულებრივი ხდება. ეჭვიც კი ჩნდება, რომ ეს წონასწორობადაკარგული, სასოწარკვეთილი კაცი მინდიაა, („რითიღა ვარგო ქვეყანას, დავცარიელდი ცოდნითა“), რომელსაც თითქოს პატივმოყვარეობის ჭიაც შესჩენია, („მინამდე კაცი არ მიჩნდა მიწაზე თავის ტოლადა“), თითქოს ეგოიზმიც იგრძნობა მასში („ან მე რად მინდა სიცოცხლე, ან თქვენ გაცოცხლოდ რაღადა, თუ მთელი ჩემი არსება აღარ იქნება საღადა“). ცოლ-შვილისადმი უხეში დამოკიდებულებაც („და ორჯელ-სამჯერ გადურჩი, კინაღამ მომკლა თოფითა“) არ შეესაბამება მაღალი იდეალებისათვის მებრძოლი კაცის ქცევას. ასეთ მინდიასთან შედარებისას მზიას უფრო შეკრულ მთლიანი ხასიათის ქალად ვხედავთ, მითუმეტეს, არ ტოვებს იგი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, „რომლის უბადრუკი გონება და ფიქრი დედამიწის წუმპეს ვერ ასცილებია … არშინითა და სასწორით ზომავს ყოველივეს“ (კ. აბაშიძე, ეტიუდები, II, 1919, გვ. 236). თითქოს გვხიბლავს კიდეც თავისი აუმღვრევლობით, სიმშვიდითა და აზრის ლოგიკურობით. გარკვეული სიძლიერეც იგრძნობა მზიაში, რისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ადათი ქმრის მორჩილებას მოუწოდებს, უცხოა მონური ფსიქოლოგია და ბრმად არ ემორჩილება მინდიას, რადგან „ცოლობა მზიას მორჩილებას ავალებს, ხოლო დედობა, წინააღმდეგობას“. (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა 1961 წ. გვ.145). ის კი, რომ მზია გუმანით გრძნობს ქმრის ტრაგიკულობას, უთანაგრძნობს და თავისებურად მისი ტკივილის შემსუბუქებასაც ცდილობს, ერთიორად ამაღლებს ქალს ჩვენს თვალში:

„ამ ცოტა ხანში თმა-წვერი
დარდმა თუ გაუჭაღარა?!
ბევრჯერ ქურდულად ბნელაში
დაუყუროდი ჩუმადა,
მაგრამ მის მარტყო ყოფნასა
მე ვერ შაუვედ გულადა“.

ყოველივე ამის შემდეგ, თითქმის შეუსაბამოა ის შეხედულება, რომ მზია „ღვთისგან წყეული ევაა, ყველა დიაცის პირველქმნილი ხატი, რაკი მან აკრძალული ნაყოფის ჭამით აცდუნა ადამი. „ცოტ-ცოტაობით“, „ნელ-ნელაობით“, თანდათანობით ცოლის ჭკუაზე გადასულმა მინდიამ ჭამა (ამ შემთხვევაში, ბიბლიურ აკრძალულ ნაყოფს შემსგავსებული) ცოლის გამომცხვარი „ქადა“ და მით წარიწყმიდა თავი ანუ დაჰკარგა ღვთაებრივი ცოდნა (სამოთხე)“ (თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971 წელი, გვ.389).

„თუ მართალია, რაცა სთქვი
სენგან ცოდვაში შევიდა
უნდა მოგეჭრას ეგ ენა,
მაღლა დაგკიდონ კავითა,
ძირს ცეცხლი შემოგიკეთონ
დაიწვა იმის ალითა“.

„სხვა სხვის ომში ბრძენიაო“ და ნამეტანი მკაცრად მსჯელობს სანდუა, მზია არ არის „ქვეყნის ცოდვაში ჩამდგარი“, რადგან სულ სხვა რამ არის მიზეზი მინდიას დაღუპვისა. „გველისმჭამელის ზღაპარში, უჩვეულო და აუხდენელ ამბავში ჩაერთვის სინამდვილე. მინდიას პირით ვაჟა-ფშაველა საოცარი სიმკვეთრით გადმოგვცემს იმ მტანჯველ კომფლიქტზე, რომელიც მოზოდებას და სინამდვილეს შორის არსებობს და რომელშიც პოეტი ვალდებულია ცხოვრობდეს“. (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1917 წ. გვ. 159). ეს კონფლიქტი თვითონ მინდიას პიროვნებაშია. გველისმჭამელი ვერ ახერხებს ზეციური სიბრძნისა და კაცთა ჩვეულებრივი ხვედრისა და ყოფის შერიგებას. ვერ ახერხებს იმიტომ, რომ იგი „არა მარტო განსხვავებულია სხვებისაგან, არამედ უნიადაგოცაა“. (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1917 წ. გვ. 145). წინააღმდეგობებითაა სავსე მისი არსება: გულის სიღრმემდე ებრალება დაღუპულ ბარტყებზე ატირებული ჩიტი და ხეს კი არ ჭრის, რომ შეცივებულ შვილებს ცეცხლი დაუნთოს, ყვავილები და ცხოველები არ ემეტება სასიკვდილოდ და მტრისდ წინააღმდეგ საბრძოლველად ილესავს ხმალს. მზია ფხიზელი გონების ქალია, გრძნობს ამ წინააღმდეგობებს, გრძნობს იმასაც, რომ კატასტროფა გარდაუვალია და ცდილობს ეს ქმარსაც აგრძნობინოს: „ან შვილთა ყოლას რად ჰგლოვობ,

მდურავს რად იტყვი ღვთისადა?!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად
შენის გუნების ცვლისადა?“.

იტანჯება მინდია. ხსნის გზა ვერ უპოვია. ყოველ შემთხვევაში, ის გზა, რომელსაც იგი ირჩევს მიუღებელია სხვებისთვის. „ზოგიერთმა კრიტიკოსმა ის აზრიც კი გამოთქვა, რომ ვაჟა-ფშაველამ ვერ გაართვა თავი თხზულებაში დასმულ პრობლემას და ამან თავისი დაღი დაასვა ნაწარმოების ღირსებას, მხატვრული თვალსახრისით ნაკლებ ღირებულოვანი ქმნილება მივიღეთო“, (გრ. კიკნაძე ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, გვ. 148) მაგრამ ეს ასე არ არის. ვაჟა-ფშაველამ, როგორც მწერალმა და უბრალოდ, როგორც ადამიანმა იცის, რომ ყოფიერების არსი ტრაგიკულია. იგიც, როგორც გველისმჭამელის მგრძნობიარე და ნაზი სული საშინლად განიცდის ამ ტრაგიკულობას. „ხმელი წიფელისა“ და „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ავტორი შეუდარებელი მონადირეც იყო და საკმაოდ დიდი ოჯახიც ჰყავდა, რადგან მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ცხოვრებისეული ჰარმონია ეს არის ორი საწყისის: დადებითის და უარყოფითის, კეთილის და ბოროტის ერთიანობის აუცილებლობა, რომ ეს საწყისები განაპირობებენ, სრულყოფენ და ავსებენ ერთმანეთს. ბუნება მარადიულად ქმნის და მარადიულად ანგრევს რაღაცას და სიკვდილიც ისეთივე კანონია ცხოვრებისა, როგორც სიცოცხლე…

მარტოობის სიმწრით გატანჯული მინდია თავს იკლავს, მაგრამ იგი უკვე მკვდარია, სანამ მახვილს ჩაიცემდეს გულში. გველისმჭამელი იუღუპება, რადგან ღალატობს რწმენას, რომლის დაკარგვასაც ხახმატის ხატობაზე დაკლული ზვარაკით ვერ უშველი, იღუპება, რადგან ადამიანია და არა ღმერთი და როგორც ადამიანმა ბოლომდე ვერ ზიდა ღვთაებრივი სიბრძნის სიმძიმე.

„მინდიამ ბუნებასთან ურთიერთობაში დაინახა და გაიგო მთლიანი სამყაროს სიცოცხლის მაღალი, ფაქიზი დასაბამი, რამაც ის თავდავიწყებით გაიტაცა“, (მ. ზანდუკელი, თხზულებანი III გვ. 398) მაგრამ დაავიწყდა, რომ ადამიანის შესაძლებლობები შემოსაზღვრულია, რომ იდეალები ხშირად ცხოვრების ბანალობით იბურება.

მიუხედავად იმისა, რომ მინდიას ტრაგედია ვაჟას ტრაგედიაცაა, არც იგი განაპირებულა ამ სამყაროსგან და არც თავის გმირს მისცა ამის უფლება.

თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა. იგი ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისაგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ.

მაია იანტბელიძე

რედაქტორი გირჩევთ

საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველა, როგორც პუბლიცისტი
რეცენზიები

ვაჟა-ფშაველა სწავლა-აღზრდაზე

ივლისი 26, 2020
გველეშაპის სახე ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „ნაპრალნი“
რეცენზიები

გველეშაპის სახე ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „ნაპრალნი“

ივლისი 26, 2020
ანდერძი
რეცენზიები

ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები

ივლისი 26, 2020
ვაჟა და ნიცშე
რეცენზიები

ვაჟა და ნიცშე

ივლისი 25, 2020
ვაჟა-ფშაველა და ქრისტიანობა
რეცენზიები

ვაჟა-ფშაველა და ქრისტიანობა

ივლისი 25, 2020
ვაჟა-ფშაველა - "ალუდა ქეთელაური" ("მადლი რქათ ადგა ღვთისაო...")
რეცენზიები

ალუდა ქეთელაური (“მადლი რქათ ადგა ღვთისაო…”)

ივლისი 25, 2020

გამოხმაურება

vajapshavela.ge

  • პროექტის შესახებ
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე

ვერაფერი მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • პროზა
  • პოეზია
  • პოემები
  • მოთხრობები
  • პუბლიცისტიკა
  • რეცენზიები
  • ფშავური ამბები
  • მეტი
    • დრამატურგია
    • წერილები
  • არქივი
    • აუდიო არქივი
    • ვიდეო-არქივი

ყველა უფლება დაცულია © ანრი მაღლაკელიძე