აქეთ მშვიდობიანობაა. მოისპო თითქმის ყაჩაღობა-ავაზაკობა და მკვლელობისა ხომ, კარგა ხანია, აღარაფერი ამბავია. ხალხი გაიკრიფა ბარში თავიანთ საქონლით, ცხვრით და ძროხით: მომეტებული ნაწილი მიდის და ბევრი უკვე წავიდა შირაქში სამუდამოდ დასასახლებლად. შინ დარჩნენ მხოლოდ დიაცნი და თითო კაცი ზოგან; სხვაგან სულაც არ მოიპოვება მამაკაცი, ან რა უნდა აკეთოს ზათარში აქ ადამიანმა? – არაფერი. მხოლოდ უნდა მზა-მზარეულად ჭამოს და ბევრი მაგდენი ნაყოფი კი არ გამოიღოს.
აქაური საქმე ზამთრობით არის: ლეწვა, შეშის მოჭრა-მოტანა, თივის და ჩალის ზიდვა. აქაური ,,თივა“ ექვსი ან შვიდი ფუთი გამოვა, რომელიც უნდა დაითაროს თოვლზე მაღლიდან დაბლა ისეთ ადგილას, საიდანაც კაცს შეეძლება მოიტანოს სახლში ტვირთით ან ხარებით. ,,ჩალაც“ აგებულია ზვინად, როგორც „თივა“,-ეს ბურდოა გალეწილის ქერისა და წონით თივას უთანასწორდება. სხვა საქმე მამაკაცისათვის აქეთ ღმერთს არ გაუჩენია. შეიძლება, თუ მუხლი და თვალი უჭრის, ხანდახან დათვებზე გაინადიროს. დიაღ, დათვებზე, რადგან სხვა ნადირი თითქმის აღარ მოიპოვება. ასე უნდა გააჩანჩალოს კაცმა მთელი ზამთარი მარტამდე. მარტში კი, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, ე. ი. თოვლი გაშრა, შეებმის გუთანი აჩაჩა, ყევრის ხარით, და გაისმის აქეთ-იქიდან მეხრის და გუთნისდედის დაძახილი : „ჰაამო, აგამამო, აბა და ჰა! ჰაჰაჰა!.. ადა! აბა გაიარეთ… აბა გააბიჯეთ!“ ხარებიც დინჯად მიაბოტებენ, ან კი რა ეჩქარებათ?
მთელი ოთხი თვე უნდა სულ ქედზე ედგათ გუთანი-არღვიონ დედამიწა, გაუჩინონ თესლის სათესი ხნული ადამიანს. მაგრამ რა? ფშაველიც სთესავს ოთხიხუთი თვის გადაღარულ-გადაბრუნებულს მიწას და წესისამებრ ჰმკის, ლეწავს, მაგრამ მაინც ისევ ნახევრად მშიერია, რადგან უღონო, გამოღალული მიწა უხეირო, მცირე მოსავალს იძლევა. აი ეს გახლავთ მიზეზი, რომ აქაურებმა მიაშურეს ხამს და ნაყოფიერს შირაქის მიწებს, და განა მარტო ფშაველებმა, არა, მთის ხალხი გამგელებული მიიწევს შირაქისაკენ, როგორც, მაგალითად, მთიულები, გუდამაყრელები, მოხევენი და სხვა. მთავრობა აღარ გვიშლის იქ ხვნას და სახლ-კარობას, დამკვიდრებას… კოლონიზატორები თითქმის სულ უსწავლელი უბირი ხალხია.
მიკვირს, სად არიან ჩვენი განათლებული პროლეტარები, ლუკმა პურის მონატრულნი? ნუთუ აწყენთ ზოგიერთებს, ვისაც ფიზიკური ჯანი შესწევთ, გაერივნენ ხალხში და მოჰკიდონ ხელი მეურნეობას?- გაიძღონ კუჭი და ხალხსაც მისცენ მაგალითი მიწის შემუშავებისა და ხეირიანად ცხოვრების მოწყობისა? ვისაც კი შეხვდები, ყველა ამას იძახის: ,,სამსახურს 2 ვეძებო!“ ერთს ახალგაზრდა კაცს ვიცნობ, იქნება ექვსი წელი – დადის და სულ ,,სამსახურს“ ეძებს, დღესაც ვერ უპოვნია. „სამსახურის“ ძიებას რომ შეუდგა, იმას ჰქონდა ნაღდი ფული 3,000 მან. მემკვიდრეობით მიღებული, „სამსახურის“ ძებნაში ეს ფულიც შემოეხარჯა და ეხლა ცარიელი კაცი დადის; განა არ შეეძლო იმთავითვე ამ ფულით ხელი გაენძრია და მოეწყო სოფლად სადმე თავისი ცხოვრება? კი შეეძლო, მაგრამ ხელის განძრევა ეზარებოდა და გვეზარება განათლებულებს. აქაოდა განათლებულნი ვართ, უსათუოდ უმუშევრად უნდა ვიცხოვროთო, ბევრი ამ აზრისაა და კიდეც ეს არის უბედურება. აქაურ სკოლებში სწავლა ნელ-ნელა იწყება…
ამინდი კარგია. პირველ შემოდგომაზე ზამთარმა შემოგვიტია, მაგრამ ბოლო დროს მოტყდა სიცივეები… არჩევნები სათათბიროში დეპუტატების გასაგზავნად ჯერ არ დაწყებულა.
1906 წელი
გამოხმაურება