გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს მოწვევით თბილისში ჩამოვიდა ორი აღმოსავლეთგერმანელი (გდრ) პოეტი რაინერ კირში და ადოლფ ენდლერი, რომელთაც პწკარედების მეშვეობით ქართული პოეზიის ნიმუშები უნდა ეთარგმნათ (მათ ადოლფ ენდლერის მეუღლე მწერალი ელკე ერბიც ახლდათ თან).
ანთოლოგია, სათაურით “რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია”, 1971 წელს გამოიცა ბერლინში (ანთოლოგია 1971), ხოლო მანამდე, 1970 წელს, ამ თარგმანების ნაწილი ჟურნალ “ზინ უნდ ფორმში” დაიბეჭდა, მათ შორის რაინერ კირშის მიერ თარგმნილი ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაურიც”, რომელსაც ბოლოში ერთვის მთარგმნელის სტატია “რეალიზმი ვაჟა-ფშაველას პოეზიაში” (“Realismus in der Poesie Washa Pschawelas”. — ზინ უნდ ფორმ 1970: 1472-1480).
ეს სტატია ჩვენში ნაკლებად არის ცნობილი (ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვხვედრია ქართულ ენაზე ნაშრომი, რომელშიც ის ციტირებული ან, უბრალოდ, ნახსენები მაინც იყოს). არადა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ვაჟა-ფშაველას გენიის პირველი ადეკვატური შეფასება ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში.
ორიოდე სიტყვა მისი ავტორის შესახებ:

რაინერ კირში – გერმანელი ლირიკოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, მთარგმნელი. დაიბადა 1934 წელს დიობელნში. ეუფლებოდა ისტორიასა და ფილოსოფიას ჰალესა და იენაში. 1963-1965 წლებში სწავლობდა ლიტერატურის ინსტიტუტში “იოჰანეს რ. ბეხერი” (ლაიფციგი). 1973 წელს კომედიისთვის “ჰაინრიხ შლაგჰანდის მოგზაურობა ჯოჯოხეთში” გარიცხეს გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიიდან. 1990 წელს გდრ-ის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა, იმავე წლიდან ხელოვნებათა აკადემიის წევრია.
თარგმნილი აქვს ჯონ კიტსის, პერსი ბიში შელის, სერგეი ესენინის, ანა ახმატოვას, ოსიპ მანდელშტამის ლექსები. ქართველ პოეტთაგან ყველაზე ადრე ნიკოლოზ ბარათაშვილი თარგმნა (მის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა კრებული 1968 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა);
ქართული პოეზიის ანთოლოგიაში ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაურის” გარდა შესულია რ. კირშის თარგმნილი ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის და სხვათა ლექსები. დაჯილდოებულია ერიხ ვაინერტის მედლით (1965), ფრანც კარლ ვაისკოპფის (1983) და ვილჰელმ მიულერის (2001) პრემიებით.
რაინერ კირშს სავსებით შეგნებული აქვს, რომ ვაჟა-ფშაველას სახით მას მსოფლიო მასშტაბის შემოქმედთან აქვს საქმე. ვაჟა-ფშაველას იგი უწოდებს “ევროპული და მსოფლიო რანგის პოეტს, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ აქამდე თითქმის სრულიად უცნობია” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1477).
ხოლო როდესაც ვაჟა-ფშაველას რეალიზმის ერთ-ერთ თავისებურებაზე ლაპარაკობს, აღნიშნავს: “ვაჟა-ფშაველა თავისი პოემით იძლევა მოდელს, არა პარაბოლას. მისი პოზიცია მგზნებარეა (leidenschaftlich), ოღონდ ილუზიისგან თავისუფალი (illusionslos); ამით ის შექსპირს უახლოვდება” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478).
როგორ უნდა გავიგოთ მისი ეს გამონათქვამი? რა ნიშნით აგონებს ვაჟა-ფშველა გერმანელ პოეტს შექსპირს?
ამაში უკეთ გასარკვევად სტატიის დასკვნით ფრაზას მივმართოთ, სადაც იგი კიდევ ერთხელ ახასიათებს ვაჟას შემოქმედებით მეთოდს როგორც “ილუზიისგან თავისუფალ, მგზნებარე რეალიზმს, რომელიც მსოფლიოს გარდაქმნას ისახავს მიზნად” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1480).
ჩვენი აზრით, ამ გამონათქვამებით კირში მსოფლიოს გარდამქმნელი (ჰუმანიზმის პრინციპთა გათვალისწინებით გარდამქმნელი) მოღვაწეობის სირთულეზეც მიგვანიშნებს და იმაზეც, რომ შექსპირი მსოფლიო ლიტერატურის კორიფეთა შორის (მეტადრე თავის ტრაგედიებში) ყველაზე უკეთ ახერხებს იმას, რომ არც ცხოვრების ხალისს უკარგავს ადამიანს და არც იმის იმის ილუზიას უქმნის, თითქოს შესაძლებელი იყოს დიდი მიზნის მიღწევა დიდი ტანჯვის გარეშე.
ეს ორი ტენდენცია მხატვრულ ქმნილებაში ძნელი შესათავსებელია ისე, რომ ერთმა მეორე არ დაჩაგროს. ამას ახერხებს შექსპირი (ეს არის ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ შექსპირის აქტუალობა რაც დრო გადის კი არ კლებულობს, – მატულობს) და ამასვე ახერხებს ვაჟა-ფშაველაც. უთუოდ ქართველი პოეტის ნიჭის ამ თავისებურებას გულისხმობს რაინერ კირში, როცა მის მეთოდს ახასიათებს როგორც “მგზნებარე, მაგრამ ილუზიისგან თავისუფალ რეალიზმს”.
გერმანელი მწერლის ეს შეფასება მით უფრო ღირებული გამოჩნდება, თუ გავიხსენებთ, რომ იმ დროს მის სამშობლოში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ისევე როგორც ჩვენში, ერთადერთი ლეგალური შემოქმედებითი მეთოდი სოციალისტური რეალიზმი იყო, მეთოდი, რომლის მიხედვით შექმნილ ტექსტებს მგზნებარება ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ მათში ილუზიების დამნერგავი კომუნისტური “ჰეფი ენდი” ბატონობდა.
სხვა ადგილას რაინერ კირში ვაჟა-ფშაველას მეთოდს “დიდ რეალიზმადაც” მოიხსენიებს. იგი წერს: “ვაჟა-ფშაველა აპოლოგიას კი არ გვთავაზობს, არამედ ქრონიკას; მისი პოზიცია დიდი რეალიზმის პოზიცაა, მისი სულისკვეთება განმანათლებლურია” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1479).
აქ ერთმანეთს უპირისპირდება აპოლოგია და ქრონიკა.
აპოლოგია ვინმეს ან რამეს დაცვას, გამართლებას ნიშნავს, და ამის გამო იგი იშვიათად არის თავისუფალი ტენდენციურობისგან, ცალმხრივობისგან, იდეოლოგიზებისგან. ქრონიკა კი მეტ ობიექტურობას გულისხმობს, ის ნაკლებ იდეოლოგიზებულია, ხოლო “დიდი რეალიზმის” მეთოდით შექმნილი მხატვრული ქრონიკა მაქსიმალურად არის დეიდეოლოგიზებული.
მაგრამ “დიდი რეალიზმისთვის” მარტო მართებული მეთოდოლოგია ხომ არ კმარა! “დიდ რეალიზმს” დიდი მხატვრული ტალანტიც სჭირდება, თანაც მრავალმხრივი ლიტერატურული ტალანტი.
ამ თვალსაზრისით გერმანელი მწერლის დაკვირვების ობიექტია როგორც თხრობის ფორმის შერჩევის ოსტატობა ვაჟას “ალუდა ქეთელაურში”, ასევე (და უპირველეს ყოვლისა) პერსონაჟების, ტიპების ხატვის ნიჭი, რითაც ფშაველი გენიოსი თამამად უსწორებს მხარს მსოფლიო კორიფეებს, და, ცხადია, პერსონაჟთა ქმედებების მოტივაცია.
რეალიზმის თვალთახედვით განიხილავს გერმანელი მწერალი ალუდას პროტესტის ესკალაციას. არსებითად ეს არის გარკვევა იმისა, რამდენად მოტივირებულია, ერთი მხრივ, პერსონაჟის ამბოხება მთელი თემის წინააღმდეგ, და, მეორე მხრივ, თემის სისასტიკე მისი გამორჩეული წევრისადმი.
ალუდას პირველი ნაბიჯი, რითაც მან ტრადიციას გადაუხვია (მოკლულ მტერს მკლავი არ მოსჭრა) მინიმალური ჩანსო, აღნიშნავს რაინერ კირში და განაგრძობს: “მაგრამ პოემა გვიჩვენებს, რომ იგი (ეს ნაბიჯი. — ლ. ბ.) იდეოლოგიურად რელევენტურია: რიტუალი, ვითარცა ზედნაშენის ელემენტი, განუყოფელია [ზედნაშენისგან], რადგან დრომოჭმულ წესრიგში ყველაფერი თითქოს ერთ ძაფზეა ასხმული. და პირიქით, პოემა გვიჩვენებს, რომ ჰუმანური პოზიციაც განუყოფელია. გმირის გადახვევას [ტრადიციისგან], საზოგადოების რეაქციის წყალობით ესკალირებულს, ტოტალურ განხეთქილებამდე მივყავართ. გაბატონებული იდეოლოგია, ჰუმანური აზრისგან ინფიცირებული, გმირში დიდი სისწრაფით იწყებს ხრწნას” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478. კურსივი ავტორისაა. — ლ. ბ.).
გერმანელი მწერლის ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ალუდა “მკრეხელურად სვამს საკითხს რიტუალის პრაქტიკული სარგებლიანობის თაობაზე: გამოგადგება მოკვეთილი მკლავი ომში, ან ბალახის თიბვისას, ან თივის კავად გამოიყენებ მას? ამავდროულად აცხადებს, ამიერიდან მტერს მოვკლავ, მაგრამ მარჯვენას არ მოვჭრიო. თემისადმი კუთვნილების გრძნობა და პროტესტი აქ ერთმანეთს აწონასწორებს, ამით ალუდა საზოგადოებას კარდინალურ კითხვას უსვამს: რა გირჩევნიათ, მამაცი მებრძოლი თუ რიტუალი?” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478).
მაგრამ ვაჟა-ფშაველას, ვითარცა ჭეშმარიტ რეალისტს, ალუდა ქეთელაური რევოლუციონერად როდი გამოჰყავს. რ. კირშის სიტყვით, “როგორც საზოგადოდ ერეტიკოსთათვის არის დამახასიათებელი, ალუდაც არსებული წესრიგის აფეთქებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ _ მის გონივრულ-ჰუმანურ გარდაქმნას, იგი ბერდიას _ ხუცესსა და თავკაცს _ ლამის ეხვეწება, მეც ხევსურთა შორის ხევსურად მიმითვალეო” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478. რ. აქ კირშს ალუდას ეს სიტყვები აქვს მხედველობაში: “ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა, / ხევსური თქვენის წყლისაო”. – ხუთი პოემა 1975: 71).
ამ საკითხს რ. კირში ქვემოთ კიდევ ერთხელ უბრუნდება, როცა აღნიშნავს, რომ არც პოემაში გადმოცემული ამბავი და არც პოემის დაწერის დრო (1888 წ.) ავტორს საშუალებას არ აძლევს, ალუდა რევოლუციონერად გამოიყვანოს, და იქვე განაგრძობს: “რეალისტი ვაჟა-ფშაველა წარმოგვიდგენს გმირს, რომელიც პროტესტის მიუხედავად არსებულის ერთგული რჩება” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1479).
ამის დასტურად იგი იმოწმებს ალუდას სიტყვებს, რომლითაც იგი ქარბუქში გაჭირვებით მავალ თავისიანებს, მოკვეთილთ და მშობლიური კუთხიდან გაძევებულთ, უწყრება, თემს აუგად ნუ ახსენებთო.
ალუდას ცნობილი სიზმრის თაობაზე (როცა მას კაცის ხორცისაგან დამზადებულ შეჭამადს აძალებენ) ბევრი დაწერილა და ერთობ საგულისხმო აზრებიც გამოთქმულა (გრიგოლ კიკნაძის, აკაკი გაწერელიას, მიხეილ ზანდუკელის, თამაზ ჩხენკელის, აკაკი ბაქრაძის, რევაზ სირაძის, მაია ჯალიაშვილის, გულნარა კალანდარიშვილის და სხვათა მიერ). რაინერ კირშსაც მოვუსმინოთ: “მას შემდეგ, რაც მოკლულ მუცალს “ცხონებული” უწოდა და ამით თანასოფლელთა გაოგნება გამოიწვია, ალუდა გაუგონარ ნაბიჯს დგამს – უარყოფს საზოგადო კონსენსუსს, ვითარცა ჭეშმარიტების კრიტერიუმს (“ყველანი მართალს ამბობენ / განა, ვინაცა ჰფიციან?!”). ეს გაბატონებული მორალის რღვევაა. მისი ქვეცნობიერი მოწყლულია, სიზმარში ხედავს ალუდა იმას, რასაც იგი სიფხიზლეში ჯერ კიდევ ვერ აღიარებს: ომი სისხლიანი და ამაზრზენი კაციჭამიობაა — რეალისტ ვაჟა-ფშაველას მიერ გენიალურად მიგნებული მხატვრული ხერხი” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478).
დიახ, გენიალურად მიგნებული მხატვრული ხერხი, ვინაიდან საძრახისის (ამ შემთხვევაში ომის) აშკარა, სწორხაზოვანი გმობა რეალისტურ ნაწარმოებში დაბლა სწევს მხატვრულობის ხარისხს, უარეს შემთხვევაში კი ავტორის ჩანაფიქრის საპირისპირო შედეგს იწვევს (ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება — კეთილი იდეების სწორხაზოვანი პროპაგანდა არათუ სასიკეთო ცვლილებებს არ იწვევს მასში, არამედ ეჭვსაც უჩენს, რაღაცას ხომ არ მატყუებენო! გენიოს შემოქმედთ ეს ჩინებულად მოეხსენებათ, ამიტომ ისინი ამგვარი სათქმელის მოიარებით, არაპირდაპირი გზით გამოხატვის ფორმას ირჩევენ).
ერთობ საყურადღებოა მინდიას სახის კირშისეული ინტერპრეტაცია. სტატიაში ვკითხულობთ: “ჩინებულად არის დახატული მინდიას სახე: ეს არის დაბალანსების მოსურნე ლიბერალი, რომელიც ყოველ გადამწყვეტ მომენტში თავისი საზოგადოების მიერ აღმართული ბარიერის წინაშე უკან იხევს; მაგალითად, ალუდას სანათესაოს დარბევას იგი თვალცრემლიანი, მაგრამ გულზე ხელდაკრეფილი შეჰყურებს. რა სურათია!” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1478).
ეს აღტაცების გამომხატველი შეძახილი (“რა სურათია!” — “Welches Bild!”) ამ სტროფს მიემართება:
“ამის გამგონე მინდიას მაუწყლიანდის თვალები: ვეღარასა ჰშველს ალუდას, გულზე გადიწყვის მკლავები”.
მინდიას სახის ამგვარი წაკითხვა (“დაბალანსების მოსურნე ლიბერალი, რომელიც ყოველ გადამწყვეტ მომენტში თავისი საზოგადოების მიერ აღმართული ბარიერის წინაშე უკან იხევს”) ახლებური უნდა იყოს.
ჩვენში მინდიას სახეს ცალმხრივი ინტერპრეტაცია ეძლევა, იგი ერთმნიშვენლოვნად დადებით გმირად არის ინტერპრეტირებული (საშუალო სკოლებისთვის განკუთვნილ დამხმარე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: “ალუდა და მინდია “აზრისა და სიმართლისათვის” მებრძოლი ვაჟკაცები არიან”. – ვაჟა-ფშაველა 2001: 66).
მინდიას სახის კირშისეული წაკითხვა, ვფიქრობთ, უფრო სრულყოფილია; მართლაც, ალუდას ერთგული და გულისხმიერი მეგობარი მინდია თავისი შემდგომდროინდელი გაუბედაობით, ერთობ რეალისტური სახეა, იდეალიზებისგან თავისუფალი, ანუ ილუზიისგან თავისუფალი რეალისტური მანერით დახატული სახეა. საზოგადოდ, “ალუდა ქეთელაურის” მინდიას ჩვენში ნაკლები ყურადღება ექცევა. თემისა და პიროვნების დაპირისპირებაზე ამახვილებენ ძირითადად ყურადღებას ამ პოემის ანალიზისას. ეს შუალედური რგოლი, თემისა და პიროვნების შერიგების მოწადინე მინდია, მკვლევართა ნაკლებ ინტერესს იწვევს. არადა, რა საინტერესო პერსონაჟი ყოფილა _ კონცეპტუალურადაც და მხატვრული თვალსაზრისითაც! (შდრ.: “შატილში რჩება მინდია, რომელიც, ჩვენი აზრით, ლიმინალობის პოტენციის მატარებელია”. – ლეთოდიანი 2011: 149).
უცხოელი მკითხველის სწორად ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ის პარალელი, რასაც რ. კირში ავლებს მოკლული დუშმანისთვის მარჯვენის მოკვეთის და მერე მოჭრილი მკლავის ქავის კარზე მიჭედების ხევსურულ ტრადიციასა და ამერიკელი ინდიელების მიერ მოკლული მტრისთვის სკალპის აძრობის ჩვეულებას შორის, და იქვე დასძენს: თუმცა ჩრდილოამერიკელი ინდიელები ხევსურებისგან განსხვავებით ქრისტიანები არ იყვნენო. ამით (ხევსურთა ქრისტიანობის ხაზგასმით) იგი ჩვეულების, ტრადიციის გამძლეობაზეც მიანიშნებს, იმ ჩვეულებისა, რომელიც რჯულზე უმტკიცესია. (ძირძველი ჩვეულების თავისებურება ხომ ის არის, რომ მასში ადამიანი მყუდროდ გრძნობს თავს, ვინაიდან ძირძველობა ჩვეულებას ლეგიტიმურობას სძენს, ხოლო ლეგიტიმური ქმედების ჩადენა სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებს. ძირძველი ტრადიციის მიერ ნაკურთხი ჩვეულების ანაქრონიულობა, დროისთვის შეუფერებლობა, რომ იგრძნო და გაიცნობიერო, ალუდა უნდა იყო).
საინტერესოდ აანალიზებს რაინერ კირში ბერდია ხუცესის სამივე მონოლოგს, მეტადრე მესამეს, რომლითაც “ჯაგარაშლილი” ბერდია ალუდას ოჯახისა და სანათესაოს დასარბევად აქეზებს ხალხს, რაც გერმანელ პოეტს პოგრომებისკენ ფაშისტურ მოწოდებას ახსენებს (ასე წერს: “[ბერდიას მესამე მონოლოგი] აღმავალი გრადაციით პოგრომებისკენ ფაშისტური მოწოდებების წინამორბედია” — “Die dritte [Rede] nimmt in großer Steigerung die Pogromreden des Faschismus voraus”. — ზინ უნდ ფორმ 1970: 1479).
იქ ბერდია ასეთ რამესაც ამბობს: “წადით უმტვრიეთ შავბნელსა სახლისად ციხის კარები! ცეცხლი მიეცით საძნოვარს, ცასა სწვდებოდეს ალები! სათემოდ გამოირეკეთ ცხვარი, ძროხა და ხარები!” (ხუთი პოემა 1975: 72).
ამ პასაჟის გამო კირში წერს: “განსაცვიფრებლად ზუსტად არის აღწერილი ძალაუფლების ეკონომიკა და ფუნქციონირება” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1479).
რას გულისხმობს კირში “ძალაუფლების ეკონომიკაში”? იმას, რაც ახლახან ციტირებული ფრაგმენტის ბოლო ორი სტრიქონიდან, ბერდიას მიერ თითქოს სხვათაშორის ნათქვამი სიტყვებიდან, გამოსჭვივის: “სათემოდ გამოირეკეთ [ალუდასა და მისი სანათესოს] ცხვარი, ძროხა და ხარები!”. ალუდა და მისიანები შეძლებულად, წელგამართულად ცხოვრობენ. თუ მათ ქონება ჩამოერთმევათ და თემის სხვა წევრებზე გადანაწილდება, რა დოვლათს ჩაიგდებენ მუქთად ხელში!
ვაჟას არ ავიწყდება მიგვანიშნოს, ალუდას წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილნი ეკონომიკურადაც რომ არიან მოტივირებულნი. ამაშიც ხედავს რაინერ კირში ვაჟას დიდ რეალისტობას. ცოტა ქვემოთ იგი წერს: 176 “ბერდია შეკრებს ხევსურებს, რათა მათ თავიანთი გულის სათქმელი გამოხატონ (აქ კირშს ბერდიას ეს სიტყვები აქვს მხედველობაში: “ხალხო, მინდარის გავიგო / პასუხი თქვენის გულისა”. — ხუთი პოემა: 71) და მათდა დაუკითხავად აცხადებს, რა უნდა იყოს ეს [გულის სათქმელი]: მინდიას, მისი სანათესოს, მოკვეთა, არავითარი თანაგრძნობა ქალებისა და ბავშვების მიმართ, მათი საცხოვრებლების გადაწვა”.
აქ კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილ ციტატაში ნახსენები “ძალაუფლების ფუნქციონირება”: ძალის მფლობელნი ჯერ ყასიდად მიმართავენ ხოლმე ხალხს, თქვენი გულის ნადები გამოთქვით, გაგვიზიარეთო, მერე კი – ხალხს ვინღა უსმენს — თვითონ კარნახობენ “მასებს” რის გაკეთებაა საჭირო! – ეს არის ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ძალაუფლება ვითომდა ხალხის სახელით.
ამას პოემაში იქვე მოსდევს “ძალაუფლების ეკონომიკის” ილუსტრაციაც, რის გამოც სტატიაში ვკითხულობთ: “მერე ეკონომიკური საცთურის ჯერი დგება: ალუდას საქონელი თემს უნდა დარჩეს, და სანათესაოს წინააღმდეგ ტერორისაკენ მოწოდება განმეორებით გაისმის. პოემის ბოლოს ვგებულობთ, რომ ყოველივე ისე მომხდარა, როგორც ხუცესმა ბრძანა” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1479).
მარტო ამ პასაჟის (ბერდიას მესამე მონოლოგის) ანალიზიდანაც კარგად ჩანს რაოდენ დაკვირვებით კითხულობს გერმანელი მწერალი ქართულ პოემას, კარგად ჩანს მისი, როგორც ლიტერატორის, მაღალი კვალიფიკაცია, რისი წყალობითაც იგი სრულად გრძნობს თხზულების საკაცობრიო მნიშვნელობას.
რაინერ კირშის სიტყვით, “იგი (ვაჟა-ფშაველა. – ლ. ბ.) გვიჩვენებს, რაოდენ დამახასიათებელია რეალისტი მწერლისთვის დროის წინათგრძნობა, წინათგრძნობა მისი (დროის. — ლ. ბ.) როგორც უგვანი, ასევე დამაიმედებელი შესაძლებლობებისა” (ზინ უნდ ფორმ 1970: 1480).
ამრიგად, “ალუდა ქეთელაური” რაინერ კირშის მიერ განხილულია მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, ყველაზე მაღალი კრიტერიუმების მომარჯვებით, რაც კი მხატვრულ ტექსტს შეიძლება მივუსადაგოთ, და ქართული პოეზიის ამ შედევრმა გაუძლო გამოცდას ჩვენდა სასახელოდ. ერთია, რაოდენ ძვირფასია ჩვენთვის მშობლიური კულტურის არტეფაქტი, და სულ სხვაა, როცა ასევე მნიშვნელოვანი ხდება იგი უცხო კულტურის წარმომადგენლისთვისაც.
ლევან ბრეგაძე
გამოხმაურება