მართალია, თიანელებს ეჯავრებათ წიგნი ჭირივით და გაზეთებიც, რასაკვირველია, მაგრამ მე მაინც უნდა გავაგებინო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ჩვენის პროვინციისა და იმედიცა მაქვს, რომ იმ N-ს გაზეთისას, სადაც ეს წერილი იქნება დაბეჭდილი, ჩვენი გონებით ზარმაცი ინტელიგენცია წაიკითხავს ძალაუნებურად.
მართლაც, არც ისე თავზე ხელაღებულები არიან, რომ იმ ბუდეზე, სადაც ეს არწივები, ყვავები, კაჭკაჭები, ჭილყვავები და სხვანი ბუდობენ, რასაცა სწერენ, არ გაიგონ – არ გაიცნონ. ამ შემთხვევაში ერთის მხრით გრძნობა თავის დაცვისა მუშაობს და მეორეს მხრით გრძნობა, რომელსაც უნდა დავარქვათ, თუ თქვენც ნებას მომცემთ, გრძნობა „კლიაზნუკობისა“.
„კლაუზნი“ ხალხი ვართ და რა ვქნათ, ჩვენსავე პირით ვაღიაროთ ისა სჯობია. რით გავერთვნეთ, რით შევაქციოთ ერთმანეთი, თუ არ ჭორაკუდობით? იმ დალოცვილმა ღმერთმაც მოგვიძულა, არაფერი გასართობი, სასარგებლო, რასაკვირველია, არ მოგვცა და ჩვენც გიჟები ხომ არა ვართ, აუტკივარი თავი ავიტკიოთ და თუნდ მკვდარი სამკითხველო მაინც აღვადგინოთ, ერთად შევიყარნეთ ხოლმე, წავიკითხოთ, რომ ვსაჯოთ ჩვენი ყოფა-მდგომარეობა, ვიფიქროთ, გონებას მოუფინოთ რკინის ქარშიკები, ან კი რას ვამბობ! განა თქმისა და წერის მეტი – არაფერია საჭირო? გვქონდა ხომ ერთ დროს სამკითხველო და უარვყავით, მაშასადამე, უვარგისი ყოფილა და უვარგისს უნდა ვერიდნეთ, როგორც წიდოვანი ფშავლის და ხევსურის დედაკაცები ერიდებიან წმინდა ადგილებს.
მაშასადამე, ფიქრებო, ენა, გასწით იქ, სადაც ბინას იპოვნით, ჩვენ კი მოგვწყდით თავიდამ, ჩვენ ჩიტები ვართ უზრუნველნი. ამიტომ სჯობია ისეთი რამა ვსთქვათ, რომ ნაყოფიც ვიგემოთ ამ ნათქვამისა. რა უნდა ვთქვა ისეთი, რა მოხდა ისეთი ჩვენს პატარა დაბაში სახილებელ-საგემებელი? ბევრი რამა ხდება აქ, მაგრამ ამ ბევრიდამ ცოტაც არ გამოქვეყნებულა, სადღაც ერთი უჩინმაჩინის ორმოში იმალება და ზედ სარველად ალი, ალქაჯი, ეხურება. ხოლო რაც ამ ორ-სამს დღეში, ე. ი. ოცდაერთს და ოცდაორს ამა თვისას მოხდა – იმან ვერ მიაღწია იმ ორმომდე, რადგან არავისაგან ეშინიან, და სამალავი არაფერი აქვს თავის სიმართლისა და სინანულისა გამო; თუმცა ამ საქმის წყალობით ბევრს ჩირქი მოეცხო და ერთი ცხრა-ათი კაცი შეკონილი მეტეხშიც გამოიგზავნა.
ეს საქმე აი რაში მდგომარეობს. საკმაო ხანია, რაც თავადნი ჩოლოყაშვილები დაობენ სოფ. ჩაბანო-ხაიშოს, ყველაზე მეტად კი ერთი მათგანი, სახელდობრ აბელი. ბოლოს ჩოლოყაშვილებს დარჩათ ეს ადგილი და მფლობელობაში შესვლაც მოინდომეს. სოფლელებმა ყურები აცქვიტეს: სადამ, როდის, როგორ, რატომ ჩვენც არაფერი გვკითხესო, ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ყველასაც, ვისაც კი შეხვდებოდენ. პაპას არ გაუგონია აქ სათავადო მამული და პაპის პაპასა, ეხლა საიდამ რა გამოგვიტყვრნესო. დამრიგებელი და მრჩეველი, რასაკვირველია, სხვადასხვა ჯურისა გამოუჩნდებოდა. მაინც საქმე იქამდის მივიდა, რომ ღალის მიცემაზე (ბევრსა თხოვდა, თუ ცოტას, თ. აბელი, მე ამაზე არაფერს ვიტყვი) – უარი გამოუცხადეს ჩაბანო-ხაიშოელებმა, გამაგრდენ, არ დაგმორჩილებით მანამ „დიდის მთავრობის“ „ქაღალდს“ არ წარმოგვიდგენთო, უპასუხებდენ ჩოლოყაშვილს თ. აბელი ბევრსა ცდილობდა, როგორმე დაერწმუნებინა ხალხი და ღალა მოეკრიფნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს დროს ერთი ხერხი მოიგონა თურმე და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხერხი მეტად, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, უმსგავსად უხერხული გამოვიდა. ერთს ბნელს ღამეს თავის ბიჭებით მიჰპაროდა ერთს ფშაველის ბინას, ბაკიდამ გამოერეკა მისი საქონელი შინათვე ჩუმად, ვითომ საძოვარზე მოესწრო, გამოეწია უგზო-უკვლო ადგილზე, ტყეზე, კლდე-ღრეზე, თვითონაც თავის ამალით, რასაკვირველია, უგზო-უკვლოდ მოუხდებოდა მგზავრობა (ნიშნები თ. აბელისა: ბერეზე თავს არ იდებს, კოხტად დადის, უხდება კიდეც).
საქონლის პატრონმა გარიჟრაჟზე გაიგო, რომ საქონელი ბაკიდამ გარეკილია. იმას ეგონა ყაჩაღებმა მომტაცესო; შეატყობინა ეს ამბავი რამდენიმე თავის მეზობელს და ყველანი ერთად გამოეკიდნენ კვალზე ამ ძალად გაყაჩაღებულს პატიოსანს ხალხს.. ხევგძელაზზე მოეწივნენ და გაიგეს, რასაკვირველია, ვინც იყო „ქურდი“, მაინც არ დაიშალეს და შესაშინებლად თოფები დაახალეს. აქ ერთი სხვა რამ მომხდარიყო და თუ გნებავთ იმასაც მოგახსენებთ: თ.აბელს გული შესწუხებოდა და ერთს მდევართაგანს, სახელდობრ, ქუქუას მოესულიერებინა, როგორც თვითონ თავისი პირით ჩოლოყაშვილმა სთქვა, თურმე ბუერით ეზიდებოდა წყალს და ასხამდა პირზე და გულზე. გონს რომ მოსულა, მადლობა გადაუხდია, და უთქვამს: „ოღომც ნუ მომკლავთ და ჩემს ცხენს, ჩემს საქონელსაც თქვენ დაგითმობთო“. ფშაველმაც უპასუხა თურმე : „ჩემი საქონელი მინდა, თქვენ მოსაკვლელად რა ხელი მაქვსო“. თ. ჩოლოყაშვილის ბიჭებმა თურმე თავს უშველეს, საქონელი პატრონმა სახლში დააბრუნა. ეს მაბავი და ღალის მიცემაზე უარის თქმა გახდა მიზეზი მრავალგვარის უწესობისა. ადგილობრივი პოლციაც მოიშველა შემდეგ თურმე აბელმა, მაგრამ კაცების გარდა დედაკაცებმა თურმე უარესი წინააღმდეგობა აღმოუჩინა პოლიციას ქცევითა და კეტებით. არ გამოჩნდა კაცი ხალხის ჩამგონებელი სიტყვით : სიტყვის მაგიერობა მათრახს დაუთმეს, მაგრამ მათხრახმა მათხრახი გამოიწვია, ძალდატანებამ წინააღმდეგობა, საქმემ გუბერნატორამდე მიაღწია; გუბერნატორმა სარბევი (ეკზეკუცია) დანიშნა, საქმის დასამშვიდებლად ქალაქის მაზრის უფროსი გამოგზავნა. ამ უკანასკნელმა აბელზე უკეთესი ხერხი იხმარა: სხვა საზოგადოებიდამ რამდენიმე კეთილ-საიმედო პირი ამოირჩია; დიაღ, კეთილ-საიმედო და არც მოტყუვდებოდა, რადგან ბ-ნი ჯანდიერი წინათ აქა მსახურობდა და იცნობს ყველას, ვის რა ძალა აქვს, ვის რა შეუძლიან. ეს ამორჩეული კაცები წინა დღეს გაგზავნა და მეორე დღეს თავის მხლებლებით ესტუმრა ჩაბანო-ხაიძელებს; საქმე დაწყნარებული, თავის დონეზე დაყენებული დაუხვდა, მისდა სასიამოვნოდ, მშვიდობიანობაც დამყარდა – ეკზეკუცია, საჭიროდ აღარ დაინახეს. მაზრის უფროსს ესიამოვნა, თუმცა კი მრავალი „ურადნიკი“ გულნაკლულად დარჩა, დარჩა იმიტომ, რომ მუქთზე დროების ტარებას „ტიტლი-პიტლის“, „მუქთი სვი და მუქთი ჭამე, ბიჭო ითამაშე“-ს დასცილდა.
ამ საქმის მშვიდობიანად დაბოლოვება ყველა შეგნებულს კაცს ესიამოვნა, ხოლო საწყენად, საფიქრებლად დაგვრჩა ერთი რამ. ეს ერთი რამ გახლავსთ ის ცხრა-ათი კაცი, რომელიც გახდენ მსხვერპლნი უმეცრებისა, უცოდინარობისა გამო, მოაკლდეს თავის საოჯახო საქმეს, თავის ცოლშვილს; იმედი გვაქვს, რომ მთავრობა იმათ საქციელს შეჰხედავს როგორც უმეცრების, უცოდინრობის ნაყოფს და სხვას არას იგულისხმებს.
უცოდრობა, ამბობს ჩვენი ხალხიც, არ ცოდვააო.. მაგრამ მე პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ, რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდრობით ერთხელ საქმე გაუკეთდა, მაშინათვე უცოდინარობას გააღმერთებს.. თუნდა მიწყინოთ, მე ეს ანდაზა ასე უნდა გადავაკეთო: უცოდრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა. როგორ? აი როგორ, თიანეთის მაზრაში ეხლა მიწისმზომელები მუშაობენ, ჰმიჯნავენ მიწებს, სწორედ ეს მიწისმზომელები თავის ტკივილად გარდაექცნენ ფშაველებს. სადაც მოასწრობენ მწყემსს, ართმევენ ყაჩაღურად ცხვრებს, ვითომ იმ მიზეზით, რომ შენმა ცხვარმა „ვეხა“ (სარყი) წამიქციაო. ფასით ნაყიდს მუქთად ნაშოვნი სჯობია, რასაკვირველია, მაგრამ ვგონებ კი, რომ არც ამათ შაერგებათ მუქთად ნაშოვნი ლუკმა. ზოგი მათგანი დღეობებშიც ეწვევა ხოლმე ხალხს და რომ გაიბრუჟება ლუდით, სხვადასხვა გემოვნების დაკმაყოფილებას თხოულობს. ერთს მათგანს მოჰსვლოდა კიდევაც შეტაკება ფშაველებთან და დღესაც საქმე გამომძიებლის ხელშია.
ჯერჯერობით ჩვენი საშინაო ამბების ჯამი ესაა, უფრო საყურადღებო შემდეგში რა იქნება, ღმერმა უწყის და მეც იმედი მაქვს, თუ რამ მოხდება, ვაუწყო „ივერიის“ მკითხველებს.
1891 წელი
გამოხმაურება