ჩვენის პატივცემულის ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის სიკვდილმა ყველას თავზარი დასცა ჩვენს თიანეთშიც. ეს პატარა დაბა სხვა თავის თანამოძმეებთან ერთად ჰგლოვობს დაკარგვას საუკეთესო ძმისა და მასწავლებლისას, ჰგლოვობს ყველა, ვისაც ესმის, რა არის ერი, ერის ისტორია, ეროვნული თვითცნობა…
ამ თვისას, რა დღესაც ეს სამწუხარო ამბავი მოვიდა, შეიკრიბა საყდარში ადგილობრივი საზოგადოება პანაშვიდზე დასასწრებლად, პანაშვიდი გადაიხადა ადგილობრივმა ბლ. მღ. ი. კოშორიძემ, რომელმაც წარმოსთქვა გრძნობიერი სიტყვა განსვენებულის მოღვაწეობის მნიშვნელობაზედ, თუ რა ღვაწლი დასდო მან ჩვენს ისტორიას, რამდენად შეგვაგნებინა ჩვენი წარსული და მოგვანიჭა იმედი მომავლისა. პატივცემულმა მოძღვარმა სწორედ მოსწრებულად შეადარა განსვენებული დიმიტრი ბაქრაძე დიმიტრი თავდადებულს. „ნამეტანი არ იქნება, – სთქვა მღვდელმა, – ითქვას, რომ განსვენებული მეორე დიმიტრი თავდადებულია მამულისათვის. თუ პირველმა მსხვერპლად შესწირა თავი სამშობლოს, თავი დასდო საქართველოსათვის და ამით მოგვცა მაგალითი პატიოსნურის სიკვდილისა, თავგანწირულებისა მამულისა და სჯულისათვის, არც მეორემ დააკლო: ეს გვაძლევს მაგალითს დაუღალავის, განუწყვეტელ, მედგარის შრომისას მამულისა და მეცნიერების გულისათვის, რომელსაც შესწირა თავისი სიცოცხლე, აღსავსე დაუცხრომელის ზრუნვით, როგორც პირველმა, ისე მეორემ.
დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლს შემდეგ ადვილად ვეღარავინ გაჰბედავს შეურაცხყოს ჩვენი თავმოყვარეობა და დაუძახოს ჩვენს ისტორიას ზღაპრული“, და სხვ. ბოლოს სიტყვა დაასრულა ამ ლექსით: „…ვინც რომ წარსულს ივიწყებს, არ ეძიებს, ძლიერ კარგიც რომ იყოს, ნაყოფს ვერ გამოიღებს“.
მიბოძეთ მეც ნება უკანასკნელი სალამი მივცე პატიოსანს მოხუცს, გულწრფელს ქართველს, დაუღალავს მუშაკს, რომელმაც მკერდხავსიანს საქართველოს წარსულს მოჰფინა ნათელი, რომელმან აღზარდა ჩვენში ეროვნული თავის ცნობა, თავის ვინაობის შეგნება, გაგვიღვიძა იმედი მომავლისა და ჩვენს ფრთებშეკვეცილს ეროვნულს გრძნობას ფრთები შეასხა, განამტკიცა ჩვენს გულში იმედი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო, დაუღალავის, მადლიანის მარჯვენის პატრონო ქართველო, დიმიტრი!
1890 წელი
გამოხმაურება