ყველას გვახსოვს სკოლის მერხიდან ვაჟას ლექსი “არწივი”: ვაჰ, დედას თქვენსას ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა. რატომ “ყოვებო” და არა “ყვავებო”, რატომ “ჩაგიგდავთ” და არა “ჩაგიგდივართ”, რატომ “თორო” და არა “თორემ”?
ბავშვობისას ამას, რათქმა უნდა, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ ჩვენს უნებურად და, ალბათ, არაცნობიერად, ასეთნაირი გამოთქმები უცნაურობისა და განსაკუთრებულობის გრძნობას აღძრავდა ჩვენში. მაინცადამაინც არც მასწავლებელები და არც სხვა უფროსები გვიხსნიდნენ თუ რაში იყო საქმე. ლექსის შინაარსი ყველასათვის გასაგები იყო და ჩვენც ბუნებრივად ვითვისებდით ამგვარ ფრაზეოლოგიას. მაგრამ როცა საქმე ვაჟა-ფშაველას პოემებზე მიდგა, აქ, როგორც მახსოვს, მოწაფეები ერთნაირად აღარ ინტერესდებოდნენ…
გულისტკივილით უნდა გავამხილო, რომ ყმაწვილობაში მე გაშინაგნებული არ მქონდა ვაჟა-ფშაველას პოეზია. არ მიყვარდა მისი პოემების კითხვა, მაშინ როცა დიდად ვიყავი გატაცებული “ვეფხისტყაოსნით”, “ქართლის ცხოვრებით”, საბა-სულხანით და ბარათაშვილით. ამ უაღრესად რაფინირებული და ჩემთვის გასაგები ლიტერატურის ფონზე უცნაურად და “არაბუნებრივად” მეჩვენებოდა ვაჟას პოეტური სიტყვა მანამდე, სანამ ერთმა ჩემმა თანატოლმა და მეგობარმა, უკვე სტუდენტობისას, გემო არ გამიხსნა ვაჟას პოეზიისადმი. ეს ჩემი მეგობარი ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის შვილი გახლდათ და და სწორედ მამის დამსახურება იყო ის, რომ შვილს ესმოდა და ამიტომ უყვარდა კიდეც ვაჟას პოეზია.
შინაარსის გაგებაზე არ მოგახსენებთ, შინაარსი ყველას ესმის ასე თუ ისე, – ესმოდა სილამაზე და სიღრმე მისი პოეტური ენისა და აზროვნებისა, ორგანულად მოსწონდა ვაჟას პოეზია, – ეს იყო მთავარი. უფრო გვიან, როცა მთელი სიდიადით განიხვნა ჩემთვის ვაჟას შეუდარებელი და გენიალური პოეზია, მე შემრცხვა ჩემი “გაუცხოებისა” ისეთი ორგანულად ქართული ფენომენის მიმართ, რასაც ვაჟა-ფშაველას ენა და პოეზია წარმოადგენს. მეტიც, შემაძრწუნა იმ აზრმა, რომ ჩემი თვითცნობიერების დადგინების საწყისი პერიოდი მისი დიადი შემოქმედბის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. და ეს მარტო ჩემი ხარვეზი არ იყო, არც მარტო ჩემი თაობისა.
გარკვეული აზრით, ეს იყო შედეგი გასული და ჩვენი საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკის და ქართული საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი უმწიფრობისა და უნიათობისა (ამ “ხარვეზის”, ამ “შინაგანი დანაშაულის” გამოსასყიდად დავწერე შემდეგ “ტრაგიკული ნიღბები”, რომელიც ვაჟას დაბადების 110 წლისთავს ეძღვნება)…
ვაჟა-ფშაველა!..
“ვაჟა” ასე თუ ისე, გასაგები იყო, მაგრამ რას ნიშნავდა “ფშაველა”? ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში სხვადასხვა კუთხეები არსებობს, რომ “ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩვენი სამშობლოა – საყვარელი საქართველო”, მაგრამ არ ვიცოდით, რა იყო “ფშავი” და რას ნიშნავდა ეს “ფშაველა”. სკოლიდანვე ვიცოდით, რომ კუთხეებისადმი მიკერძოება უარსაყოფი იყო, როგორც მოქალაქეობაში, ისე ლიტერატურულ ენაშიც, მაგრამ არ გვესმოდა რა იყო განსაკუთრებული და, მით უმეტეს, საამაყო “ფშაველობაში” (შესაძლოა, არც ახლა გვესმის), რაც ვაჟას სიცოცხლეშივე, ჩვენი ლიტერატურული კრიტიკის მიერ, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, სწორედ ასეთნაირი კუთხურობის გამოვლინებად იყო მიჩნეული. ასეთმა აზრმა ინერციით ჩვენს დრომდე მოაღწია.
ლუკა რაზიკაშვილმა, გენიალურმა ქართველმა პოეტმა ფსევდონიმად აირჩია არა ზოგადეთნიური “ქართველი”, არამედ, როგორც XIX საუკუნის საქართველოში ესმოდათ, კუთხური “ფშაველი” და ეს მაშინ, როცა ჩვენი ერის მამათმთავრები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწეოდნენ ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურული კონსოლიდაციისათვის. არადა თვითონ ვაჟა იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი მამამთავარი, ტრაგიკულად ზუსტი ფორმულის ავტორი: “შინა არ გვეშინავება”, რომელიც, გარკვეული აზრით, ილიას “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” ეხმიანება.
რატომ უნდა “დაპირისპირებოდა” იგი თავისი ფსევდონიმით ქ ა რ თ ვ ე ლ ს, როგორც ფშაველი? საქმეც ის არის, რომ არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა. ლუკა რაზიკაშვილის ეს ფსევდონიმი, უწინარეს ყოვლისა, მისი ლიტერატურული პოზიციის აღმნიშვნელია, უფრო სწორად, ლიტერატურულ-ენობრივი პოზიციისა, აკი ვაჟამ პოეზიაში, სავსებით შეგნებულად, ორიენტაცია აიღო ეგრეთ წოდებულ “ფშაურ დიალექტზე” (როგორც ახლა ვიტყვით) ანუ ზოგადქართული ენის ფშაურ კილოზე. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ვაჟას ფშაური არ მიაჩნდა კუთხური თვალსაზრისით გამოყოფილ “კილოდ”, არამედ ქართული ენის საბაზისო დიალექტის, ე.ი. ქართლურის არქაულ განატოტად.
ფშავში შემონახული ქართულის შეურყვნელობას ვაჟა არაერთხელ ახსენებს თავის წერილებში. ვაჟა-ფშაველას საუკეთესო ქართულად მიაჩნდა ფშაური. ცნობილია მისი გაოცებული თქმა: ფშაველს ქართულს მიწუნებენო! რატომ? იმიტომ, რომ ფშავის ქართული მას ორი უდიდესი ქართველი პოეტის, რუსთაველისა და გურამიშვილის პოეტური ენის მონათესავედ მიაჩნდა და ამ აზრს ერთხმად იზიარებენ ჩვენი დროის ქართველი მწერლები და ენათმეცნიერები. იზიარებენ იმიტომ, რომ მასში დაცულია ძველი ქართული ენის ძირეული სტრუქტურა, რის გამოც იგი უშუალოდ უკავშირდება ქართული ლიტერატურული ენის ათასწლოვან ტრადიციას, უკავშირდება არა როგორც არქაული გადმონაშთი, არამედ როგორც ცოცხალი სალაპარაკო ენა.
“ფშაური” დღეს ჩვენთვის ღრმა ქართულს უნდა ნიშნავდეს, ძირძველ, ფესვეულ ქართულს. ახალი დროის ქართული სალიტერატურო ენის ინტეგრაცია სრულყოფილი ვერ იქნებოდა ამ ათასწლოვანი ენობრივი სიღრმის გაუცნობიერებლად. ერთი უბრალო მაგალითი. ყველას ეხსომება “ალუდა ქეთელაურიდან”: “არ მოგვხდაუა რჯულძაღლო, შამაუჭყივლებს ქისტასა”… აქ “უ” ფშაური გადახრაა, ძველ ქართულად იქნებოდა “არ მოგხვდა-ო-ა”, მაგრამ რა არის ეს უკანასკნელი “ა”?
ძველქართულში ამ “ა” ბგერით კითხვითი ინტონაცია გადმოიცემოდა ისე, როგორც ეს გვხვდება იაკობ ხუცესის V საუკუნეში დაწერილ ქართულ მოთხრობაში “ხუცეს ხარ_ა”, რაც დღევანდელი ქართულით ნიშნავს: “ხუცესი ხარ?”. ეს ფორმა დღესაც გვხვდება ფშავში და არამარტო იქ, და საცნაურია, რომ მან ვაჟაზე დაწერილ მოგონებაშიც გამოჟონა…
განა, საოცარი არ არის, რომ 1500 წლით დაშორებულ ორ გენიალურ ქართულ ნაწარმოებში ერთი და იგივე მორფემაა გამოყენებული, მორფემა, რომელიც უკანასკნელი საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში თითქმის სრულიად გამქრალია? ის, რომ თავის პოეზიაში ვაჟამ შეგნებულად მოიხმარა ფშაური კილო, საკამათო არ არის.
მისი უბრწყინვალესი ლექსის “დევების ქორწილის” პირველ ვარიანტში სწერია: “დევებსა ჰქონდათ ქორწილი”, საბოლოო ვარიანტში კი: “დევებსა ა ქ ვ ი ს ქორწილი”. აშკარაა, რომ ეს გაცნობიერებული კორექტივია. და აქ დგება საკითხი ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური ძირებისა. ვაჟას პოეზიის ფესვი ქართული მითოსის უღრმეს ქვესკნელშია დამარხული, ხოლო ეს უკანასკნელი ფშავ-ხევსურეთის უბრწყინვალეს ხალხურ პოეზიასა და თქმულებებში, უძველეს და უნიკალურ სადიდებლებშია გაცხადებული.
ვაჟა გვერდს ვერ აუვლიდა ფშავ-ხევსურეთის ამ განსაცვიფრებელ, სავსებით უნიკალურ ხალხურ შემოქმედებას, რომლის ბადალი საქართველოს არცერთ კუთხეს არ გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეს “კუთხე”, ფშავ-ხევსურეთის ეს პოეტური არეალი განსაკუთრებულია და “კუთხეების” იერარქიის თავშია მოქცეული. ამიტომ დაირქვა ლუკა რაზიკაშვილმა ეს ფსევდონიმი, რაც მის პოეტურ გენეზისს აღნიშნავდა: “ვაჟა- ფშაველა” – ათასწლოვანი ტრადიციის მქონე ენაზე მეტყველი ქართველი, ძირძველი ქართველი, უაღრესად ქართველი, – ასეთია ამ პოეტური ფსევდონიმის წარმო- მავლობა.
ხალხური აზროვნების სამყაროდან შეთვისებული “ხედვით” არის გამსჭვალული ვაჟას პოეზია და ამიტომ ამ სამყაროს შეუცნობლად გაგვიჭირდება მისი პოეზიის სწორი წაკითხვა, ე.ი. მისი გაგება და შეყვარება. რატომ ვხვდებით “ფშაურ კილოს” უპირატესად ვაჟას პოეზიაში, განსაკუთრებით ეპოსში მაშინ, როცა მისი პროზა, პუბლიცისტიკა და ლექსების დიდი ნაწილი არ ამჟღავნებს ფშაურის სპეციფიკას? იმიტომ, რომ ვაჟას ეპოსის საფუძველი პიროვნების შინაგანი გარდაქმნის ურთულეს პრობლემას ეხება. ამ ეპოსის სიტუაციები და კოლიზიები ფშავ-ხევსურეთის საკრალური თემის მიკროეთნოგრაფიულ წიაღში იშლება და, მაშასადამე, პოეტური ექსპრესიის დინამიკა შესაბამისს სახეებსა და ფაქტურას მოითხოვს. თუ ჩვენ თანდათან არ მივეჩვიეთ ამ მითოსურ სამყაროს, მის შიგნით მოქმედი ადამიანების ცხოვრებისა და აზროვნების წესს, მათ არქაულ ფსიქოლოგიას, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ ვაჟას ეპოსის სიდიადეს, ვერ ჩავწვდებით მის უღრმეს ქართულს, მისი პოეტური ენის განუმეორებელ და განსაცვიფრებელ დინამიკურობას.
მითოსური მსოფლშეგრძნებიდან მოდის ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ზედროულობა, პირველადობა თუ პირველქმნილობა. აქედანვე იღებს სათავეს მისი პირქუში ვიზიონები და ინფერნალური ხილვები, რომ არაფერი ვთქვათ პოეტური სახეების მთელ სისტემაზე, რომლის გაგება და გაანალიზება გაჭირდებოდა მითოლოგიური ასპექტების გაუთვალისწინებლად. მაგალითად: ჩვენ ვერ გავიგებთ, რატომ ეძახის ვაჟა დიდ ქართველ მამულიშვილებს “პიროფლიანებს”, თუ არ გვეცოდინება, რომ ეს ტერმინი ღვთაებათა ატრიბუტია და, ამდენად, სპეციფიკური შინაარსის მატარებელია. ან ღრმად ვერ ჩავწვდებით მისი ერთი უბრწყინვალესი ლექსის აზრს, რომელშიც არწივის მხარზე დაჯდომასთან არის გაიგივებული შთაგონება, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ფრინველთა სახით ღვთისშვილნი, ე.ი. ანგელოზები ასხდებოდნენ მხარზე მათ მიერ არჩეულ “ღაბუშებს”, რაც მათ მედიუმურ ცოდნას და ღვთაებრიობას ანიჭებდა.
ჩვენ ვერ მივხვდებით, რატომ დაარქვა თავის ერთ-ერთ უმშვენიერეს პოემას ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი”, თუ არ გამოვიძიებთ, რომ იგი საკრალური ხასიათის იდიომიდან მოდის: ფშაურ სადიდებელში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამჩენი ღმრთისაგან ნაბადები ანგელოზები “ღვთის ნების აღმსრულებელი ცის მასკვლავნი, ერთურთის მ ო დ ე – მოძმენი და სტუმარ-მასპინძელნი” არიან.
ამ საკრალურ ფორმულას ღრმა ქვეტექსტი ახლავს. კაცნი, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის ძმები, სტუმარ-მასპინძელნი, ან, რაც იგივეა, მოყვასნი და, მაშასადამე, სწორფერნი ანუ თანასწორნი არიან ღვთის წინაშე.
აღაზა და ზვიადაური, ალუდა და მუცალი აკი სიკვდილსა და წარმომავლობაზე აღმატებულ ამ ღვთაებრივ მოდე-მოძმეთა მოდელის მიხედვით გამოძერწა პოეტმა.
ჩვეულებრივ, მიაჩნიათ, რომ “მითოსური” პრიმიტიულთან არის ასოცირებული, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ ახალ დროში მითოსური მოდელები და არქეტიპები საგანთა და მოვლენათა ტიპობრივი განჭვრეტისთვის არის გამოყენებული.
თომას მანი წერს: თუ კაცობრიობის ცხოვრებაში “მითოსური” ადრეული და პრიმიტიული საფეხურია, პიროვნების ცხოვრებაში ეს საფეხური გვიანდელი და მოწიფულობისმიერია.
ვაჟას არ დასჭირვებია ასეთი გზის გავლა. იგი იმთავითვე მითოსური წარმოსახვებითა და არქაული ყოფით აღბაჭდილ გარემოცვაში აღმოჩნდა ჩართული. ეს გარემოცვა მისთვის ჩვეულებრივ ყოფიერებად უნდა ყოფილიყო აღქმული. და სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მის გენიალურ ინტუიციას და ღრმა თვითცნობიერებას, რამაც საშუალება მისცა პოეტს განეჭვრიტა, შეეცნო და თავისი მხატვრული მიზნებისთვის გამოეყენებინა ქართული მითოლოგიის უმდიდრესი საგანძური.
მთავარი ის არის, რომ მან “დასძლია” და ამიტომ გამოიყენა ეს განძი. მაგრამ გარკვევით უნდა აღინიშნოს ისიც, ვაჟა-ფშაველას თავად პოეტურ ცნობიერებას, თავად მის პოეტურ ხედვასა და მსოფლშეგრძნებას აზის ბეჭედი არქაული მითოსურობისა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ნიჭით ცხებული თანამედროვე ხელოვანი იყო…
თვითონ ვაჟას პიროვნებასაც უნდა ვიცნობდეთ. მას წინაპართაგან ნაანდერძევი ხასიათი ჰქონდა. ამ ხასიათის უპირველესი თვისებებია უტეხობა, მეომრული სიქველე და სიამაყე. სწორედ ამ თვისებების გამო იყვნენ ვაჟას წინაპრები თემის თავკაცები და სოფლის მოსარჩლენი. მათი ცხოვრების წესი შეუვალად ტრადიციულია. ათასი წელი არ შეშლილა ეს ტრადიცია. მაგრამ დროის სული თავისას ითხოვს. ვაჟას მამა არღვევს ტრადიციის ამ დახშულ წრეს. მას უნდა გაიჭრას “დიდ ქვეყანაში”: “ჩემი სული სიყმაწვილითვე ჩემი მშობლების სადგომ სახლში ვერა თავსდებოდა”, – ასეთ, უცნაური ნაღველით გამსჭვალულ სიტყვებს ამბობს იგი თავის თავგადასავალში.
პავლე რაზიკაშვილი, ვაჟას მამა, ორბის ფრთის კალმით სიპ ქვაზე სწავლობს წერა-კითხვას, რის გამოც მამამისმა თოფით მოკვლა დაუპირა: “წიგნის მიმდევარი კაცი ჩვენს ჩვეულებაზედ ხელს აიღებსო, არც ჩვენს ხატებს იწამებსო”, – ასეთი იყო კერპადქცეული ტრადიციის განაჩენი. მაგრამ პავლე რაზიკაშვილიც “კერპის ნაგლეჯია”, იგი არ იშლის თავისას. და მას აღარ უშვებენ სოფლის ყრილობაში. სოფელი მოიკვეთს, გაკიცხავს და დასწყევლის თავისი დროის ამ ნამდვილ ალუდა ქეთელაურს.
ვაჟა-ფშაველა უკვე “დიდი ქვეყნის” შვილი იყო, ბიბლიასა და ძველქართულ ლიტერატურაზე აღზრდილი ჭაბუკი, პეტერბურგის უნივერსიტეტის მსმენელი, ილიას მოწაფე, თავდადებული მამულისშვილი. ჭაბუკმა ვაჟამ ზეპირად იცის ლესინგის “ლაოკოონი”, გატაცებით კითხულობს გოეთეს და ტოლსტოის, ხოლო გერმანიიდან ახლადჩამოსულ გრიგოლ რობაქიძესთან პაექრობაში ჰეგელის “ლოგიკის” განსაცვიფრებელ ცოდნას ამჟღავნებს.
მაგრამ “დიდი ქვეყნიდან” იგი წინასწარი განზრახვით ბრუნდება ფშავში. იგი უბრუნდება თავის სოფელს, ხატებსა და სალოცავებს, როგორც აღთქმულ ქვეყანას, რადგან “ფშავი” მისთვის სამშობლოს თბილი და პოხიერი დედა-მიწა, ამქვეყნიური ნავთსაყუდელი ანუ “ყოფიერების სახლია”, ის “შინა”, რომელიც მას “ეშინავება”.
ვაჟას ცნობიერებაში უცნაურად არის შერწყმული მთაში მიყუჟული მეომარი და მოლექსე ხალხის არქაული ხედვა და ცივილიზებული ქართველი კაცის ფსიქოლოგია. ერთი მხრივ, იგი მიწის მუშა და მონადირეა, თემისა და ქრისტიანულ წესზე მდგარი ოჯახის წევრი, მეორე მხრივ, პეტერბურგში ნამყოფი განსწავლული მოქალაქე, რომელიც ოსტატურად თამაშობს ბილიარდს, თბილისში ზოგჯერ ტროსტით დადის, ხოლო ზეპურ საზოგადოებაში უძვირფასეს სიგარას ეწევა, თუმცა არ იყო მწეველი. დაძინებისას ქრისტიანულ “ღმერთო შენითა და არა ჩვენითას” ამბობს, თანასოფლელთა შორის გულგახსნილი ამაყად აცხადებს: “ნაწილიანი ვარ, ნაწილიანი” (ნაწილი, მზის სიმბოლო, ბეჭებს შუა ჰქონდათ აღბეჭდილი ღვთისშვილებს), ხოლო გულმოსული “საკრამენტოს” ძახილით იოხებს გულს. ჩვეულებრივ, ფანდურზე უკრავს და, რა თქმა უნდა, ფშაურ ლექსებს წაიმღერებს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ლერმონტოვის სტრიქონებსაც ღიღინებს.
ვაჟა კარგად იტანდა ხუმრობას და თვითონაც ხუმრობდა, მაგრამ არ იცოდა სიცილი, მხოლოდ გაიღიმებდა. ეს დიდად საცნაურია: ჰადესის მხილველი გულიანად ვერ გაიცინებს. განრისხებისას მძვინვარე იყო, ჩვეულებრივ კი, მშვიდი, ბავშვივით გულჩვილი და მგრძნობიარე, – ნაამბობზეც კი აუჩუყდებოდა გული და ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე. და ესეც უაღრესად საცნაურია: მხოლოდ ასეთი გულის პატრონს შეეძლო დაეწერა “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ქუჩი”, “ხმელი წიფელი”…
ვაჟას შემოქმედება ჯერ არ არის საკადრისად შესწავლილი და შეფასებული. ახალი დროის შუქზე სულ სხვანაირად იკითხება იგი. ვაჟა განუზომლად ახლოს დგას ჩვენთან, ვიდრე თანამედროვეებთან, მაგრამ ჩვენთანაც არ დგას ძალიან ახლოს. ვაჟა-ფშაველა მომავლის პოეტია.
თამაზ ჩხენკელი, 1980
გამოხმაურება