ვაჟა-ფშაველას ფენომენისადმი ქართველი საზოგადოების მიმართების შესწავლა დიდი მგოსნის სიცოცხლეში და დღესაც უაღრესად საინტერესო სოციალურ-ლიტერატურული პრობლემაა. მძაფრად აღიქმება ამ პრობლემის ღირებულება იმიტომაც, რომ ჩვენი ეროვნული ცხოვრების წიაღში ურთულესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული პროცესების პირობებში მოვლენილი ეს მართლაც საკაცობრიო ფიქრთა მპყრობელი პოეტი სწორედ რომ „ქართული ხელოვნების სულის განმასახიერებელი გენიოსი“ (არტურ ლაისტი) აღმოჩნდა. ასეთი მოვლენა ყველა დროსა და სივრცეში გამოკვეთილად ინახავს და ასხივებს უნიკალური ეროვნული კოლორით აღბეჭდილ ზოგადკაცობრიულ სულიერ ფასეულობებს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ერის რჩეულთა შორის ვაჟას მიმართ თავჩენილი სითბო-სიყვარულის ამოუწურავი გრძნობის გვერდით, თვალშისაცემია ტოტალიტარიზმისა და ნეოტოტალიტარიზმის ეპოქაში XIX და XX საუკუნის საქართველოს ტრაგიკული ხვედრის გამო, თავის დროზე რუსული ბიუროკრატიული ოფიციოზის მიერ დანერგილი, კანონიზირებულ დოკუმენტთა გაფეტიშების კომპლექსი. აქედან იღებს სათავეს ის გაორებული მიმართება ვაჟა-ფშაველას ფენომენისადმი, რომლის დანალექებმა ნიჰილიზმის, ზედაპირულობის, ინდიფერენტიზმის ფორმით არაერთხელ იჩინა თავი XIX, და განსაკუთრებით, XX-XXI საუკუნის საქართველოში.
სხვა დროსაც არაერთგზის თქმულა და ამჯერადაც შეიძლება გავიხსენოთ, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას მხატვრული სამყაროს შეფასების ჟამს წარმოშობილ გაუგებრობებს, არამედ ამ ჭეშმარიტად დიადი შემოქმედის ყოფითი ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის მიმართ აგორებულ „ჭორის ჭურებსაც“, სიცოცხლეშიც რომ უწამლავდნენ გენიალურ მგოსანს წუთისოფელს და სიკვდილის შემდეგაც არ ასვენებენ მის ნათელ სულს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მოვლენა არაა ოდენ ქართული მენტალობის შტრიხი. ის გლობალური მოვლენაა და სათანადო ინტერესის გამომჟღავნებისას მას შეიძლება მრავალი ანალოგია-პარალელი დაეძებნოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ცხოვრებაში. ასე, რომ ამ მხრივ არც ვაჟა-ფშაველაა გამონაკლისი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება გოეთეს ცნობილი მაქსიმის – „ძლიერი შუქი ძლიერ ჩრდილს გამოსცემს“ – ფსიქოლოგიური საფუძვლის ჭეშმარიტება; მით უფრო, რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ შუქი კი არა, ქართული პოეზიის და ერთიანად ჩვენი ეროვნული კულტურის მზეცაა, – მზე, რომელსაც, ქართველთათვის მაინც, ჩასვლა არ უწერია. ასეთ ვითარებაში ყურადღებას იქცევს ერთი ფაქტი ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიიდან.
ვფიქრობთ, საგანგებო ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მწერალთა და, საზოგადოდ, ხელოვანთა შემოქმედებით სამყაროსთან დასაახლოებლად მათს პიროვნულ ცხოვრებას. თუმცაღა მაინც გავიხსენებთ ზოგიერთ რჩევას. იყო ხანა, როცა ხელოვანთა ბიოგრაფიის მათსავე შემოქმედებასთან კორეგირებისას ცალკეული რომანტიკულად განწყობილი მოაზროვნე და მწერალი დაჟინებით იმასაც კი ამტკიცებდა, რომ „შექსპირის ერთადერთი ბიოგრაფი თავად შექსპირია“, მისივე ნაწარმოებებიაო. მაგრამ არც თუ დიდი ხნის შემდეგ ისიც გაირკვა, რომ „ლიტერატურის ისტორიის და კრიტიკის სფეროში, შეიძლება ითქვას, არ არის უფრო საყურადღებო, უფრო სასიამოვნო და ამასთან კიდევ უფრო დიდად სამოძღვრო საკითხავი, ვიდრე დიდ ადამიანთა შესახებ დაწერილი ბიოგრაფიებია“. უფრო მეტიც: სახელოვან მწერალთა და ხელოვანთა საქვეყნოდ ცნობილი ბიოგრაფი, თავად შესანიშნავი მწერალი ანდრე მორუა კი ასე გვმოძღვრავს: „ბიოგრაფია შესანიშნავი ლიტერატურული ჟანრია,“ მაგრამ „ლიტერატურის ისტორიკოსები მას სათანადო ადგილს არ უთმობენ“.
ლიტერატურისმცოდნეობის განვითარების თანამედროვე დონეზე ასევე ფიქრობენ, რომ „ბიოგრაფია მწერლის ფენომენოლოგიის შთამბეჭდავი რეალიზებაა“. მისი ღირებულება და სპეციფიკა კი „სახელდობრ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ჯეროვნად ვლინდება მწერლის ადამიანური ნატურის დასრულებული მთლიანობა-ნაირფეროვნება და იმაშიც, რომ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შემწეობით ის გვაბრუნებს მისი ავტორის ცხოვრების სფეროში“. ამ კონტექსტში ხშირად იმარჯვებენ კარლ გუსტავ იუნგის გამონათქვამს, რომ „გოეთეს კი არ შეუქმნია „ფაუსტი“, არამედ „ფაუსტის“ სულიერმა კომპონენტებმა შექმნა გოეთეს პიროვნება“. ამიტომაცაა, რომ, პოლ ვალერის თქმისამებრ, მწერალთა ბიოგრაფიებში მოქცეული „აუხსნელი პატარა ფაქტები ყოველთვის შეიცავს რაღაც ისეთს, რასაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს დიდი ფაქტების ნებისმიერი ინტერპრეტაცია“; ხოლო სხვა შემთხვევაში, ანდრე მორუას სიტყვით, ამ ფაქტთაგან „საჭიროა დავიმახსოვროთ მხოლოდ ის, რაც მისი ავტორის გაგებაში დაგვეხმარება“.
სახელგანთქმული მოაზროვნე და მწერალი, ექსისტენციალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჟან პოლ სარტრი ხელოვანთა ბიოგრაფიული მონაცემების შემოქმედებითი ღირებულებების გასაცნობიერებლად, საკუთარ თვითდაკვირვებებზე დამყარებით, ასეთ რჩევას გვთავაზობს: „მე ვცდილობ, გავიგო ადამიანი მისი წიგნების საშუალებით და ჩემი ამოცანაა, ადამიანისაგან მიღებული შთაბეჭდილებების ნიადაგზე გავიაზრო მისი წიგნები… ეს ერთიანი დიალექტიკური პროცესია“.
ასეთია ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში სახელოვან მწერალთა და სწავლულთა მიერ ხელოვანთა შემოქმედებითი ცხოვრების შესასწავლად ბიოგრაფიის ღირებულების შესახებ მოწოდებული ზოგიერთი მოთხოვნა.
ამ თვალსაზრისით, ქართულ სინამდვილეში, თუკი ვინმეს მთელი სიგრძე-სიგანით ჰქონდა გაცნობიერებული მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფიების განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს, პირველ ყოვლისა, თვით ვაჟა-ფშაველას მიერ „ერის მამად“ წოდებული ილია ჭავჭავაძე იყო. მან კარგად უწყოდა, რომ „პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა მხოლოდ კაცთა ღვთივრჩეულთა“. მისი არსის ახსნას და პოეზიის, ხელოვნების საიდუმლოებათა წვდომას ანუ ჭეშმარიტი შემოქმედებითი ბიოგრაფიის აგებას მხოლოდ მაშინ მოახერხებს მკვლევარი, თუკი ის მწერლის გარე და შინა სამყაროს ურთიერთკავშირს დაადგენს. ილიას აზრით, ამ შემთხვევაში ლიტერატურის ისტორიკოსის მიზანი სათავეს იღებს „ადამიანის ბუნების წყურვილში“, წვდეს, „წაიკითხოს და თვალწინ გაგვიტაროს“ ამა თუ იმ მწერლის პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრება, რადგან „ამისთანა კაცის ისტორია ხომ ჩვენი საკუთარი ისტორიაა“. საკუთრივ ლიტერატურის ისტორიკოსის ერთ-ერთ ამოცანად ილია იმას მიიჩნევს, რომ მწერლის «სულში და გულში ჩაგვახედოს“. ეს დამყარებული უნდა იყოს საბუთიანობაზე, რომლის ერთი პირველწყაროთაგანი, სხვა მასალათა შორის, მწერლის ბიოგრაფიაა. მისი აზრით, ეროვნული ცნობიერების გამოსაფხიზლებლად და „რამდენიმე საფეხურით მაღლა ასწევად“ ლიტერატურის ისტორიკოსის ღვაწლს ილია ჭავჭავაძე „თვალსაჩინო და თავმოსაწონებელ“ საქმიანობად სახავს. ამიტომაცაა. რომ იგი „სიამოვნებით და მადლობით“ ეგებება ხოლმე ამ მიმართულებით გაშლილ მუშაობას.
ვფიქრობთ, ესაა მაინც დამიანის შესაძლებლობებისადმი რწმენით აღვსილ და ჯანსაღი სულიერი ღირებულებებისადმი ერთგულ მწერალ-მოაზროვნეთა პოზიცია, ხედვა იმ ტიპის მოაზროვნისა, რომელიც საფუძველშივე უცხადებს ომს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის, – ამ ყველაზე „სასტიკი და სისხლიანი საუკუნის“, – უარყოფითი ნიშნით დაღდასმულ „ცრუარისტოკრატიას“, „ცრუინტელიგენტს“, ათეიზმით, კოსმოპოლიტიზმით, ნიჰილიზმით დაშხამული ჯანყისა და რევოლუციის მოლოდინსა თუ მის წიაღში შობილ „განებივრებულ ბავშვს“ ანუ „ამბოხებულ ველურს“. ამ ფონზე, როცა იგორ სტრავინსკის თქმით, „ადამიანი კარგავს ღირსების გრძნობას“, აბსურდის განცდა ბატონდება სამყაროში და, ღირებულებათა გაუფასურების პირობებში, ბუნებრივია, ნიჰილისტური მიდგომა ფეხს იკიდებს არა მხოლოდ ყოფაში, არამედ სულიერი შემოქმედების სფეროში და მათ შორის მწერალთა ინდივიდუალების, თვით ბიოგრაფიების, შეფასებაშიც. მაგრამ ესაა არა სენტ ბიოვის ან ილია ჭავჭავაძისნაირ გაუბზარავი სულის მწერალ-მოაზროვნეთა თავში შობილი აზრი, არამედ ისეთ ადამიანთა პოზიცია, რომლებისთვისაც მიუღებელია „ღვთაებრივი სამყაროს პარამეტრები“.
ვაჟა-ფშაველა კი თავისი მრწამსით, აღზრდით, ყოველდღიური ცხოვრების წესით სწორედ რომ გაუბზარავი, მთლიანი, ჯანსაღი სულიერების მატარებელი ადამიანის მეხოტბეა და, როგორც მოაზროვნე და ინტელექტუალი, თანამედროვეთაგან ილია ჭავჭავაძის ღირსეული სულიერი მემკვიდრე. თუმცა, ტიციან ტაბიძის თქმით, მან „გაიარა თანამედროვე პოეზიის შხამიანი გზა; მან იცოდა XIX საუკუნის ყველა საწამლავი“, მაგრამ სადღეისო გადასახედიდან საგულისხმო მაინც ისაა, რომ „კულტურის კრიზისის“ ფაზაში მყოფ გლობალურ სივრცეშიც იგი ადამიანთა შორის სიყვარულის, სიცოცხლის ღირებულებების მოუღლელ ქადაგად დარჩა.
ამიტომ არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იგი ასრულებს გულშემატკივარ მეგობართა თხოვნას და იწყებს საკუთარი ბიოგრაფიის წერას, სათაურით – „ჩემი წუთისოფელი“, სადაც მგოსანი მკითხველს აუწყებს: „რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთ ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისთვისა და მკითხველისთვისაც, ვიდრე მოგონილსა და ნაკეთებს“. უკანასკნელად, 1912 წელს, საკუთარ ბიოგრაფიაში გაპარულ უზუსტობათა გამო, ვაჟა კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს და პრესის საშუალებით (გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1912, № 584) მთელი საქართველოს გასაგონად განაცხადა: „თუ ბიოგრაფია იწერება, უნდა დაიწეროს სიმართლით, ნამეტნავად სიყალბე უნდა შესწორდეს ჩემს სიცოცხლეშივე, რადგან იგი ჩემი სიკვდილის შემდეგაც იბარტყებს საკმაოდ“. აქ წარმოდგენილი პროგნოზი – „სიყალბე ჩემი სიკვდილის შემდეგაც იბარტყებს საკმაოდ“ – დიდი მგოსნის მრავალ წინასწარმეტყველურ პროგნოზთა შორის გამართლდა, და მერე როგორ? „სიყალბემ“ სწორედაც რომ „იბარტყა“ ვაჟას სახელის გარშემო მრავალგზის, მაგრამ მერე რა?!. „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!“ რა დააკლდა ამით ვაჟას? გამჟღავნდა მხოლოდ ქართული საზოგადოების ინდიფერენტიზმი დიდ პიროვნებათა მიმართ, ჩვენი ცხოვრების სოციალურ-კულტურულ დინამიკას რომ აფერხებდა ყოველ დროში და გარკვეულწილად დღესაც თავის შინაგან მოუმწიფებლობას რომ ადასტურებს.
აღნიშნულის ერთი გამოვლენაა პოეტის ბიოგრაფიის, კერძოდ, მისი დაბადების თარიღის დადგენასთან გაპარული ის ერთი შეხედვით, „მცირე“ უზუსტობა, რომელიც ვაჟას „მცირე შენიშვნის“ სახელწოდებით ცნობილი რეპლიკის პრესაში გამოქვეყნების საბაბი გამხდარა. როგორც ირკვევა, პოეტს „მცირედ“ კი არა, მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიუჩნევია ის გარემოება, რომ მის თხზულებათა გამომცემლები ფაქტობრივ შეცდომებს უშვებდნენ ბიოგრაფიის შედგენისას.
თავის დროზე ეს საკითხი საგანგებოდ შეისწავლა სოლომონ ყუბანეიშვილმა და თავის წიგნში „ვაჟა-ფშაველა (დოკუმენტები და მასალები)“, – რომელიც ორჯერ გამოიცა 1937 და 1961 წლებში, – ცალკე თავადაც გამოყო ეს პრობლემა. მან მისთვის ჩვეული კეთილსინდისიერებით საყურადღებო დოკუმენტური მასალა მიაწოდა მკითხველ საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით არსებული ვითარების ცხადსაყოფად, თუ რამდენად ღირებულია ეს მასალა და უფრო მეტად – მასზე დართული კომენტარი, პუბლიკაციას მოვიხმობთ სრულად.
აქ კი შემდეგს ვკითხულობთ:
ვაჟას დაბადების თარიღი
ვაჟას დაბადების თარიღში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ზოგი მის დაბადებას 1861 წელს მიაწერს, ზოგი 1862 წ., ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სპეციალურად შევეხოთ ამ საკითხს, რომ ერთხელ და საბოლოოდ გამოირკვეს პოეტის დაბადების ნამდვილი თარიღი, მით უმეტეს, რომ, როგორც სჩანს, თვით ვაჟასაც კი არ სცოდნია, თუ რომელ წელსა და თვეში დაიბადა ის.
1911 წლის მიწურულში ქართველთა შორის წ. კ. გამ. საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ გამოსცა ვაჟა-ფშაველას სამი საყმაწვილო მოთხრობა, რომელსაც ივ. გომელაურმა ვაჟას მოკლე ბიოგრაფია დაურთო. აღნიშნულ ბიოგრაფიაში ივ. გომელაურს ვაჟას დაბადების თარიღი 1861 წ. აქვს ნაჩვენები და ამასთან ერთად მოთხრობილი აქვს, თითქოს ვაჟას პირველდაწყებითი სწავლა ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიეღოს, შემდეგ გორის საოსტატო სემინარიაში, ხოლო კურსდამთავრებული ახალგაზრდა ვაჟა თითქოს სოფ. ჩარგალში დაენიშნოთ მასწავლებლად და სხვა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერება. როგორც სჩანს, ვაჟა ამ ყალბ ცნობებს აუღელვებია და 1912 წლის „სახალხო გაზეთის“ 584 ნომერში „მცირე შენიშვნის“ სათაურით ათავსებს შემდეგ წერილს:
„ჩემი ნაწერების გამომცემლების საყურადღებოდ ვწერ ამ შენიშვნას, რომ დღევანდელი შეცდომა არ გამეორდეს: ბ. ივ. გომელაურმა დაბეჭდა ცალკე წიგნაკად ჩემი სამი საყმაწვილო მოთხრობა სათაურით: `სამი საყმაწვილო ამბავი“. აქვე ჩაურთავს ჩემი ბიოგრაფია, სადაც ბლომად შეცდომები შეჰპარვია პატივცემულ გამომცემელს. საჭიროა ამ შეცდომების შესწორება: თუ ბიოგრაფია იწერება, უნდა დაიწეროს სიმართლით, ნამეტნავად სიყალბე უნდა შესწორდეს ჩემ სიცოცხლეშივე, რადგან იგი ჩემი სიკვდილის შემდეგაც იბარტყებს საკმაოდ.
მე დავიბადე სოფ. ჩარგალში 1862 წ. 15 მაისს, არა დროს მე ჩემ სოფელში სასწავლებელში არ მისწავლია და არც მასწავლებლად ვყოფილვარ. პირველად მამაჩემმა მიმაბარა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ სასწავლებლის მე სამე კლასიდან მე შევედი ტფილისის სამოქალაქო სკოლაში, რომელიც ინსტიტუტთან არსებობს. სამოქალაქო სკოლაში რომ დავასრულე კურსი, შემდეგ გორის სემინარიაში შევედი. როცა იქაც სწავლა დავამთავრე, დამნიშნეს მასწავლებლად ტოლადსოფელში (ერწოში), სადაც ერთი წელიწადი დავყავი და შემდეგ პეტერბურგში წავედი უნივერსიტეტში ლექციების მოსასმენად… დანარჩენ ცნობებზე, რაც ბ. ივ. გომელაურსა აქვს მოყვანილი ჩემს ბიოგრაფიაში, არაფერი მეთქმის“.
ამ საყურადღებო დოკუმენტიდან სჩანს, რომ ვაჟა 1862 წ. მაისს 15 დაბადებულა და ერთის შეხედვით თითქოს საკითხი ამოწურულიდ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტები ამ საკითხის შესახებ საწინააღმდეგო ცნობებს გვაწვდიან.ჩვენ ხელთ არის ვაჟა-ფშაველას ნაქონი შემდეგი მეტრიკული ამონაწერი, რომელიც მას ტფ. ალექსანდრეს სახ. სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში შესვლის დროს აუღია.
Свидетельство
Дано сие священническому сыну Луке Разикову в том, что он, Разиков, в метрической книге Чаргальской Святогеоргиевской церкви, за тысяча восемьсот шестьдесят первый год в графе мужескаго пола под №8 записана статья, родился четырнадцатого июля, а двадцтать второго того же ме месяца крещен (Лука). Родители его: житель селения Чаргали, причетник Чаргальской Святогеоргиевской церкви Павел Разиков и законная жена его Варвара, оба православного вероисповедания. Восприемником был благочинный и Кавалер Тионетского Округа Иов Цискаров, а таинство крещения совершил Священник Чаргальскаго прихода Йоссей Давидов сын Геладзе с причетником Василием Цоцкораули.
В чем подписью моею и приложением церковной печати удостоверяю Священник Чаргальской Святогеоргиевской церкви Георгий Геладзе.
1877 года 17 сентября.*
[*დოკუმენტები ინახება ყაზბეგის მუზეუმში]
როგორც სჩანს, ამ მეტრიკული ამონაწერით, ვაჟა დაბადებულა 1861 წ. 14 ივლისს. ასე რომ არც წელი და არც თვე დაბადებისა ვაჟას მოცემულ ცნობებს არ ეთანხმება.
აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: გორის სემინარიის ყოფ. მასწავლებელმა სუდაკოვმა, რომელიც დაახლოებით იცნობდა ვაჟას, წერილობით გვაცნობა და პირად საუბრის დროსაც დაჟინებით გამიმეორა შემდეგი: „სემინარიაში მისაღებად ვაჟამ კანცელარიაში გადმომცა თავისი საბუთები, მაგრამ მიღებას ხელს უშლიდა მისი წლოვანების სიდიდე. მაშინ ვაჟა მეტრიკით უკვე 20 წლისა იყო, ამიტომ ვურჩიე წასულიყო სოფელში და წლოვანება დაკლებული მეტრიკა მოეტანა. Aასეც მოიქცა. წავიდა თავის სოფელში და მოიტანა ახალი მეტრიკა, რომელშიაც ნამდვილ წლოვანებას სამი წელი ჰქონდა დაკლებული“.
ასე რომ სუდაკოვის ცნობით, ვაჟა 1859 წელს ყოფილა დაბადებული.
ისმება კითხვა, ამ სამ თარიღს შორის (1859, 1861, 1862) რომელია სწორი? ჩვენი აზრით, ზედმეტია ლაპარაკი სუდაკოვის მიერ მოცემული ცნობის სინამდვილეზე. აღნიშნული ცნობის გამოსარკვევად, ჩვენ მივმართეთ საქ. მმაჩის სამმართველოს, სადაც 1861 წლის მეტრიკულ ჩანაწერ წიგნში ვაჟას დაბადების თარიღი აღმოჩნდა ისე, როგორც ზემოთ მოყვანილ მეტრიკულ ამონაწერშია აღნიშნული. თანაც არავითარ გადასწორებებს იქ ადგილი არ აქვს. ვაჟა აღნიშნულ წიგნში ჩაწერილია შემდეგი სახით:
- ა) სათვალავი დაბადებულთა: მამათა სქესი: 8.
- თვე და დღე: დაბადება –
- ბ) ივლისის იდ. ნათლისღება – კბ.
- გ) სახელები დაბადებულთა: ლუკა.
- დ) წოდება, სახელი, მამის სახელი და გვარი მშობელთა და რომლისა სარწმუნოებისა არიან: ჩარგლის წ-ის გიორგის ეკლესიის პრიჩეტნიკი პავლე რაზიკოვი და სჯულიერი ცოლი ამისი ბარბალე ფხიკლესშვილის დავითის ასული. ორივენი მართმადიდებელის სარწმუნოების აღსარებისანი.
- ე) წოდება, სახელი, მამის სახელი და გვარი მიმრქმელთა: მიმრქმელი თიანეთის ოკრუღის ბლაღოჩინი და კავალერი ივობი ცისკაროვი.
- ვ) ვინ აღასრულა საიდუმლო ნათლის ღება: ჩარგლის წ-ის გიორგის ეკლესიის მღვდელმა იასე გელაძემ (ამავე ეკლესიის პრიჩეტნიკის პავლე რაზიკოვისათა).**
[**ფრჩხილებში მოთავსებული სიტყვები დედანში წაშლილია. დოკუმენტი ამოწერილია საქ. მმაჩის სამმართველოს არქივიდან]
არც თვით ვაჟა-ფშაველას ცნობა არის სწორი, რომ თითქოს ის 1862 წ. 15 მაისს იყო დაბადებული. 1862 წლის ჩარგლის ეკლესიის მეტრიკულ წიგნში არცერთი რაზიკაშვილთაგანი არ არის დაბადებულად აღნიშნული.
ჩვენს მოსაზრებას მხარს უჭერს შემდეგი ფაქტიც: 1879 წ. ვაჟამ დაამთავრა ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელი და იმავე წლის სექტემბერში გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. სემინარიაში მისაღებ საგამოცდო ჟურნალში ვაჟა 18 წლისად არის აღნიშნული და სწორიცაა, რადგანაც კურსის დამთავრებისას, 5 ივნისს, ის სრული 17 წლისა იყო და მე-18-ში იმყოფებოდა, ხოლო 14 ივლისს შეუსრულდებოდა 18 წელი და მე-19-ში გადადგებოდა; ეს ფაქტიც იმას ადასტურებს, რომ ვაჟა მართლაც 1861 წ. ივლისის თვეში ყოფილა დაბადებული.
ასე რომ, არსებული საბუთების მიხედვით, ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღი 1861 წ. 14 ივლისი უნდა იქნეს მიჩნეული.
როგორც ვხედავთ, ს. ყუბანეიშვილის მიერ დაწვრილებითაა აღნუსხული ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღთან დაკავშირებული თითქმის ყველა დეტალი: ოღონდაც, ავტორი – ოფიციალურად დადასტურებულ დოკუმენტებზე დამყარებით თავის სიმართლეში დარწმუნებული – კატეგორიულად ასკვნის: „როგორც სჩანს, თვით ვაჟასაც კი არ სცოდნია, თუ რომელ წელსა და თვეში დაიბადა ის“ (დასახ. წიგნი, გვ. 46), რითაც უკვე იმთავითვე გამორიცხავს პოეტის სტატიის – „მცირე შენიშვნა“ – შექმნის მიზეზს. მით უფრო, რომ რატომღაც თავის ამ უაპელაციო განაცხადს ურთავს კომენტარს, რომლის თანახმად, „არსებული საბუთების მიხედვით, ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღი 1861 წ. 14 ივლისი უნდა იქნეს მიჩნეული“ (დასახ. წიგნი, გვ. 49). აშკარაა, რომ მკვლევარი საბუთის ძალას არ ანიჭებდა მგოსნის დაჟინებულ მოთხოვნას და სრულ უნდობლობას უცხადებდა მას. ეს მეორდება აღნიშნული წიგნის მეორე გამოცემაშიც (1961).
ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღის ამგვარ კანონიზაციას, ალბათ, ხელი იმანაც შეუწყო, რომ პოეტის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო მზადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ვაჟას მიერ ჯერ კიდევ სიყმაწვილეშივე პოეზიაში გზადალოცვილი სახელოვანი პოეტის, გიორგი ლეონიძის მიერ მოძიებული მეტრიკული ჩანაწერი, სადაც ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღად სწორედ 1861 წლის 14 (26) ივლისია მითითებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევართა უმეტესობაც ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღად 1861 წლის 14 (26) ივლისს მიიჩნევს.
ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისია გერონტი ქიქოძე, რომელმაც 1935 წელს, ვაჟას გარდაცვალებიდან 20 წლისთავის და მის მთაწმინდაზე გადასვენებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში „ვაჟა-ფშაველა“ აღნიშნა: „ვაჟა მოკვდა ისე სტოიკურად, როგორც თავისი სიცოცხლის 53 წელი გაატარა“20. სხვა დროსაც გამოჩენილი მოაზროვნე და მკვლევარი რუსულ ენაზე ბეჭდავს ნარკვევს, სადაც ვაჟას დაბადების თარიღად 1862 წელს აფიქსირებს.
ჩვენ რამდენჯერმე მოგვეცა შესაძლებლობა, პოეტისადმი მიძღვნილ მონოგრაფიებსა და ნარკვევებში (1. ვაჟა-ფშაველა: ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, თბ. 1989, გვ. 56; 2. ვაჟა-ფშაველა, ქართული მწერლობა, ტ. 17, თბ. 2000, გვ. 528; 3. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. II, თბ., 20003, გვ. 349), შენიშვნის ფორმით, მაგრამ მაინც შეგვეხსენებინა მკითხველთათვის ვაჟას საწუხარი: „შეცდომა არ განმეორდეს“, „სიყალბე უნდა შესწორდეს“, თუმცაღა დღემდე არავინ ისმინა პოეტის ვედრება…
ერთი შეხედვით, მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს 1861 თუ 1862 წელს დაიბადა მწერალი, მაგრამ თავად ვაჟა ხომ ანიჭებდა მას არსებით ხასიათს? ერთის მხრივ, შეიძლება პრაგმატულად მომართულმა პედანტურმა გონებამ სკეპტიკური თვალით შეხედოს ვაჟას ბიოგრაფიისადმი ამგვარ მიდგომას, „ჭიქა წყალში ქარიშხლად“ მიიჩნიოს ერთი წლისთვის ესოდენ გაზვიადებული მსჯელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, მხედველობაშია მისაღები, რომ ერთ წელს დიაღაც აქვს დიდი შემოქმედებითი ღირებულება ყოველი ხელოვანისათვის და მათ შორის ისეთი შემოქმედისათვის, როგორიც ვაჟა-ფშაველა იყო. მართლაც, პოეტის ცხოვრებაში, თავისი სიცოცხლის მიმწუხრის ჟამს, სულ ექვსიოდე თვის მანძილზე, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას შექმნილი აქვს 14 ნაწარმოები, მათ შორის ისეთი პოეტური და პუბლიცისტურ-ფილოსოფიური შედევრები, როგორიცაა: „დიდი თამარი“, „სიმღერა“ („მე შენი ტრფობით ვერ გავძეღ“), „ჩემი ანგელოზები“, „სიმღერა“ („ბალღი რასაცა ვხედავდი“), „ზოგი რამ ფიქრებიდამ“, „საგაზაფხულო ფიქრები“ და სხვა. ბევრ შესანიშნავ პოეტს, მწერალსა და მოაზროვნეს ვერ შეუქმნია ერთი წლის მანძილზე ასეთი თხზულებები. ეს მხოლოდ ვაჟა-ფშაველას შესაძლებლობის მქონე შემოქმედის ხვედრია. ნაწარმოებთა ამ სტატისტიკასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა ლიტერატურის ისტორიისთვის.
გენიალური ვაჟა პროფეტურად ჭვრეტს მოვლენათა არსს და წუხილის მიზეზიც არაა უმნიშვნელო, რადგან მისი ფიქრით, თუ მცირე „შეცდომა“ არ გასწორდა, რომელიც არაა თურმე „მცირე“
მან შეიძლება ისეთ „სიყალბედ“ „იბარტყოს“, რომ ცხოვრების წესად იქცეს და დაღი დაასვას თაობათა აზროვნებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდობლობა ვაჟასადმი, რომ უცხოელთაგანაც „გენიოსად“ აღიარებულ პოეტს (არტურ ლაისტი) ისეთი ელემენტალური ფაქტის უცოდინარობა დავაბრალოთ, როგორიც საკუთარი დაბადების თარიღის ცოდნაა, სხვა არაფერია, თუ არა კურიოზი. ნდობას ვუცხადებთ ვაჟა-ფშაველას უშრეტი ფანტაზიის წყალობით უკვდავყოფილ მხატვრულ სამყაროს, მის წინასწარმეტყველურ ხედვას, ხოლო არ ვენდოთ მას საკუთარი ბიოგრაფიის დადგენაში, ვფიქრობთ, გაუგებრობაა. სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ მოხმობილი დოკუმენტებიდანაც ჩანს და სხვა მონაცემებითაც ირკვევა, რომ ნათლობის მოწმობაში, პრაქტიკული მიზნებისათვის დაბადების თარიღის შეცვლა XIX საუკუნეში ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. ამის თვალსაჩინო ნიმუშად მეორე, ასევე დიდი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მიერ, უკვდავ „ჩემ თავგადასავალში“, საკუთარი ბიოგრაფიის გადმოცემისას, ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული ცნობის გახსენებაც კმარა: „დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია“-ო, – ბრძანებს პოეტი და ქართული ლიტერატურის უკლებლივ ყველა მკვლევარი ურყევ ჭეშმარიტებად სახავს აკაკის აზრს. ისმის კითხვა: თუკი ერთ შემთხვევაში უყოყმანოდ ვუჯერებთ აკაკი წერეთელს მსგავს საკითხთან დაკავშირებით, რატომ ვუცხადებთ უნდობლობას ვაჟა-ფშაველას, როცა მას კორექტივი შეაქვს სხვის შეცდომაში? როგორც ჩანს, ამ უნდობლობამ მართლაც „იბარტყა“ და ამის წყალობითაა, რომ ქართული ლიტერატურის ისტორიკოსთა ნაწერებში ვაჟა-ფშველას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით არაა გათვალისწინებული თვით პოეტის თხოვნა და ცნობა.
ალექსანდრე ხახანაშვილი, ჯერ კიდევ 1913 წელს, ვაჟას დაბადების თარიღად 1859 წელს აცხადებს, ხოლო ყველა სხვა ავტორი: კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, მიხეილ ზანდუკელი, შალვა რადიანი, დიმიტრი ბენაშვილი26, აკაკი გაწერელია, აპოლონ მახარაძე, გრიგოლ კიკნაძე 1861 წლის 14 (26) ივლისს მიიჩნევს. ძირითადად ასეთია ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის ერთ დეტალის – დაბადების თარიღის – შესახებ არსებული ფაქტობრივი მხარე.
ჩვეული პატიოსნებით, პოეტი დამარწმუნებლად აღწერს თავის ბიოგრაფიას დაუმთავრებელ, მაგრამ ბრწყინვალე, ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში „ჩემი წუთისოფელი“, მოთხრობაში „მოგონება“, ხოლო ბოლოს „მცირე შენიშვნაში“ (1912) ნათლად გვიდგენს თავისი ცხოვრების ფაქტობრივ მხარეს. „ჩემს წუთისოფელში“ პოეტი შთამბეჭდავად აცოცხლებს მკითხველის თვალში თავის ყრმობას, როცა წერს: „რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე: „ვეფხისტყაოსანი“, „მზეჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი“ (ჩუბინაშვილის ქრესტომათია), გრიბული ჟორჟ ზანდისა შეიქმნა ჩემს საყვარელ წიგნებად“. მამამისის, მღვდელ პავლე რაზიკაშვილის მიერ ჩანერგილი სიყვარული ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისადმი ლაღი წარმოსახვის, გამორჩეული ნიჭიერების ყმაწვილის ფანტაზიას აღვიძებდა: „ჩემს ყურადღებას იზიდავდა დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ.“ „უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყავდა წარმოდგენილი,“ წერს პოეტი და იქვე მიუთითებს: „რვა წლისა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიმაბარეს“ („ჩემი წუთისოფელი“), ხოლო მოთხრობაში „მოგონება“ ვაჟა აღნიშნავს, რომ თელავში კლასში ასაკით ყველაზე პატარა ყოფილა; ამიტომაც პატარა ლუკას უადგილობის გამო ბუხარში სვამდნენ: „ბუხარი იყო ჩემი სკამი მთელი ორი წელი, რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისათვის და ერთთავად ნაცარში ამოგანგლული დავდიოდი“-ო („მოგონება“, 1888). მისი თქმით, „ამ სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტასიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა“ („ჩემი წუთისოფელი“).
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ შემდგომში მეტრიკული ჩანაწერის – ნათლობის მოწმობის გადასწორებაზეა საუბარი, ვაჟას კი არ დააკლეს დაბადების წელი, არამედ მოუმატეს, იმიტომ, რომ იმ დროს, რვა წლის ასაკის ბავშვს სასწავლებელში არ იღებდნენ. ოჯახში მდიდარ სულიერ საზრდოს დაწაფებული, არაჩვეულებრივი მონაცემების ლუკა რაზიკაშვილის სასწავლებელში ადრე შეყვანა, როგორც ჩანს, თავად მაძიებელი სულის, მკვირცხლი გონების, განათლებისა და წიგნის ტრფიალ პავლე რაზიკაშვილისათვის გარდაუალ აუცილებლობად იქცა. ძნელი იყო ბიბლიას, ქართულ და ევროპული კლასიკის ნიმუშებს ნაზიარები ყმაწვილის თვითდინებაზე მიშვება და უსისტემო გარემოცვაში ყოფნა სახლში. მით უფრო, ამ პირობებში დაბადების მოწმობის შედგენა, ფშავში თავისი მდგომარეობით ცნობილ ისეთი სასულიერო მოღვაწისათვის, როგორიც პავლე რაზიკაშვილი იყო, პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც მან, როგორც ჩანს, განახორციელა კიდეც. ამიტომაცაა ვაჟა, როცა შესაძლებლობა ეძლევა, დაჟინებით შეახსენებს მკითხველს, რომ ის 8 წლისა მიაბარეს სასწავლებელში…
ამრიგად, პოეტი დაბადებული არის არა 1861 წლის 14 (26) ივლისს, არამედ 1862 წლის 15 მაისს.
ბოლოს და ბოლოს, ვისაც სურს ნდობა გამოუცხადოს გენიალურ ვაჟას, უნდა ირწმუნოს სხვადასხვა კონტექსტში წარმოდგენილი ნაამბობი და რეპლიკა, რომელიც ცხრა ათეულზე მეტი ხნის წინ, 1912 წელს, გამოაქვეყნა დიდმა პოეტმა.
ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ძნელია გენიოსის ბედი, მაგრამ ჩვენში კი უფრო მეტად, რაც ვაჟას ბიოგრაფიის გარშემო არსებული ამ მცირე დეტალის გახსენებამაც ცხადყო. არაერთგზისი მინიშნება-განცხადების მიუხედავად, ერთიანად ქართულმა საზოგადოებამ (იშვიათი გამონაკლისის გარდა), თავი დაიყრუა გენიალური პოეტის ნაწერებში გაცხადებული ფაქტებისა და თვით მისი კატეგორიული თხოვნის მიმართ, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დასტურყოფს მწარე რეალობას: საქართველოში თურმე დღემდე უფრო მეტად ენდობიან და პატივს მიაგებენ ცარისტულ ბიუროკრატიულ სამყაროში კანცელარისტთა მიერ გაცემულ ბეჭდიან ქაღალდს, როგორც სიმართლის უმაღლეს ინსტანციას, ვიდრე გენიოსის სიტყვას…
რასაკვირველია, ესეც, ტოტალიტარიზმისა და ნეოტოტალიტარიზმის ხანაში, ქართველთა ცხოვრების ძნელბედობის პირობებში, სანიმუშოდ გახედნილი, ანუ როგორც ერთგან პოლ ვალერი ბრძანებს, „მოთვინიერებული პუბლიკის“ ფსიქოლოგიას წარმოაჩენს და დაგვაფიქრებს, რათა მომავალში მაინც ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.
თუმცა ბიუროკრატიულად მომართული პედანტური გონება ყოველთვის იმაზეა ორიენტირებული, თუნდაც ამ მცირე ფაქტის შესწორებამ რა სირთულეები შეიძლება წარმოშვას სხვადასხვა ინსტანციებში. შეიძლება ბევრმა დაგვამუნათოს: ღირს კი ყველაფერი ეს ამად? უნდა ჩასწორდეს სასკოლო და უმაღლეს სასწავლებელთა სახელმძღვანელოებში, სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებსა (მუზეუმები, არქივები, მწერალთა კავშირი და სხვ.) და თვით საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ა. შ.
რასაკვირველია, ყველაფერი ეს ასეა – სირთულეები არსებობს და ზოგიერთი უხერხულობანიც, მაგრამ ფაქტი ერთია: ყველაფერ ამაში ხომ დიდი პოეტი არაა დამნაშავე?
ნუთუ არ დადგა ჟამი, ყურად ვიღოთ გენიოსი ვაჟა-ფშაველას მინიშნებანი და ვედრების ხარისხში აყვანილი თხოვნა?!
იუზა ევგენიძე
გამოხმაურება