თუ თვალს გადავავლებთ ვაჟას უზარმაზარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, მეტად მწირად მოგვეჩვენება მისივე დრამატურგიული ნაღვაწი, მაგრამ საგულისხმოა, რომ მან თავისი ნიჭი მხატვრული სიტყვის ამ ჟანრშიც გამოავლინა და დაგვიტოვა რამდენიმე თხზულება, რომელთაგან ერთი („ბიურო ფშავში“), სამწუხაროდ, დაუსრულებელია.
მწერალმა დრამატურგიაში კალამი პირველად 1889 წელს სცადა, როდესაც შექმნა პატარა მოცულობის პიესები. ესენია: „სცენა მთაში“, „სცენები ფშავლების ცხოვრებიდამ“ და „სცენები“. ამ პიესებს ქრონოლოგიურად მოჰყვა ხუთმოქმედებიანი დრამა „მოკვეთილი“ (1894წ), რომლითაც ვაჟამ ჩვენს მწერლობაში გამოჩენილი დრამატურგის სახელი დაიმკვიდრა, ხოლო გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, 1911 წელს, მან შექმნა ორმოქმედებიანი პიესა „ტყის კომედია“, რითაც საბოლოოდ დაადასტურა თავისი ინტერესი დრამატურგიისადმი.
როგორც მიუთითებენ, თხზულებებში ვაჟამ თავისი პოეტური ზრახვები დრამატურგიული ფორმით შემოსა. „ეს ინტერესი, როგორც ჩანს, თავისთავადი იყო, რამდენადაც მწერალი არ ხელმძღვანელობდა „პრაქტიკული“ მოსაზრებებით, რამდენადაც მას არ მიუღია ზომები თავისი პიესების განსახიერებისათვის. მართლაც, საგულისხმოა, რომ არც ერთი მისი პიესა ავტორის სიცოცხლეში არ დადგმულა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ისინი მოკლებული იყვნენ მხატვრულ ღირსებებს და არ იმსახურებდნენ მკითხველის ყურადღებას.
მივუთითებთ რა პიესების ღირსებაზე, აქვე უნდა ავღნიშნოთ იმ ნაკლის შესახებაც, რაც თხზულებების გაცნობისთანავე თვალში საცემია. კერძოდ, მათი უმეტესობა შინაარსობრივად მაინცდამაინც არ გამოხატავენ იმ დროისათვის მტკივნეულ ან საჭირბოროტო საკითხებს; ისინი არც იდეის სიმკვეთრით გამოირჩევიან; ახასიათებთ დიალექტის სიჭარბე (ამ ნიშნით განსაკუთრებით გამოირჩევა „სცენა მთაში“) და სათქმელის ბუნდოვანება. ყოველივე ეს მკვლევართ სამართლიანად აფიქრებინებს, რომ პიესები იმდროინდელ შესაძლებლობათა თვალსაზრისით, უფრო „საკითხავი“ ხასიათისაა, ვიდრე სცენისთვის განკუთვნილი. ავტორს აკი არც უცდია ისინი მაქსიმალურად შეეგუებინა სასცენო ტექნიკის მოთხოვნებთან.
ვაჟა-ფშაველას „სცენები“ ეთნოგრაფიულ საყოფაცხოვრებო მოტივებს აშუქებს. მწერალი, როგორც უკვე ვთქვით, არ ისწრაფვის რაიმე ღრმა პრობლემის ჩვენებისაკენ (თუ მხედველობაში არ მივიღებთ „მოკვეთილს“), მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა პიესებმა ერთგვარად ნიადაგი მოუმზადეს „მოკვეთილს“, რომელსაც ქართულ დრამატურგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ვაჟა-ფშაველას ეს მცირე ფორმის პიესები არ გამოირჩევიან პრობლემათა სიღრმითა და მხატვრული ხერხების გამოყენების მხრივ, მაგრამ მათ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ვაჟას შემოქმედების სრულყოფილად შესწავლისათვის, არამედ XIX საუკუნის II ნახევრის ქართული დრამატურგიის დასახასიათებლადაც.
მწერალი გვერდს არ უვლის ყოფილი დეტალების ჩვენებას. ცხოვრების ყოველდღიური მოვლენები ვაჟას ინტერესების სფეროში ექცევა და მის შემოქმედებაში გარკვეულ ადგილს იკავებს.
ვაჟა კომედიას მოქმედებებად ყოფს, ხოლო დანარჩენ მცირე პიესებს სცენებად. ყველაზე ვრცელი თხზულება ოთხ სცენადაა წარმოდგენილი („ფშავლების ცხოვრებიდან“); დრამატულ თხზულებათა შორის (რა თქმა უნდა მხედველობაში არ გვაქვს „მოკვეთილი“) ყველაზე პატარა მოცულობის კი არის „სცენა მთაში“ (ერთ სცენად). საერთოდ, ყოველი მომდევნო სცენა თუ მოქმედება წინა ამბის ლოგიკურ გაგრძელებასა და განვითარებას წარმოადგენს, ხოლო ამ ჯაჭვში, სიუჟეტის განვითარების შესაბამისად თანდათან იკვეთებიან ხასიათები.
ვაჟა პერსონაჟთა შინაგან ბუნებას გვიჩვენებს მოქმედებათა საშუალებით და, ამდენად, ცოცხლად, მიმზიდველად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სქემატიზმსა და შამბლონს. ხასიათის გახსნისას მწერლის მიერ გამოყენებული ყოველი ახალი შტრიხი, დეტალი მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს.
ვაჟას პიესების სიუჟეტი არ არის რთული, კომპოზიციაც მარტივია. პიესებში ექსპოზიციას დიდი ადგილი არ ეთმობა, ე.ი. კვანძის გასკვნა მალე ხდება. საინტერესოდ მიმდინარეობს კონფლიქტის განვითარება და გადაწყვეტა.
ინტერესები, რომელთა გამო პერსონაჟები ერთმანეთს ეჯახებიან, ყოფითი ხასიათისაა. მათი ბრძოლა არაა მიმართული უკეთესი მომავლის, ცხოვრების შეცვლისა თუ მაღალი იდეალებისაკენ. პიესის გმირთა ქცევას, მოქმედებას ჩვეულებრივი განცდები და მისწრაფებანი წარმართავენ. ნაწარმოებებში დაპირისპირება სწრაფად აღწევს კულმინაციას, რასაც ასევე სწრაფად მოსდევს კვანძის გახსნა, რომლის შემდეგაც წინააღმდეგობა ნელდება და იქმნება წყნარი, მშვიდი განწყობა. საერთოდ, მწერალი ძირითადი სიუჟეტური ხაზიდან არ უხვევს და პიესებს არ ტვირთავს პარალელური ამბებით.
ვაჟა პერსონაჟებს ამეტყველებს მთის დიალექტზე, რითაც მათი ინდივიდუალობის, კოლორიტის ხაზგასმას ახდენს, რადგან იცის, რომ გმირის მეტყველება მისივე სულის სარკეა.
მწერალი თხზულებებში არცთუ იშვიათად აქსოვს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს – ლექსებს, გადმოცემებსა თუ ანდაზებს, წარმატებით იყენებს აგრეთვე პოეტურ სტრიქონებს ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ნაწარმოებებიდან. მას ამგვარი ჩანართები მაჟორული განწყობის შექმნაში ეხმარება და კონფლიქტის მკვეთრად წარმოჩენას ემსახურება. პიესის ბოლოს კი ავტორი ზოგჯერ ქმნის ე.წ. მოულოდნელობის ეფექტს. ასე, მაგალითად, შალვას ნებაყოფლობითი გამოცხადება ბოქაულთან („სცენები ფშავლების ცხოვრებიდამ“) და ხევსურების თავდასხმა თანამოძმეზე („სცენები“) ერთგვარად მკითხველის გაოცებას იწვევს და ნაწარმოების ფინალს ემოციურად აძლიერებს.
ვაჟა გმობს გაუნათლებლობას, ჩამორჩენილობას, მლიქვნელობასა და ადამიანთა ცბიერებას; თავს ესხმის უსაქმურობასა და ძალადობას. „ტყის კომედიაში“ მანკიერების წინააღმდეგ მას სიცილი აქვს მომარჯვებული. მსუბუქი იუმორის გამოყენებით იგი ოსტატურად ახერხებს ნაკლოვანებათა გაკიცხვის და დადებითი იდეალის განმტკიცებას. სამწუხაროდ, ვაჟა კომედიის ჟანრით მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს დაინტერესდა, მაგრამ „ტყის კომედია“ თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ ვაჟა არ მიეკუთვნება იმათ რიცხვს, რომელთაც კომედია თვითმიზნური გართობის საშუალებად მიაჩნია. მისთვის სიცილი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის ფუნქციას, როდესაც იგი უარყოფითის ჩვენების გზით დადებითს განამტკიცებს. მას სწამს, რომ მწერალი ამ გზით არანაკლებ ეფექტურად წარმოსახავს ცხოვრებას, ვიდრე მაშინ, როდესაც თავისი შემოქმედების საგნად მხოლოდ ამ ცხოვრების იდეალურ მხარეს წარმოაჩენს.
შესაძლოა ვაჟას კომედიაში ხაზგასმული ნეგატიური მოვლენა არ წარმოადგენდეს მწვავე პრობლემას, მაგრამ ის, რაც მწერალს აწუხებს, ცხადია საზოგადოებისთვისაც აქტუალური და მნიშვნელივანია.
თემის ხორცშესასხმელად ვაჟა ნაწილობრივ ალეგორიულ ხერხს იყენებს, მოქმედება ტყეში გადააქვს და პერსონაჟებადაც ცხოველები გამოჰყავს. მათი ცხოვრება, ადამიანების მსგავსად, აღსავსეა ყოველდღიური საზრუნავითა და ფუსფუსით. მათაც ისევე შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა, როგორც ჩვენ, ადამიანებს. მწერალი „სწვდება, რომ ცხოველებისათვის თვით უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“. ამიტომ არ გვიკვირს, როცა ცხოველების, ფრინველების, მცენარეების ფიქრის, განსჯისა თუ ოცნების მოწმენი ვხდებით.
ვაჟას შემოქმედებას თუ ზოგადად თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ მისთვის მთელი სამყარო სუნთქავს, მოძრაობს, იბრძვის, მისი ყოველი ნერვი თრთის და ფეთქავს. მწერალი გრძნობს თითოეული საგნის სუნთქვას, აყურადებს მათ გულისცემას. სხვისი თვალისათვის დაფარული, შეუცნობელი სამყარო ვაჟასთვის საოცრად ახლობელია. მას ერთნაირად აჯადოებს კლდეზე გადმომდინარი, ამღვრეული, შეუპოვარი ხევი და იდუმალი, მკრთალი სხივებით მორთული მთვარე („სცენა მთაში“), თანაბრად ეცოდება სარჩოწართმეული, დაჩაგრული თაგვი და შიმშილისაგან შეწუხებული, კბილებაკაწკაწებული დათვი („ტყის კომედია“). მწერალი თავის სიყვარულსა და თანაგრძნობას ბუნების თითოეულ შვილს უცხადებს და ამითაც ამჟღავნებს უდიდეს ჰუმანურობასა და გენიალობას.
შორენა ვარაზაშვილი
გამოხმაურება