ვაჟა-ფშაველას გამოჩენამ ქართულ მწერლობაში ხალხის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. XIX საუკუნის 80-იან წლებში მან „ახალი სუნთქვა“ შემოიტანა ჩვენს მრავალსაუკუნოვან მწერლობაში.
მისი ნიჭის ერთ-ერთი პირველი შემფასებელი დიდი ილია იყო, რომელსაც „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაეკითხა (დაიბეჭდა „ნობათი“ 1885 №3-5-ში) და აღფრთოვანებულს უთქვამს: „კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან; შორს წავა, შორს.“
„მოხუცის ნათქვამს“ კი კიდევ უფრო ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია: – „არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ: გზა ვაჟა-ფშაველას უნდა დავუთმოთ!“ – უთქვამს მას.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას სხვადასხვარად უდგებოდნენ როგორც პოეტის თანამედროვენი, აგრეთვე შემდგომი თაობის ლიტერატორები.
ჩვენი განხილვის საგანი ს. ჩიქოვანის წერილებია, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეხება. ეს წერილები იბეჭდება როგორც ქართულ, ასევე რუსულ (მცირე მოცულობისაა) პრესაში. „კრიტიკულ წერილებში“ კი შევიდა შემაჯამებელი მონოგრაფია – „ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ელფერი და მისი პოეტური შემოქმედება.“
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების განხილვას ს. ჩიქოვანი იწყებს წერილით „აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება,“ რომელიც 1940 წელს გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“-ს №21-ში დაიბეჭდა. ამ წერილში სიმონ ჩიქოვანი ვაჟა-ფშაველას მიიჩნევს ხალხურობის დამამკვიდრებლად ქართულ პოეზიაში (აკაკისთან ერთად).
„აკაკიმ და ვაჟამ თავიანთი შემოქმედების დაუშრეტელ წყაროდ ხალხური შემოქმედება აღიარეს. ხალხურობა მათ ცხოვრებაში შემავალი კატეგორია იყო. ისინი ცხოვრობდნენ როგორც ხალხის მოციქულები!..“ ს. ჩიქოვანი ამ ორი პოეტის პოეზიაში განსხვავებასაც ხედავს. „თუ აკაკი იყო პოეტური სიტყვით მომღერალი, ვაჟა იყო პოეტური სიტყვით ცხოვრების სურათების მხატვარი“.
1940 წლის „ლიტერატურული საქართველოს“ მომდევნო ნომერში (№22) გამოქვეყნდა უფრო ვრცელი წერილი „ვაჟა-ფშაველას პოეტიკა.“ 1961 ვაჟა-ფშაველას საიუბილეო დღეებში ს. ჩიქოვანმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა როგორც ქართულ, ასევე რუსულ პრესაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წერილების გამოქვეყნებამდე ს. ჩიქოვანს უკვე გამოთქმული ჰქონდა შეხედულება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. 1940 წელს ს. ჩიქოვანმა დაწერა ორი ლექსი „ვაჟა-ფშაველას ბუხართან“ და „გურამიშვილის და ვაჟას ფერი“. ეს ლექსები, თუ შეიძლება ითქვას ამოსავალია ს. ჩიქოვანის წერილებისა.
ერთ-ერთ ლექსში ს.ჩიქოვანს ვაჟა დ. გურამიშვილის მემკვიდრედ, საკუთარი თავი კი ორივეს შთამომავლად ჰყავს დახატული:
„გურამიშვილის და ვაჟას დარი
სიმართლის მთქმელი მე ვარ მესამე,
მათთან ყანები მქონდა ზიარი
და მძიმე უღელს ბევრჟერ ვეწამე“.
ვაჟა რომ დ. გურამიშვილის ლიტერატურული მემკვიდრეა, ამაზე არაერთხელ საუბრობს ს. ჩიქოვანი თავის წერილებში. როგორც ცნობილია, ვაჟა დ. გურამიშვილს „უძვირფასეს პაპას“ უწოდებდა და შველას სთხოვდა… „მგოსნობა გამიძრახაო.“
„იგი უშუალოდ უკავშირდებოდა ქართული მწერლების შორეულ წინაპრებს და თავისი პოეტიკის პრინციპებს თითქოს მათგან სესხულობდა… მას მხოლოდ დავით გურამიშვილის პოეზია აკმაყოფილებდა. „ბახტრიონის“ ავტორს ხიბლავდა ის, რომ დავით გურამიშვილის პოეზია ხალხური პატრიოტიზმის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი“.
სიმონ ჩიქოვანი თავის მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომში ეხება ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას, მის ხასიათს. საუბრობს პოეტის გმირ წინაპრებზე და აღნიშნავს, რომ „რაზიკაშვილების გვარში სასლიერო პირი მხოლოდ პოეტის მამა იყო, რომელიც სპარტანულად ზრდიდა თავის ექვს ვაჟს.“ კრიტიკოსის ამ შეცდომაზე საუბრობს ი. ევგენიძე წიგნში – „ვაჟა-ფშაველა“. სიმონ ჩიქოვანის მითითება: „მღვდელ პავლე რაზიკაშვილის ექვსი ვაჟიც ძველ საგვარეულო ზნე-ჩვეულების შესაბამისად სპარტანულად აღზრდილა, ბავშვების სულიერი მიდრეკილება შეურყვნელი ბუნების წიაღში შემუშავებულა“, – მე მექანიკური შეცდომა მგონია, რადგან ს. ჩიქოვანს შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ პავლე რაზიკაშვილს ხუთი ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდა. ეს რომ ასეა, ამაში დავრწმუნდებით თუ ს. ჩიქოვქნის მიერ ვაჟაზე რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებსაც გავეცნობით; „Отец поета Павле Разикашвили воспитал своих сыновей и дочерей по спартанскиб в соответствии с древнимии родовымй обычаями семи. მართალია, აქ მითითებული არ არის (რიცხობრივად) ქალ-ვაჟთა რაოდენობა, მაგრამ ჩანს, რომ კრიტიკოსმა იცოდა ვაჟას ძმებთან ერთადაც ჰყავდა.
წერლის ჩამოყალიბებეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მშობლების ხასიათსა და ბუნებას. ს. ჩიქოვანი აღფრთოვანებით წერს ჩარგალში მოგზაურობით გამოწვეულ შტაბეჭდილებებზე, კალმით გადააქვს ქაღალდზე ამ სოფლის საოცარი ბუნების სიმშვიდე, აღწერს პოეტის კარ-მიდამოს, მის სამუშაო ოთახს, ბუხრის კვამლით გამჭვარტულს. ბუხარი კი სიმონ ჩიქოვანმა უფრო ადრე გაგვაცნო ლექსით „ვაჟა-ფშაველას ბუხართან.“
„მშრომელი ხელით საუნჯე ცეცხლის
გამოკვესე და იყავ მწუხარი
გულის ქისიდან მიეცი სესხი
როცა კაცივით ადგა ბუხარი
ამირანივით მიაკარ კუთხეს,
რომ შეენახა შენი ღადარი
მას სტრიქონებმა შხუილით უთხრეს
როგორ შფოთავდა მთაში ავდარი…”
მონოგრაფიაში ს. ჩიქოვანი გვაცნობს ვაჟა-ფშაველას ბავშვობის, სიყრმისა სტუდენტობის წლებს. მის საუკეთესო თვისებებს, რომლებიც მშობლებისგან გამოჰყვა ვაჟას.
ვაჟას მშობლებს კი ვეცნობით მოთხრობაში „ჩემი წუთისოფელი“. „დედაჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლებოდა: „დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!“ – ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი“.
ავტობიოგრაფიული ხასიათის ამ მოთხრობაში ვაჟა-ფშაველა პავლე რაზიკაშვილს ასე გვიხასიათებს: „მიუხედავად იმისა, რომ ხელგაშლილი არ იყო, სტუმარი მაინც უყვარდა… ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო; ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი“.
ვაჟა-ფშაველას თანამედროვეთა მოგონებებიდან ვგებულობთ, რომ ის იყო ღარიბთა გამკითხავი, სტუმართმოყვარე, საოცარი ძალისა და მტკიცე ნებისყოფის მქონე, უსამართლობის წინააღმდეგ დაუნდობელი მებრძოლი და შრომისმოყვარე.
„ჩვენს ახლოს ორი კომლი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ-ბერის მჭედელა და სანიკუანთ ივანე. ორივე ჩვენზე ღარიბები იყვნენ. ერთსაც და მეორესაც მამა ძველ ტანსაცმელს აძლევდა, ეს მაშინ, როცა ჩვენ თითქმის ტიტვლები ვიყავით“.
„თუ ჯეელი, ჯან-ღონით სავსე ადამიანი იყო და თავისი სიზარმაცით აკლდა რამე, ასეთი კაცის დახმარება ვაჟამ არ იცოდა“.
„თუ ვინმეს სიკვდილს გაიგონებდა, ჭირისუფალივით შეწუხდებოდა ხოლმე. სოფელს ჭირსა და ლხინში გვერდში ედგა და არ გამოირჩეოდა მათგან – თავს არავისზე მაღლა არ აყენებდა. პირიქით, უყვარდა შინაურებში თავმდაბლობა…“.
„ბოქაული ოზიევი ცხრა ფუთი სიმძიმის იქნებოდა. ვაჟა საჭიდაოდ გამოეწვია. ვაჟას უთქვამს: შენ ფეხსაც არ გამოგდებ, ერთი სილით წაგაქცევ. სანაძლეო დაუდვიათ. ვაჟას ერთი სილა გაუკრავს და ეს ამხელა კაცი, მართლა გულაღმა გაშხლართულა დედამიწაზე. ვაჟას სანაძლეო მოუგია“ (ვანო რაზიკაშვილის ნაამბობი).
ეს მცირე ამონაწერი ვაჟა-ფშაველას თანამედროვეთა მოგონებებიდან, ვფიქრობთ გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის პოეტის პიროვნულ თვისებებზე.
წერა-კითხვა ვაჟასთვის მამას უსწავლია. რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებლის მოწაფეა. აქ ყურადღება ექცეოდა ლათინურ, ბერძნულ და რუსულ ენებს. გაუგებარ ენებზე დაზეპირებული უაზრო ფრაზები, რა თქმა უნდა, ვეღარ დააინტერესებდა ნიჭიერ ბავშვს და თვითგანვითარება დაუწყია. თუმცა, ლიტერატურის შერჩევაში მრჩეველი არავინ ჰყოლია და ასტრონომიულს, რისაც არაფერი გაეგებოდა, უფრო ბევრსა კითხულობდა, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს.
ამ სასწავლებელში გატარებულ წლებს (6 წელი) პოეტი საპყრობილეში ყოფნის პერიოდად თვლიდა.
ვაჟამ 1877 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტთან არსებული სამოქალაქო სასწავლებელი; 1882წ. გორის საოსტატო სემინარია, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზეც სწავლობდა (ერთი წლის შემდეგ უსახსრობის გამო ჩარგალში დაბრუნდა), სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგრამ იქ გამეფებული სწავლის რეჟიმი მიუღებელი იყო ვაჟასთვის, როგორც ეროვნული გმირისათვის და საბოლოოდ სახელმწიფო სამსახურს თავი მიანება.
ვაჟას იმდენად უყვარს ქართველი ერი, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო თუ რომელიმე ქართველს შეეძლო ილიას სისხლში გაესვარა ხელი. „-ადვილი შესაძლებელია მკვლელებად ქართველებიც იყვნენ, მაგრამ იმ ქართველებს იარაღად ხმარობს მეფის ჟანდარმერია“, – დაბეჯითებით იმეორებდა თურმე ამ შემზარავი ამბის გაგონების შემდეგ.
ვაჟამ ილიას ცხედართან ფიცი დასდო, რომ ქართველები მის მიერ აფრიალებულ დროშას თვალსაჩინოდ მაღლა ასწევდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ მის მიერ ნაანდერძევ იდეალებს „ძმობის, ერთობის, თავისუფლების და სიყვარულისაც მტკიცედ, შეუდრეკლად“.
ვაჟამ 1909 წელს ილიას ხსოვნას მიუძღვნა ლექსი „შენდამი“, სადაც კიდევ ერთხელ ეფიცება:
„ჩემთ ცრემლთა ღილებს შეგიბამ,
მოქარგულს ტრფობის ძაფითა,
უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა,
დღეს შემურვილსა ლაფითა;
შემკობილს აზრით და გრძნობით
მეც გეახლები დაფითა“.
ვაჟას ფიცისთვის არ უღალატია. ის ძილშიაც ბუბუნებდა, „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“-ო და სიცოცხლის ბოლომდე ქართველთა ინტერესების დამცველად გამოდიოდა.
მაშინ, როცა ვაჟა ხურჯინით გამოჩნდა, საქართველოში პროზა ვითარდებოდა, პოემებს თითქმის ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ „სოფლელმა“ ცალთვალა ბიჭმა სრულიად შეცვალა ხალხის დამოკიდებულება ლექსად მოთხრობილი აბებისადმი, მისმა გულის სიღრმიდან ამოსულმა შემოქმედებამ, რომელიც სათავეს ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან იღებდა, ხალხში მოწონება და სიყვარული მოიპოვა.
ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით ახლოს იდგა საქართველოს ბუნებასთან, მის მთასთან, „უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა,“ წერდა ის. მას, მხოლოდ მას შეეძლო მთებისთვის მოეთხოვა სიმღერა; „რატომ არ მღერით მთებო?“ – ეკითხებოდა ის და საკუთარ დარდებს ანდობდა. ვაჟამ იცოდა, რომ მთასაც შეეძლო ადამიანივით ფიქრი და მათი აზრების ამოკითხვას ცდილობდა. „თქვე კარგებო!“ – მხოლოდ მას შეეძლო ასე მოფერებოდა მთებს. „ნისლი ფიქრია მთებისა, მათი კაცობის გვირგვინი,“ – მიაჩნდა პოეტს და ადამიანებივით ესაუბრებოდა მათ.
მთების მოტრფიალე პოეტი სიკვდილის შემდეგ სამუდამო ბინას მთაში იმსახურებდა და გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ მისი ნეშთი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდას გადაასვენეს. ამ პროცესს ს. ჩიქოვანიც დასწრებია. „მისი უბადლო, შთაგონებული ფიქრებით სავსე თავი შიშველ თავის ქალად ქცეულიყო. იგი საშინელებას არ ჰგვრიდა მნახველს და არც საწუთროს ამაოების გრძნობას იწვევდა. რაღაც გამოუცნობი მიმზიდველობა შერჩენოდა და საოცარი მსგავსება ჰქონდა მრავალ ფოტოსურათზე სიცოცხლეში აღბეჭდილ პოეტის სახესთან – ამავე დროს იგი ციცაბო კლდიდან ჩამოტეხილი უცნაური ხმების ბუდესაც ჰგავდა. ფოტოსურათზე აღბეჭდილი პოეტის ვაჟკაცური იერი არ განშორებოდა თავის ქალას და მეგონა ძლიერ ახლობელი ადამიანის სახის ნაკვთებს დავყურებდი. თვალს ვერ ვაშორებდი პოეტის ნეშტს, რომელიც საფლავიდან გვიახლოვდებოდა და იქიდან იდუმალი ფიქრები ამოჰქონდა“.
როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობდი, თითქოს შემშურდა ს. ჩიქოვანისა, რადგან მას წილად ხვდა ბედნიერება წუთით მაინც აღმოჩენილიყო ამ გენიოსის გვერდით.
ვაჟას შემოქმედებაში ბუნებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ საკითხში ის სხვებისგან განსხვავებულია. ეს კი ბევრისთვის გაუგებარი იყო და სიმბოლისტად აღიარა (კ. აბაშიძე, ივ. გომართელი), სხვანი კი მას „ნამდვილ პანთეისტად“ მიიჩნევდნენ. (ს. დანელია). ვაჟა კი ნამდვილად რეალისტი იყო და ერთგულად მისდევდა იმ გზას, რომლის ელემენტებიც დ. გურამიშვილის პოეზიაში შეინიშნებოდა და რომელსაც ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი და ქართული კლასიკური მწერლობის სხვა წარმომადგენლები ემსახურებოდნენ.
„ვაჟა-ფშაველა ისეთი ცომისაგან იყო მოზელილი, რომ არც ერთ ქვეყანაში იმის პურს არ სჭამდნენ. ვაჟა-ფშაველა მართლაც რომ ახალი სამყარო იყო, სრულიად თავისებური პიროვნებით და მორალით, და ადვილი წარმოსადგენია ის დაბნევა და ცნებათა აღრევა, რომლითაც უპასუხა ქართულმა კრიტიკამ ვაჟა- ფშაველას ქართულ მწერლობაში გამოჩენას“.
კრიტოკოსებს, ალბათ, ყურადღების მიღმა დარჩათ ვაჟას პირდაპირი მითითება მისი ლიტერატურული წინაპრის ვინაობის შესახებ, სადაც თავს „სამშობლოს ეკლის მკაფავისა და მოზარის“ – დ. გურამიშვილის ნათესავად ასახელებდა.
როცა საქმე ლიტერატურულ მემკვიდრეობას ეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაჟა-ფშაველას რ. ერისთავის პოეზიის მიმდევრადაც თვლიდნენ. (გრ. ყიფშიძე).
გრ. ყიფშიძეს პასუხი გასცა ვაჟამ წერილში, – „PRO DOMO SUA.“ ამ წერილის მიხედვით ირკვევა, რომ პოეტს ვინმეს გავლენა მწერალზე ჩვეულებრივ, ნორმალურ მოვლენად მიაჩნია და არ თაკილობს იმის აღიარებას, რომ „ზედმოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ ამასთანავე იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა…
ჩემზე უნდა მოგახსენოთ, ყველაფერს, რაც კარგი და ხელოვნური რამ დაწერილა, ზემოქმედება, ძალა ჰქონია, აღტაცებაში მოვუყვანივარ, მომწონებია. რა თქმა უნდა, თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული და სხვაგვარად შესძრა იგი; „ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა; თუმც მაშინაც ლექსებს ვწერდი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ვბღაჯნიდი, რადგან მწერლობაში ლეწსების წერის კილოდ არ იყო მიღებული, არამედ სხვა კილო მეფობდა“.
ე.ი. მხცოვანი პოეტის მიერ თავისი ლექსებისათვის დამკვიდრებულმა კილომ ახალგაზრდა მწერალი წაათამამა და აქ მემკვიდრეობაზე საუბარი ზედმეტია.
როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველა აღტაცებაში მოუყვანია რუსი პოეტის ბარატინსკის ლექსს „გოეთეს გარდაცვალების გამო“ „მე ვიპოვე ჩემი თავი,“- უთქვამს ვაჟას. ს. ჩიქოვანი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: – „ვაჟა-ფშაველამ ამ სტრიქონებში ამოიკითხა არა გოეთეს პოეტური პიროვნების დახასიათება, არამედ საკუთარი სულის ზრახვები და პოეტმა დაინახა, რომ მას ეძლეოდა მოესმინა ფოთლების შრიალი, ნაკადულის ჩხრიალი, ნისლების სრიალი და თეთრი ღრუბლების ქათქათი, წაეკითხა ვარსკლავთა წიგნი და საერთოდ ბუნებასთან ერთი ცხოვრებით ეცხოვრა“.
ვაჟა-ფშაველასა და გოეთეს სიახლოვეზე სიმონ ჩიქოვანი სხვაგანაც საუბრობს: „ვაჟა-ფშაველას თითქოს დიონისური სული შორეულად ენათესავება გოეთეს წარმართულ პოეტურ ბუნებას და მისი ადრინდელი ხალხური იერის მქონე ლირიკული ლექსებიც ქართველი პოეტის შთაგონებას ეხმიანება.
ვაჟა-ფშაველაც ბუნების წყობაში ჩაწვდომის მოსურნე პოეტია, მის მიერ გამოძერწილ ხასიათებში დაუკნაყოფილებლობის გრძნობა და ფაუსტური მაძიებელი სულიერი ლტოლვა შეიმჩნევა“.
უნდა ითქვას, რომ ს.ჩიქოვანს უფრო მეტი განსხვავება შეუმჩნევია ამ ორ პოეტს შორის, ვიდრე ნათესაობა. ვაჟას უფრო ემოცუირი ხასიათის პოეტად ასახელებს, გოეთეს კი უფრო ანალიტიკური აზროვნების შემოქმედად.
„ბუნების დიონისური“ ხილვისთვის ს. ჩიქოვანამდე ვ. გაფრინდაშვილს მიუქცევია ყურადღება. მისი აზრით, ვაჟა-ფშაველა პირველი ქართველი პოეტია, რომლის პოეზიაშიც იგრძნობა „დიონისური ხილვა ბუნებისა“.
გოეთესა და ვაჟას სიახლოვე-სიშორეზე საუბრობენ სხვა კრიტიკოსებიც. მიხ.კვესელავა გოეთესა და ვაჟას „მზის პოეტებს“ უწოდებს. „ისინი ადამიანურ ასპექტში განიხილავენ სამყაროსა და ბუნების მრავალფეროვნებას, მის სილამაზეს“… გოეთეს ფაუსტმა ადამიანური არსებობის უმაღლესი აზრი თავისუფალ შრომაში დაინახა. ვაჟამ ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარა. ან შრომა დაუკავშირა არა მარტო თავისუფლებას, არამედ ერის უკვდავების საკითხსაც“.
ამ ორი პოეტის ნათესაურ სულზე საუბრობენ დ.ბენაშვილი („ვაჟა-ფშაველა“ გაზ. „ლიტ და ხელოვნება“, 1945წ. 09.08) და გ. თავზიშვილი („მთა იყო მგოსნის ტრიბუნა“, გაზ. „კომუნისტი“ 1961წ. 25.07).
„გველის მჭამელის“ ლიტერატურული წყაროების შესწავლის შემდეგ სიმონ ჩიქოვანი პირველი მიუთითებს, რომ ამ პოემის ფოლკლორული ვარიანტები, მისი გამოქვეყნების შემდეგაა შექმნილი. მის ამ მოსაზრებას ემხრობიან დ.წოწკოლაური და ი.ევგენიძე.
დ. წოწკოლაური პოემის ვარიანტებზე საუბრისას ეყრდნობა ვაჟა-ფშაველას წერილს „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, რომელშიც მითითებულია იმ წყაროზე, რომელსაც ეყრდნობოდა „გველის-მჭამელის“ ავტორი მისი შექმნის დროს, აჯერებს მას XX საუკუნის 30-იან წლებში გ.თედორაძის მიერ ჩაწერილ მასალებთან და ასკვნის: „ვაჟა-ფშაველას პოემიდან შევიდა თქმულებათა ვარიანტებში ხის მოუჭრელობის, ხორცის უჭმელობის და თავადთა სიბრალულის ეპიზოდები. გ.თედორაძის ვარიანტში მინდიას ძმები, დედა და ცოლიც ჰყავს. ეს პერსონაჟები არც ერთ სხვა ვარიანტში არ გვხვდება. ისინი აქ იმ აზრს მიჰყვებიან, რასაც მინდიას ქცევების სესახებ პოემაში ხალხი, ბერდია და მზია გამოთქვამენ. როგორც ვხედავთ, ხალხური გადმოცემები მდიდრდებოდა ახალი ამბებით, ფართოვდებოდა და ივსებოდა, როგორც საკუთრივ მთქმელთა გამონაგონით, ასევე ვაჟას „გველის-მჭამელის სიუჟეტიდან შევსებული ელემენტებით“.
სიმონ ჩიქოვანი „გველის-მჭამელს“ შედარებით სუსტ ნაწარმოებად თვლიდა. მას ვერ აეხსნა თუ “გველის მჭამელი“ რატომ იწვევდა მეტ აღტაცებას, ვიდრე „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“ ან „ბახტრიონი“. კრიტიკოსის ამ გაოცებას პასუხობს ი.ევგენიძე, რომელიც მთლიანად ეყრდნობა გრ. კიკნაძეს: „დიდებულია ვაჟას სტუმარ-მასპინძელი“ ანდა „ალუდა ქეთელაური“, მაგრამ ეს პოემები სხვაგვარია, ვიდრე „გველის მჭამელი“. „გველის მჭამელი თავისებურად შეიძლება უფრო დიდებულია. მისი მხატვრული ღირებულება განსხვავებულია. ყველაზე უფრო გაბედულად ამ პოემით ჩაიხედა ვაჟამ ადამიანის სამყაროში. გაბედულად შევიდა ვაჟა ამ სამყაროში და კვესით დაანთო სანთელი მის გასაბრწყინებლად“.
ამ პოემაში ორი საწყისი: – სიკეთე (ადამიანური) და ბოროტება (სატანური) ებრძვის ერთმანეთს და ადამიანური იმარჯვებს სატანურთან (გველურთან,) ბრძოლაში. მართალია, „სტუმარ-მასპინძელსა“ და „ალუდა ქეთელაურშიც“ სიკეთემ გაიმარჯვა, მაგრამ მინდიას პირვანდელი ცხოვრებისკენ შემობრუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯოყოლას მიერ ზვიადაურის დაცვა ან ალუდა ქეთელაურისაგან მტრისათვის მარჯვენას მოუჭრელობა.
„გველის-მჭამელის“ არასწორი შემფასებლები იყვნენ იპ. ვართაგავა და ს.დანელია. არც თუ ისე მაღალ შეფასებას აძლევდა გ.ქიქოძე.
ს. დანელია ვაჟას მსჯელობას გველის ხორცის ჭამის შემდეგ, „მინდიას ახლად სული ჩაედგა“-ო – „ულოგიკობად“ თვლის.
ს. ჩიქოვანი ვაჟას „აღმოჩენების პოეტს“ უწოდებს. „იგი არ იცავდა ლექსებსა და პოემებში რაიმე სტროფულ კანონზომიერებას. მისი სტროფული წყობა, მის პოეტურ სუნთქვაზეა დამყარებული და ერთნაირ სტროფულ წყობას არ ექვემდებარება, იგი როგორც მთის მდინარე, შეუცნობლად მოექანება მკითხველისაკენ“.
ვაჟა თავისი პოემების შექმნისას ხალხურ ზეპირსიტყვიერებას ეყრდნობოდა. ამ უშრეტ სალაროს მიმართავდა ის ისტორიული ნაწარმოებების შექმნის დროს, მაგრამ ისტორიულ გმირებს ხელახლა აცოცხლებდა, თავის თანამედროვედ, ან უახლოეს წარსულში მოღვაწედ ხატავდა უძველეს წინაპრებს. ს.ჩიქოვანის თქმით, – „ავტორს მათთვის მიკუთვნილი სიცოცხლის დრო საკმარისად არ ჩაუთვლია და ძველ საუკუნეთა შვილების სიცოცხლე ახალ დრომდე გაუგრძელებია“.
ვაჟას თავის შემოქმედებაში ხალხური ზეპირსიტყვიერებისათვის (და ისტორიისთვისაც) უცნობი პიროვნებები გამოჰყავს და ხალხისთვის მისაბაძ, საყვარელ გმირად ხატავს.
„ბახტრიონი“ ვაჟას თითქმის მთლიანად ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე დაყრდნობით აუგია, რომელშიც ქართველთათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ციხის აღებაში მხოლოდ მთა ღებულობდა მონაწილეობას. პოემაში ისტორიისათვის ცნობილი სახეები საერთოდ არ ჩანს.
იგივე თემას ეხება აკაკის „ბაში-აჩუკი“, ოღონდ ამ მოთხრობაში, ბრძოლაში ბარიც ღებულობს მონაწილეობას და მთავარი ადგილი ხალხს კი არა, თავადებს უჭირავთ, რომლნიც ისტორიულად იყვნენ ცნობილნი. ამ ნაწარმოებებს საერთო ერთმანეთთან ის აქვთ, რომ ორივე XVII ს. ჩატარებულ ქართველთათვის მეტად მნიშვნელოვან ბრძოლას ეხება და ორივე სიზმარიც წინასწარმეტყველურია, ერთგან და მეორეგან ნათელი ხდება , რომ ბრძოლა ქართველთა სასიკეთოდ დამთავრდება.
პოემა „ბახტრიონის“ დასასრულში, თითქოს ვაჟას თანამედროვე საქართველოს ბედი იკითხება. დაჭრილ ლუხუმს (საქართველოს) გველი უშუშებს ჭრილობას; თან ორი ობოლი ძმის ზღაპარსაც უამბობს. თუ გავეცნობით ამ ზღაპარს, დავრწმუნდებით რატომ უვლიდა ადამიანთა ეს პირველი მტერი გმირს და არც პოეტის ოპტიმისტურ სიტყვებში შეგვეპარება ეჭვი: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“. პოემაში ქალთა გმირობასაც ვხვდებით, ეს ქალები „ქართლის დედები“ არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ სიცოცხლე გაიღონ მისი თავისუფლებისათვის.
იპ.ვართაგავამ ვერ დაინახა ვაჟას პოეზიაში მომავლისაკენ ჭვრეტა და უსაყვედურა: „მხოლოდ მაშინ არის მისი სიმღერა მხნე და იმედიანი, როცა წარსულზე საუბრობს. მან ვერც პოეზიაში და ვერც პროზაში ვერ შემოხაზა საზღვრები საქართველოს მომავალი ყოფა-მდგომარეობისა, ვერ შექმნა ფანტაზიის წყაროებით მაინც, ამ მომავლის სახე, მისი ფიქრ-იმედები ჩვენს მომავალ ბედზე უპერსპექტივოა“.
კრიტიკოსს პოეტმა დამაჯერებელი საკადრისი პასუხი გასცა. პოეტს გულში სამი ჭრილობა ჰქონდა: წარსული, აწმყო და მომავალი ერქვა ამ იარებს და თანამედროვეთ სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა.
„პოეტი მძიმე საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების პირობებში გულს არ იტეხდა. წინ იმედიანად იცქირებოდა. თავის „ბუკსა და ნაღარას“ იმედიანი მოტივით ძალუმად აჟღერებდა“.
ვაჟა ფშაველას თავისი ლექსების დიდი ნაწილი სიმღერის სახელწოდებით დაუსათაურებია. ს. ჩიქოვანს დიდი ყურადღება მიუქცევია ამისათვის და აღნიშნავს: „მართალია, პოეტი მრავალ თავის ლექსს „სიმღერას“ უწოდებდა და იგი ხალხური პოეზიის დარად თავის საუკეთესო ლექსებსა და პოემებს უმთავრესად ერთი სასიმღერო ზომით წერდა, მაგრამ ვაჟას ლექსებში არც მღერადობაა მთავარი და არც მელოდია, არც განსაკუთრებული რითმა და რიტმული გადასვლები. მისი პოეტური სურათები უმთავრესად ფერწერულია“. ს. ჩიქოვანი ვაჟას ლირიკაში პოემათა ნაწყვეტებს ხედავს.
შეიძლება აკაკის ლექსისგან განსხვავებით, ვაჟას ლექსი არ გულისხმობდეს რომელიმე საკრავზე დამღერებას, მაგრამ როგორც ცნობილია, ვაჟას ძალიან უყვარდა შემოქმედებითი პროცესის დროს ფანდურზე დაკვრა. ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მან თავისი ლირიკის დიდი ნაწილს „სიმღერა“ უწოდა. სიმღერებში პოეტი ისევ და ისევ სატრფოს ან სამშობლოს უმღეროდა:
„სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს-
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზანად,
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი,-
ჯერ ისევა ვარ ფხიანად“(დამსეტყვე ცაო)
მღეროდა ვაჟა მტრის გულის გასახეთქად და ერთი გოჯი მიწის დათმობასაც არ აპირებდა:
„შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები,
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
ტავის მამულის ღალასა“.(„მხედართა ძველი სიმღერა“)
ვაჟას აზრით, მწერალი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწავე საკითხებთან. ის ცხოვრების მკურნალი, ექიმი უნდა იყოს.
„პოეტისათვის ისევე საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქლმავლისათვის ორთქლსა, როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას“. ვაჟა დიდ ყურადღებას უთმობდა მწერლის ენას. „დედა-ენა მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა, ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა – მისთვის ძალღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს“.
ბევრი უწუნებდა ვაჟას ამ „მეორე მუზას“. მათ შორის აკაკიც უყიჟინებდა: „ენას გიწუნებო“, მაგრამ „მაღალი მთის მგოსანი“ არ შეეპუა და თავაზიანად უპსაუხა: „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებთ, მთიდან ყვირილი ბარისა“-ო.
ვაჟას მიერ გამოყენებულმა ფშაურმა კილომ თავისებურება და თვითმყოფადობა შესძინა მის შემოქდებას. მწერლის განმარტებით მთის კილოს იმიტომ მიმართა, რომ აქაური ენა შეუბღალავად შემორჩენილიყო, სხვა ენათა გავლენა არ განეცადა.
ს. ჩიქოვანი ვაჟას დიალექტს „ხალხურ, კეთილშობილურ ბორკილს“ უწოდებს და ამართლებს მას. „პოეტმა თავის დიდ ჰუმანურ ზრახვებს ზოგადეროვნული და საკაცობრიო შინაარსი მისცა და მათ ყოველგვარი კუთხურობა დაუკარგა. ამგვარად, მთის პოეტის სამწერლო ენა მისთვის ორგანულია და უფრო მისი პოეზიის მხატვრული თვისებაა, დიდი ემოციური ზეგავლენისათვის მომარჯვებული იარაღია“.
დღეს უკვე სადაოს არ უნდა წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ ვაჟა დიალექტებს მხოლოდ პოეზიაში მიმართავდა. მისი პროზა და წერილები კი წმინდა ლიტერატურული ენითაა შექმნილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მწერლის გენიალობას.
ვაჟას ფენომენი ქართველების ნიჭის, ეროვნულობისა და ძლიერების ეტალონია.
ს.ჩიქოვანს ყურადღება მიუქცევია იმისთვის, რომ ვაჟამ დიალექტებს მხოლოდ ხალხური შაირის ზომით დაწერილ ლექსებში მიმართა, ხოლო ათმარცვლიანი და თორმეტმარცვლიანი ლექსები ზოგადი, სალიტერატურო ენითაა დაწერილი. ეს, რა თქმა უნდა, პოეტის კიდევ ერთი ღირსებისა და ნიჭიერების დასტურია.
ვაჟა-ფშაველამ თავისი განუმეორებელი პოემებით, მოთხრობებით, ლირიკითა და პუბლიცისტური წერილებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და განვითარების საქმეში.
ირმა ჯობავა
გამოხმაურება