ზეპირსიტყვიერება და, განსაკუთრებით მშობლიური ფშაური ფოლკლორი, ულევ მასალას აძლევდა ვაჟა-ფშაველას თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებისათვის. ბევრი რამ დაკარგულია და შეიძლება მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა ამა თუ იმ ნაწარმოების ხალხურ ძირებზე. ამიტომ საყურადღებოდ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, აწ გარდაცვლილი, ბატონ ილია ბეჟანიშვილის მიერ 1959-61 წლებში თიანეთსა და მის რაიონში, ჯერ კიდევ ცოცხალი მოწმეების ან მათი შთამომავლებისაგან ჩაწერილი და, შემდგომ, გამოუცემელ მონოგრაფიად მომზადებული მასალები. კერძოდ, აღნიშნული შრომის ნაწილი სათაურით – „ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები“.
თიანეთის მკვიდრის, ფიქრია გიანაშვილის ცნობები ილია ბეჟანიშვილის შესახებ ასეთია:
„ილია ბეჟანიშვილი დაიბადა 1913 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში. 9 წლისა სწავლას იწყებს თიანეთის შვიდწლიან პოლიტექნიკურ სკოლაში. შემდეგ მიემგზავრება დედაქალაქში და ცოდნას ეუფლება თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1934-1938 წ.წ.). თბილისიდან დაბრუნებისთანავე იწყებს მასწავლებლობას თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში.
1938-49 წლებში ი. ბეჟანიშვილი თიანეთის რაიონული გაზეთის რედაქტორია; 1946 წლიდან 1948 წლამდე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის განყოფილებას განაგებს თიანეთში; შემდეგ 3 წლის მანძილზე არასრული საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობს; მალე კვლავ გაზეთის რედაქციას უბრუნდება. 1952 წლამდე ი. ბეჟანიშვილი რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზეა.
1953 წელს ი. ბეჟანიშვილი ახმეტის რაიონული გაზეთის „გამარჯვების“ რედაქტორად დანიშნეს. 1957 წლიდან კი კვლავ მშობლიურ თიანეთში ბრუნდება და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად მუშაობს გარდაცვალებამდე.
ამავე დროს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტს.
60 წლის კაცს მთელი თავისი ცხოვრება სწავლასა და შრომაში აქვს გატარებული. მან ფეხით თუ ცხენით მოიარა ყოფილი თიანეთის მაზრა და ჩაიწერა მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე იმ კუთხეებში, რომელთანაც ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა მწერალს. ესაა ყოფილი თიანეთის მაზრა, ივრის ხეობა.
ი. ბეჟანიშვილი წერა-კითხვის მცოდნეთ აწერინებდა. შემდეგ კი თვითონაც აკეთებდა ჩანაწერებს. ასე შედგა ვრცელი საქაღალდე, რომელშიც შეკრებილია ოთხმოცამდე მოგონება ვაჟა-ფშაველასა და თიანეთზე“ (ფ. გიანაშვილი, „ვაჟა-ფშაველა და თიანეთი“, გაზეთი „ლიტერატურული ცხინვალი“, აგვისტო, 2002 წ., გვ.3).
ი. ბეჟანიშვილს მოუმზადებია გამოკვლევები „კიკნა-ფშაველა“, „რ. ერისთავის მოღვაწეობა“ და „ვაჟა-ფშაველა და თიანეთი“, რომლის გამოცემაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო (სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ ი. ბეჟანიშვილის გარდაცვალების ზუსტი თარიღი).
ილია ბეჟანიშვილის ხელნაწერი შრომა ძირითადად ჩაწერილ მოგონებებს ეფუძნება, თუმცა მას ერთვის ავტორისეული შეხედულებანიც სათანადო ლიტერატურის მოშველიებით.
ილია ბეჟანიშვილი გვაწვდის საყურადღებო ცნობებს ვაჟა-ფშაველას ნაცნობობაზე სახალხო მთქმელებთან, მათთან კაფიობაზე, მნიშვნელოვანია ცნობები პოეტის დაინტერესებაზე ხევსურული ხალხური პოეზიით, მოგონებანი „გოგოთურ და აფშინას“ ხალხურ წყაროებზე, მის მიერ ექსპრომტად დაწერილ ლექსებზე და სხვ.
ვცადეთ სრულად წარმოგვედგინა ი. ბეჟანიშვილის ნაშრომის ზემოთ დასახელებული ნაწილი „ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები“, რომელსაც ალაგ-ალაგ ჩვენეული შენიშვნებიც დავურთეთ.
„ვაჟა-ფშაველას პოეტურ ქმნილებებს ხალხური შემოქმედება ასაზრდოებდა. იგი ხალხში, მშრომელ მასებში პოვებდა ხალხური შემოქმედების ობოლ მარგალიტებს. ანდაზებში, იგავებში, ლეგენდებსა და ხალხურ ლექსებში ხედავდა ჩვენი მგოსანი ხალხის გმირულიისტორიული წარსულის სულის სიძლიერეს, მაღალ კულტურას, შემართებას, ვაჟკაცობასა და გმირობას.
ამიტომაა, რომ მისი პოემები და ლექსები ძარღვიანია, გამძლე, მგრძნობიარე და ადამიანთა ფიქრთამპყრობელი.
იშვიათი იყო ფშავ-ხევსურეთში ისეთი დღეობა, რომ ვაჟას მონაწილეობა არ მიეღო, აქ იგი ხალხსეცნობოდა, ისმენდა მათ მკაფიო მახვილსიტყვაობას, საგმირო თავგადასავალს. დაფერფლილი ისტორიული წარსულის სიღრმეში ხედავდა პოეტის თვალი ფშაველ-ხევსურთა ვაჟკაცების შერკინებას მტრის უროდებთან, ხედავდა მომავალი სახალხო გმირების – ჯოყოლას, ლუხუმის, მინდიას, გაფრინდაულის სახეებს. გადმოსცემენ, რომ ვაჟას უფრო სხვისი ნაამბობი იზიდავდა, ვიდრე საკუთარი ლექსებისა და პოემების კითხვა.
ზურაბ ღაღოშვილს ვაჟა-ფშაველას ხატში ყოფნის დროს ასეთი ამბავი აქვს მოთხრობილი:
„ფშავლების სალოცავ ლაშარში ვიყავით, ხალხი ერთ ადგილას იყო დაჯარებული, ისმოდა გახურებული ფშაური სიმღერები. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ერთი ადგილი იქცევდა. მე გულმა აღარ მომითმინა და იმ ჯგუფთან მიველი. მისვლისთანავე თვალი ვაჟაზე დამრჩა. იმის ვაჟკაცურ ტანს ჩოხა და ქამარ-ხანჯალი ალამაზებდა. იჯდა დინჯად და მომღიმარი სახით შესცქეროდა ხალხს. ორი-სამი ფშაველი გამალებით ელექსებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. ვაჟა მათ ისეთი მოსწრებული სიტყვებით უმასპინძლდებოდა, რომ მთელი მაყურებლები გატაცებით შესცქეროდნენ დიდებულ პოეტს.
რამდენიმე ხნის შემდეგ ვაჟა ჩვენს სუფრასთან მივიპატიჟეთ, აქაც კვლავ გაგრძელდა მოლხენა და ლექსობა. სხვათაშორის იქ ერთი ხალხური ლექსიც იმღერეს:
ლაშარის ჯვარის ლურჯასა
ფაფარი უდგა გიშრისა,
ის როცა გაემართება
კვალი გაჰყვება ნისლისა.
მიეშველება კარგ ყმასა,
ხან რო არ იყოს მისვლისა,
ლურჯასა მჯდომსა მხედარსა
შუქი მიჰყვება ცისკრისა,
ის რო ჩაების ომშია
მტერს მაშინ ელის ღვთის რისხვა.
როგორც კი დამთავრდა ეს ლექსი, ვაჟამ ჩაიცინა და თქვა: „მართლაც ზოგიერთ ჩვენს მამა-პაპის ნათქვამ ლექსს კაცი რომ დააკვირდეს, იმის დავიწყება ცოდვაა“.
მან მაშინვე ამოიღო ჯიბიდან ქაღალდი და დაიწყო წერა ლექსისა. მერე? მერე, ჩემო შეთე, მერე როგორღა არისო-ჰკითხავდა ის შეთეს და თან გაცხარებული წერდა. მე ძალიან გამიკვირდა ვაჟასაგან ამ პატარა ლექსის ჩაწერა და თან ვფიქრობდი: „ნეტა რად უნდა? აქედან რა უნდა ისარგებლოს?.
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთხელ ერთ ადგილას მის პოემებსა კითხულობდნენ. როცა დაიწყეს „ბახტრიონის“ წაკითხვა, იქ ყური მოვკარ სიტყვებს“
ლურჯ ცხენზე იჯდა ლამაზი,
სხივი თავს ადგა ღვთიური,
რომ ვნახე, გულში ჩამიდგა
სიამოვნება ციური.
იქ რომ ლაშარის ჯვარზე და იმის ცხენზე იყო ლაპარაკი, მაშინვე მივხვდი და ვთქვი: „აი, სად ჩაიწერა ვაჟამ ეს ლექსი და სად გამოუყვანიაო“.
ვაჟას პოემის გმირები ხშირად გამოგონილი კი არ არიან, არამედ სინამდვილიდანაა აღებული. ასეთია, მაგალითად „გოგოთური და აფშინა“.
სოფელ გომეწრის მცხოვრებ ხვთისო ღურბელაშვილს ამ პოემის შესახებ შემდეგი აქვს ნათქვამი:
თავისი შესანიშნავი ნაწარმოების „გოგოთური და აფშინას“ მთავარი გმირი გოგოთური ვაჟას სინამდვილიდანა აქვს აღებული, გოგოთური ფშაველი იყო სოფელ ყოფჩიდან.
გოგოთურს ერთხელ ხევსურებმა წისქვილის ქვები მოჰპარეს, შეიტყო თუ არა ეს ამბავი, გოგოთური გამოეკიდა ქურდებს და დაეწია კოპალეს ქვასთან (ადგილია). დააბრუნა უკან, მიიყვანა სახლში, წისქვილის ქვებიც, რა თქმა უნდა, უკან მოატანინა. იგი ქურდებს სასტიკად მოეპყრო. გოგოთურმა მათ ჩაუსხა ძაღლის სალაფავი (საჭმელი) ძაღლისავე გეჯაში და აიძულა ეჭამათ2.
ქურდებს მეტი გზა აღარ ჰქონდათ, შეუდგნენ ჭამას. ჭამის შემდეგ გოგოთური მათ სიკვდილით დაემუქრა, თუ კიდევ გაბედავდნენ ქურდობას“.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში „გიგლია“ ერთ-ერთი მოქმედი პირი მყვირალია. პოემაში ნათქვამია:
საყორნის ყელში ცხრას ლეკსა
გიგლიაც თანა ჰყვებაო.
მე უფრო გამიხარდება,
როცა ვაჟკაცი კვდებაო.
ღმერთმა მყვირალსაც უშველოს,
ხუთ ლეკს მომიჭრა თავია,
ტყვეებიც ახადს მაუდის
მაჰყავ გოდერძათ ქალია.
მყვირალი ვაჟას სინამდვილიდანა აქვს აღებული. იგი ფშაველია, ჩარგლიდან (ავტორის სტილი დაცულია, -თ.გოგოლაძე).
საყურადღებო ცნობა გადმოგვცა იგივე ღურბელაშვილმა ამის შესახებ:
„მყვირალს ჩარგალში ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელსაც ხვარამზე ერქვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხვარამზეს მყვირალისაგან შეეძინა უკანონო შვილი. მაშინდელი ჩვეულების მიხედვით ამ სამარცხვინო საქმის გამო ჩარგალმა მყვირალი მოიკვეთა და სოფელში აღარ უშვებდნენ. მყვირალი ცდილობდა თავისი დანაშაული გამოესყიდა. კანონის თანახმად ეს მხოლოდ გმირობით შეიძლებოდა. მართლაც მყვირალმა თავისი დანაშაული გამოისყიდა გიგლიას მიშველებით“.
ხალხური შემოქმედების საუნჯიდან აღებული მასალებით შექმნა ვაჟა-ფშაველამ პოემა „ივანე კოტორაშვილი“.
სინამდვილესთან ახლოა ვიფიქროთ, რომ ვაჟამ ამ პოემის საფუძვლად გამოიყენა ერთი ამბავი, რომელიც სოფელ დულუზაურების მცხოვრებმა იოსებ ჯაბანაშვილმა გვიამბო:
„ახმეტის გზაზე მიმავალი ჯაბანაშვილები ლეკებმა დახოცეს. მოკლეს 6 კაცი, 12 ტყვედ წაიყვანეს. ამ ადგილს დღესაც „ჯაბანიანთ ნახოცები“ ეწოდება. ვაჟა დაინტერესებულა, გამოუკითხავს მომხდარი ამბავი, როგორ ყოფილაო, რამდენი დახოცეს და ტყვეები როგორ დაიხსნესო. გაიგო, რომ 12 ტყვეში თითოში ორმოცი თუმანი ვერცხლით გადაუხდევინებიათ. ალბათ, ეს გამოიყენა ვაჟამ პოემისათვის -„ივანე კოტორაშვილი“.
უეჭველია, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ვაჟა-ფშაველა პოემაში მიუთითებს არხლით წაყვანილ ტყვეებზე (არხალი პატარა მდინარეა, ახლანდელ სოფელ დელუზაურებსაც ძველად მდინარის მიხედვით არხალი ერქვა), რომელნიც სოფელ ჩაბანოზე გაატარეს. ხალხი დღესაც ასახელებს იმ ადგილებს ივრის ხეობაში, სადაც მეფე ერეკლედან გამწყრალი ივანე წამოსულა და დაუსვენია სოფელ ბოკონის მახლობლად მდებარე პატარა ეკლესიასთან“ (ავტორის სტილი დაცულია,- თ.გ.).
„შვლის ნუკრის ნაამბობის“ ავტორს არ შეიძლება თვითონ არ განეცადა დაობლებული ნუკრის დედის ცრემლიანი თვალებით გამოხატული საყვედური, რად მომისპე სიცოცხლეო.
საინტერესო მოგონება ჩაგვაწერინა დაბა თიანეთის მცხოვრებმა 84 წლის მოხუცმა იაგორა სიმონის ძე ესაევმა:
„ვაჟა-ფშაველა ჩემი სიმამრის-ფერშალ გიორგი სარქისოვის კარგი მეგობარი იყო და ხშირად მოდიოდა მასთან.
ჩემს სიმამრს ვაჟამ თავისი მონადირეობის ასეთი ამბავი მოუყვა:
ერთხელ სანადიროდ წავედი დათვის მოსაკლავად. ტყეში შესვლის წინ მშვენიერმა მშველმა გამიარა. ჩემთვის ჩავილაპარაკე, წადი, მომშორდი, შენი ცოდო არ მინდაო და გზა განვაგრძე. ცოტა მანძილი რომ გავიარე, კიდევ წინ გამიარა, მესამედაც ასე მოხდა. მაშინ ავიღე და თოფი ვესროლე. იგი წაიქცა. მივედი სანახავად და საშინელი სურათის მოწმე გავხდი: მშველი ცრემლიანი თვალებით შემომცქეროდა, თავს აქეთ-იქით აქნევდა, თითქოს მეუბნებოდა, შე უღმერთო, რად მომკალი, რად მომისპე სიცოცხლე, შვილები რად დამირჩინე ობლადაო. ტირილი მომერია. ავიღე თოფი და გადავისროლე ტყეში. იმ დღიდანვე ხელი ავიღე მონადირეობაზე და არც თოფი ამიღია ხელშიო“.
ვაჟას მადლიანი კალამი დიდებით მოსავდა სახალხო გმირებს. მან არა ერთხელ აამეტყველა ისინი თავისპოემებსა და ლექსებში. განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა პოეტი ცნობილ ხირჩლა ბაბურაულსა და ბერდია მამუკაურს.
სოფელ მაგრანეთის მცხოვრებმა გიორგი მოსეს ძე ობგაიძემ შემდეგი გვიამბო: „ვაჟას ძალიან უყვარდა ხალხური ლექსები და სახალხო გმირები. ერთ ღამეს თიანეთში გიორგი ხინჩილაშვილის (ლომაშვილის) დუქანში შევიყარენით. ვიქეიფეთ. ბევრი ლექსები ითქვა,მაგრამ ვაჟას მაინც ყველაზე მეტად ბაბურაულისა და მამუკაურის ლექსი უყვარდა:
ხმალსა სიმოკლე არ უშლის,
ვაჟკაცსა სიმდაბალაი,
ფეხი წადგი და წაგრძება
როცა გახდება ჩხუბადა
ომის კარ გაიზარდება.
ბერდია მამუკაური
და ხირჩლა ბაბურაული,
სანეს შაყრილან სმაზედა,
ბერდიამ უთხრა ხირჩლასა
ჩემი მოკლეა ფრანგული
ვერ ვათამაშე შენზედა.ხირჩლა – აქამდევის უთამაშებავ
დაბალ ხირჩლაის ტანზედა,
ეხლაიყოსა, ბერდიავ,
სანეს ჩვენ ვსხედვართ სმაზედა.
ბერდია – მაგისა მაშინ ვიამბათ
რო შავიყრებით გზაზედა.
ამას რომ იტყოდა ვაჟა, ფეხზე წამოდგებოდა, ხელს მაღლა ამართავდა: „მეც ხირჩლა ბაბურაული ვარო“. თავის ლექსებს იშვიათად გვეტყოდა ხოლმე“ (ავტორის სტილი დაცულია, თ.გ.).
ვაჟას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ სახალხო მთქმელებთან – მერცხალასთან, ჯაბანთან, ყრუვ-გიორგისთან (გიორგი მგელიაშვილი, სოფელი ლახატო), ფრუშკა წვეროშვილთან (სოფლიონი), ნიკო გრიქუროვთან (სოფ. მაგრანეთი), გიორგი (ბუთლა) ალბუთაშვილთან (სოფ. ჩაბანო), დიმიტრი ქსნელაშვილთან (ახალსოფელი) და სხვ.
სამწუხაროდ, ამ ნიჭიერ სახალხო მთქმელთა ლექსებმა და კაფიებმა ბევრმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, დაიკარგა; ჩვენამდე არ მოაღწია ცნობებმა, მათმა ურთიერთობამ და მოგონებებმა ვაჟას შესახებ, მაგრამ რაც მათ დაგვიტოვეს, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ ნათელვყოთ, თუ რამდენად ახლო იყო ვაჟა-ფშაველა მათთან, ხალხურ შემოქმედებასთან.
ფრუშკა წვეროშვილი – ჩვენი ცხოვრების გულწრფელი მომღერალი, ახლოს იცნობდა ვაჟას, მოხიბლული იყო მისი ლექსებითა და პოემებით. ორი ფშაველის – საქვეყნოდ ცნობილი პოეტისა და ნიჭიერი სახალხო მთქმელის ურთიერთობა მკაფიოდ აისახა ხალხურ პოეზიაში:
ტყუილად მოჰხკვეხ ფრუშკაო
იხრინწიანებ ხმასაო,
ტყუილად სჩემობ ლამაზის
ლექსების გამოთქმასაო.
მელექსე აგეთი უნდა
ვაჟა რომ ჰყავდა მთასაო,
ჩარგალში სიტყვას იტყოდა
ქალაქში აწვდენს ხმასაო,
მოდი, დაეხსენ ფრუშკაო,
მოდი, ნუ იგდებ თავსაო.(მიხ. ჩიქოვანი- „ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია“, გვ. 55, 1965 წ.).
სახელოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სახალხო მთქმელთა ნიჭიერად დაწერილი სტრიქონებით, იგი ყოველნაირად ხელს უწყობდა და აქეზებდა მათ.
ერთხელ ფრუშკა წვეროშვილი ჩარგალში ყოფნის დროს ვაჟას ქორწილში შეხვედრია. პოეტს მოსწონებია მისი ლექსობა და ასე შეუმღერია:
ჩემთან მოდი, სოფლიფნელო
ვაჟამ გითხრას არაკები.
ფრუშკას არ დაუხანებია და მოკრძალებით შეუმღერია:
ახლა ჩარგალში წამოვედ,
არტანს მოვსპე არაყები,
მე უბრალო მოლექსე ვარ,
პოეტებთან რას გავხდები.
როგორც ზევით იყო აღნიშნული, ვაჟა-ფშაველა ძლიერი იყო პოეტური ქმნილებების გამოძერწვაში, მაგრამ არანაკლებ ძლიერი იყო ექსპრომტად წარმოთქმულ ხალხური შემოქმედების ისეთ სახეში, როგორიცაა კაფიები.
თევდორე (ბეჩოკი) კოჭლაშვილმა ჩაგვაწერინა:
ჩარგალში ჩემი ყოფნის დროს ვაჟას სოფლელები თინათინი და მარო არაყს ხდიდნენ. მათ ლუკამ ასე შეუმღერა:
ქობ უდგა, არაყსა ხდიან,
თინათინი და მარუა.
ე, არაყ დაგვალევინე
ჩვენიც ეგეთა გამუა.
თინათინს მაშინვე შეუგებებია:
რომელ ერთს დაგალევინოთ
თქვენ წახვალთ, ახლა სხვა მუა.
ვაჟა-ფშაველას თავისი მეზობლის გრიგოლის (რაზიკაშვილის) სახლის მახლობლად სახნავი მიწა ჰქონდა. დათესილ ნაკვეთს ხშირად აფუჭებდნენ გრიგოლის საქონელი. ამის გამო არა ერთხელ გაუფრთხილებია ვაჟას, ნათესს თქვენი საქონელი მიფუჭებს და ნუ გაუშვებთო. ერთხელ ვაჟა და გრიგოლი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმაღლით, ვახშამში მოხვედრილან. აქ გრიგოლს ასე შეუმღერია:
გრიგოლი:
ვაჟავ, შენს დაფარულზედა,
გრიგოლს დაუდის ნახირი.
ვაჟა:
დილასაც გადმოუვლია,
ვერ გავაგონე ძახილი.
გრიგოლი:
შენ მაგას რას ჩამორჩები,
თუ არ იხმარე მახვილი.
ვაჟა:
სადაც შავწვდები, იქ დავკრავ
ახლა კიბისთვის სად ვივლი.
ვაჟა-ფშაველას მიერ წარმოთქმულ კაფიებში კვლავ სამშობლოს დიდებაზეა ლაპარაკი, მეფის მოხელეთა სიძულვილზე და მშრომელთა მხარდაჭერაზე.
ტოლაანთსოფელში მასწავლებლად ჩამოსვლისას სოფლის თავკაცებმა – ომამ, თორღვამ, ჭრელამ, უშიშამ და ვეფხია ქისტაურებმა, ახლად წვერაშლილ ჭაბუკ ვაჟას ქეიფი გაუმართეს. ვაჟა ძალიან გამხიარულებულა და თორღვა ქისტაურისთვის მიულექსია:
თქვენთან ბაასი მწადიან,
ეხლა ძლივ შეგხვდით სწორთაო,
ერწოა დიდი ბაღდადი,
ნეტა რა ძალამ მორთაო.
იქ ყოფნა არა მწადიან,
გულს მემატება შფოთვაო.
ხელმწიფის მოხელეებსა
გუშინაც ვცემე ორთაო.
ამის პასუხად თორღვას მიულექსებია:
დიდი ხარ, ვაჟა-ფშაველავ,
მხარბეჭიანი, კოხტაო,
ხელმწიფეს უნდა უმღერდე,
რო თამარ მეფეს შოთაო
ვაჟას სამაგიერო კაფია შეუგებებია:
დიდთან დიდია ვაჟაი,
პატარიასთან ცოტაო,
მოსისხლეს არას ვუმღერებ,
მეცა ვცნობ თავის სწორთაო.
(ვანო ქისტაურის მასალებიდან: „დიდი ხარ, ვაჟა-ფშაველავ“, „სოფლის ცხოვრება“, №132, 1961 წ.).
ვაჟა-ფშაველას ძალიან უყვარდა ხევსურული ვაჟკაცური ხალხური პოეზია. იგი არაერთხელ სტუმრებია სალი კლდეებისა და ჭიუხების მამაც რაინდებს. იშვიათად თუ დააკლდებოდა პოეტი ხევსურთა საჯარო რელიგიურ დღესასწაულებს. ამ პერიოდში ყველა მხიარული იყო, ყველა თავის მჭევრმეტყველებას და ხელმარჯვეობას ამჟღავნებდა. დიდი მგოსნისათვის ეს დღეები ბედნიერი დღეები იყო. მიუჯდებოდა გვერდში ჭაღარამოსილ ხევსურებს და ტკბებოდა ხევსურთა ვაჟკაცობის ისტორიული წარსულის ამბების მოსმენით. თვითონაც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მოსწრებულ სიტყვა-პასუხში და ფრთიან კაფიებში.
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, ათენგენობას, ვაჟა სოფელ შატილს სწვევია. აქ პოეტს მონაწილეობა მიუღია ხევსურთა დღესასწაულში. გახურებული ღრეობის დასტურს ლუდით სავსე თასით ვაჟასთვის ფშაურად შეუმღერია:
ვენაცვლე მამულიშვილსა,
ვინც გმირებს მისდევს კვალზედა
ვაჟკაცსა სახელიანსა
საკარგძმო უნდა ჯარზედა.
ვაჟას მოსწონებია დასტურის ნათქვამი, მხარზე ხელი გადაუხვევია და ლექსითვე უპასუხია:
საკარგყმო უნდა ძმობილო
თავდადებულსა ცდაზედა,
ვინც არ ახარებს ურჯულოს
ქართველთა მიწა-წყალზედა!
მე ნუ მილოცავთ სახელსა
ერთ-ორი სიტყვის თქმაზედა.
არხოტელი გიგია წიკლაურის გადმოცემით, ერთხელ ვაჟა მას სტუმრებია ოჯახში. გიგიას სუფრა გაუშლია საყვარელი პოეტისათვის. როცა ვაჟა კარგად შექეიფიანებულა, ლექსაობის ხასიათზე დამდგარა და შემოუძახნია:
მე ვაჟა-ფშაველაი ვარ
ფშავ-ხევსურეთის პოეტი.
თვეში სამ თუმანს მაძლევენ
ცხოვრებას ამით მოვები.
ქეიფის დროს გიგიას მეზობელს ვაჟასთვის შეუმღერია:
თოფი მე მომეც, ლუკაო,
უნდა წავიდე ტყეშია,
მეც უნდა მოვკლა ირემი
უნდა მოვიღა ლეშია.
ვაჟა წუთით ჩაფიქრებულა და შემდეგ კი ღიმილით უპასუხია:
შენმა მზემ, არხოტიონო,
თორმეტ მაგიკლავს დღეშია,
შენ უნდა იყო ჩემებრი –
ქაღალდზე ლექსებს წერდია,
ან უნდა იყო ისეთი
კლდეში ჯიხვებს რო სდევდია
შენ მართლაც მაჯკლავ ირემსა
გეტყობა პაჭიჭებშია.
ამგვარად, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო ხალხური შემოქმედება იყო. პოეტობას მოხერხებულად იყენებდა, გარდაქმნიდა, ახალ სულს შთაბერავდა, ახალ ხორცს ასხამდა. ამიტომაა მისი ყველა ლექსი, პოემა ელვარე, მიმზიდველი, პოპულარული, გასაგები, გულში ჩამწვდომი, გაუხუნარი და მარად უკვდავი“ (თიანეთის სახელმწიფო მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდები).
აღნიშნული ნაშრომი, ვფიქრობთ, საყურადღებოა არამარტო ფოლკლორისტების, არამედ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულთათვის. მის მიერ შეგროვილი მასალა კი კვლავ ელის მკვლევარს.
თამილა გოგოლაძე
გამოხმაურება