ვაჟას ქართული საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა დაფუძნებულია ილიას, აკაკის და ვაჟას შემოქმედებაზე, და რომ ვაჟა-ფშაველას პროზისა და პუბლიცისტიკის ენა ახალი ქართული სალიტერატურო ენის ბრწყინვალე ნიმუშია. რაც შეეხება ვაჟას პოეზიას, უკანასკნელ ხანებამდე ის აზრი იყო გამეფებული, რომ ფშაურ კილოზე დაწერილი მისი ლექსები და პოემები მოჭარბებული დიალექტიზმით არის გაჟღენთილი, როგორც ლექსიკის, ისე გრამატიკული ფორმების თვალსაზრისით და ამდენად, მათში გამოვლენილი ენა საერთო-სახალხო ლიტერატურული ენის გარეგან დგას.
ეს მრუდე აზრი გარკვეულ პერიოდში მახინჯად განიმარტებოდა და ჩრდილს აყენებდა დიდი შემოქმედის სახელს. აქ უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჩვეულებრივ, როცა ლაპარაკია დიალექტიზმებზე, როგორც მხატვრული ლიტერატურის გამჭოლავ სისტემაზე, სავსებით სამართლიანად, იგი უარყოფით მოვლენად არის მიჩნეული. თუ ლოგიკურნი ვიქნებით, იგივე თვალსაზრისი უნდა გავავრცელოთ ვაჟას პოეზიის (ყოველ შემთხვევაში, ბევრი ლექსისა და პოემის) მიმართაც და ასეც ხდებოდა. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობდა შეხედულება ვაჟას პოეტური ენის ერთგვარ ჩამორჩენილობაზე, ამ ენის ისეთ თვისებაზე, რაც ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების პროგრესულ ტენდენციებს გარკვეული აზრით უპირისპირდებოდა და, ამდენად, უარყოფით მოვლენად უნდა შეფასებულიყო.
ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეშივე და მისი გარდაცვალების შემდეგაც მისი პოემებისა და ლექსების ენა (და, არსებითად, პოეზიაც) იმ ხანად გამეფებული პროვინციულ-კუთხური თვალთახედვის კვალობაზე ეგრეთ წოდებულ “ფშაურ კილოდ” და “მთის პოეზიად” ფასდებოდა, ე.ი. ფასდებოდა როგორც კუთხური მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ისეთი რამ, რაც ლიტერატურული ქართულის შესაქმნელად გაწეული ძალისხმევის საპირისპიროდ იყო მიმართული და ამდენად, უკუსაგდები იყო. ჩვენს დროში ასეთ შეფასებას თეორიული საფუძველიც დაეძებნა.
მორფოლოგიური და გრამატიკული დიალექტიზმები, რომლებიც ერთიანი სახალხო ენის ან ლიტერატურული ენის საკუთრებად ვერ იქცევა, ასუსტებს და ანაგვიანებს ლიტერატურულ ენას…
ზოგადად სწორი ეს დებულება სავსებით არასწორად, კონკრეტული და, მე ვიტყოდი, უნიკალური პირობების გაუთვალისწინებლად მიუსადაგეს ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენას. აქედან დასკვნა: ვაჟას ფშაურ კილოზე დაწერილი ლექსები და პოემები აფერხებს ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
უკანასკნელ ხანს მკვეთრად გამოიკვეთა შედარებით მართებული შეხედულება ვაჟას პოეზიის ენაზე: “არ არის სწორი საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ვაჟა-ფშაველას პოეტური ენა მ თ ლ ი ა ნ ა დ დაფუძნებულია დიალექტურ მასალაზე…
საკითხი ვაჟას მიმართებისა ფშაურ დიალექტთან გარკვეული შ ე ზ ღ უ დ ვ ი თ უნდა განვიხილოთ. თავის არსებით ნაწილში ვაჟა-ფშაველას პოეტური მეტყველება სალიტერატურო ენას ეყრდნობა… დიალექტიზმებს ვაჟას ნაწერებში სტილისტიკური ფუნქცია აქვს დაკისრებული” (შ. ძიძიგური). ეს ზომიერი თვალსაზრისი იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ერთგვარ კომპრომისს შეიცავს. ამ კომპრომისის გარეშე, როგორც ჩანს, შეუძლებელია იმის არ დაშვება, რომ XIX ს. დიდი კლასიკოსის ენა მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გაორებული ჩანს. რომ ვითომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს წმინდა, სანიმუშო სალიტერატურო ქართულით დაწერილი ვაჟას პროზა და პუბლიცისტიკა, ხოლო მეორე მხრივ, მისი პოეზია, რომელიც, თუმცა კი მთლიანად არ არის დაწერილი დიალექტზე, მაგრამ მაინც დიალექტის ძლიერი ინერციის გავლენას განიცდის და, ამდენად, ნაკლულოვანია: კილოური ფორმების სიუხვით მეტადრე გამოირჩევა “გოგოთურ და აფშინა” და “ალუდა ქეთელაური” და აგრეთვე ბევრი ლექსი, დავძენდი მე, რომლებიც უცილობელ შედევრებად არის აღიარებული ქართულ პოეზიაში. ამ ფაქტს ახსნა სჭირდება.
ცხადი რომ გახდეს ვაჟა-ფშაველას პოზიცია ქართული სალიტერატურო ენის მიმართ, თვალი უნდა გადავავლოთ მის თეორიულ შეხედულებებს ამ საკითხის ირგვლივ. ისინი ჩამოყალიბებულია ვაჟას რამდენსამე წერილში, რომლებიც ენის საკითხს უტრიალებს და კარგად გამოხატავს როგორც მის ენობრივ თვალსაზრისს პოეტური ქმნადობის საზღვრებში, ისე იმდროინდელი საზოგადოების შეხედულებებს ამ საკითხებზე.
ვაჟას ერთ-ერთი უმთავრეს დებულებათაგანი ის არის, რომ “ქართული ენა (აქაც და სხვაგანაც “ქართულ ენაში” ვაჟა გულისხმობს სალიტერატურო ენას) გუშინ მოგონილი არ არის. იგი ძალიან დიდი ხნისაა. უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია” და ამიტომ “რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შერჩება საზოგადოდ, საუკუნოდ”. “ენას ფესვები წარსულს დროში აქვს გადგმული, – რაც ხასიათი და ბუნება ისტორიულად მიჰნიჭებია ენას, იგი უნდა შერჩეს სიკვდილამდის”. აქ ვაჟას მიერ აქცენტირებულია ენის შინაგანი ბუნების (ენის სტრუქტურის), ენის ძირეული თვისების უცვლელობის პრონციპი. აქცენტირებულია იმიტომ, რომ სწორედ მის დროს განიცდიდა ქართული უდიდეს ცვლილებებს (დადებითსაც და უარყოფითსაც), ცვლილებებს, რომელთაც შეეძლოთ დაეზიანებინათ მისი ბუნება. “რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს. მიმდინარეობს იმ ჟამიდან ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი – არასოდეს”…
მასასადამე, ენა თავისი არსით, თავისი შინაგანი ბუნებით, თავისი “გემოთი” უცვალებელი ფენომენია. “ყოველი ენა ამჟღავნებს მისწრაფებას შეინარჩუნოს თავისი ძირეული ფორმები ყოველგვარი ცვლილებების პირობებში… ენა ყველაზე დამოუკიდებელი და გამძლე მოვლენაა კაცობრიობის ყველა მოვლენას შორის. უფრო ადვილია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, ვიდრე მისი ინდივიდუალური აგებულების დარღვევა” (სეპირი).
“მართალია, ენა თანდათან წარმატებაში შედის, წინ მიდის, მაგრამ ისე კი არა, რომ ბუნებასა და ხასიათს იცვლიდეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ენაც კვდება”, – გვაფრთხილებს ვაჟა. რა მიაჩნია ვაჟას ენის “წარმატებად”, ენის “წინსვალად”? ლექსიკის გამდიდრება, ახალ ცნებათათვის საჭირო სიტყვების შემოტანა, სინონიმთა სიმრავლე, ძველი ლიტერატურული ენის იმ გაუქმებული ფორმების აღდგენა, რომელთაც ც ო ც ხ ა ლ ი დასაყრდენი გააჩნიათ დიალექტებში.
ვაჟას თვალსაზრისით, ყველა ეს პროცესი ქართული ენის შინაგანი ბუნების შესაბამისად და მისი შინაგანი მიზანდასახულების ნიშნით უნდა მიმდინარეობდეს. ყველა ეს პროცესი გარდუვალია, ვინაიდან “ახლანდელი ლიტერატურული ენა ახალია და ს ი ა ხ ლ ი ს გამო ბევრ ფორმებს, ბევრ სიტყვებს მოკლებული არის… ყოველი საერო მწერალი მოვალეა ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა, ან ფორმა გ ა ა ც ნ ო ს ლიტერატურულ ენას, თუ იგი სიტყვა და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, იმის ბუნებას”.
რა თქმა უნდა, ეს თვალსაზრისი სრულებით არ ნიშნავს იმას, რასაც გაუმართლებლად მიაწერენ ვაჟას: “ჩვენი პოეტი სავსებით კატეგორიულად აღიარებს(?), რომ ამ ენის მთელი სიდიადე შორეულ(?) წარსულშია, ქართულ ენას არ განუცდია პროგრესული(?) განვითარება, იგი თანდათანობით დაკნინების და გაღარიბების გზას ადგასო”… (შ. ძიძიგური).
ეს არსად არ უთქვამს ვაჟას და მით უმეტეს, არ “უღიარებია კატეგორიულად”. ვაჟას არა აქვს კატეგორიული ტონი, როცა ლაპარაკობს ლიტერატურული ენის სრულყოფის საჭიროებაზე და ენის ისეთი გრამატიკული ფორმებით გამდიდრებაზე, რომლებიც ცოცხალია ხალხში, ხოლო დადასტურებულია უდიდესი ქართველი პოეტების ნაწერებში. პირიქით, იგი მოკრძალებულად შენიშნავს: “თუ ენა იშვილებს იმ ფორმას, იმ სიტყვას, ხომ კარგი, თუ არა და, არც ამითი არაფერი წახდებაო”.
ვაჟა-ფშაველასა და XIX ს. დიდი მწერლების ორიენტაცია გაამართლა დრომ. “თვით იმ მწერალთა პრესტიჟმა უზრუნველყო მათ მიერ გამოყენებულ სასაუბრო სიტყვათა მეტი წილის შემოსვლა სალიტერატურო ქართულში” (ბ. ფოჩხუა).
ვაჟას აქვს ერთი კარდინალური აზრი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია მისი ენობრივი პოზიციის გარკვევისათვის. “რას ჰქვიან ენის ცოდნა? რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ… საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა… უსათუოდ, საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ… მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად”. ეს აზრი ყველა ენისა და ყველა დროისათვის ჭეშმარიტია.
ვაჟა წინა პლანზე სწევს ენის არა ზედაპირულ, მექანიკურ (და შეგვიძლია ვიგულისხმოთ, – მეცნიერულ) ცოდნას, არამედ ენის “სულისა და გულის” შეგნებას, ე.ი. ენის შინაგანი ბუნების წვდომას, მის ინტუიციურ გზნებას, ალღოსა და გეშს მშობლიური ენის მიმართ. მაგრამ ამისათვის საჭიროა “ქართულად გიცემდეს გული და მაჯა”, ქართულად ფიქრობდე, ქართულად აზროვნებდე, ქართულ ენასა და მიწაში გედგას ფესვი. ყველა ეს თვისება მომადლებული უნდა ჰქონდეს მწერალსა და პოეტს და თუ მომადლებული აქვს იგი, “ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ”, ვინაიდან არავინ ისე ღრმად არა გრძნობს ენის უხილავ წყაროსთვალში დაბუდრებულ რიტმებსა და ფარულ აზრობრივ პოტენციას, როგორც შემოქმედის გუმანი.
ენის უღრმეს შრეებთან ფესვეულ კავშირს მხოლოდ დიდი პოეტები და მოაზროვნეები ინარჩუნებდნენ ყოველ დროში (ჰაიდეგერი). ამრიგად: ნიჭითცხებული მწერლისა და პოეტის ორიენტაცია ენობრივ სფეროში ღრმა ეროვნულ გუმანსა და ინტუიციას ეფუძნება, რის გამოც მისი არჩევანი გამართლებულია. საუკეთესო პოეტი ენის საუკეთესო მცოდნეცაა. ენის ამა თუ იმ გეზით ორიენტაცია დიდი მესიტყვეების საქმეა და არა ისეთი პიროვნებისა, ვინც ვერა გრძნობს სიტყვას და იმ (ვაჟას გამოთქმით) ფილოლოგ-ლინგვისტთა დასს ეკუთვის, რომლებიც რამდენიმე სიტყვის მსგავსებაზე აფუძნებენ სხვადასხვა ერის ერთტომობასა და ერთგვარობას…
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი უნდა მოვიტანოთ ვაჟასი: “მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა… ენაში იმალება ინდივიდუალობა, მისი “მე”… ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული”. მაშასადამე, მწერლის ინდივიდუალობას ენა და სტილი ავლენს, მწერლის სული ენაში სახიერდება. მწერლის ფრაზეოლოგიასა და სურათებსაც შემოქმედის თავისებურების ბეჭედი უნდა ეჭდოს. მაგრამ ყველაფერი ეს “გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა… შ ი ნ ა გ ა ნ ი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი, რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ”.
აქ ვაჟა-ფშაველა შემოქმედების გარეგან და შინაგან ნიშნებზე ამახვილებს ყურადღებას. ვაჟა ხედავს სათქმელისა და თქმის დიალექტიკურ კავშირს, სადაც მხატვრული ექსპრესიის ბუნებას განსაზღვრავს იმ მოვლენების შინაგანი ღირებულება, რომელთა მხატვრულ სიტყვაში განსახიერებაცა აქვს განზრახული შემოქმედს. ასე რომ, ვაჟასთან მწერლის მსოფლმხედველობა განსაზღვრავს მხატვრული ექსპრესიის ბუნებას, რომელიც ენისა და სტილის მეშვეობით ცნაურდება. ვაჟა-ფშაველას მეორე, აგრეთვე მთავარ დებულებათაგანია ის, რომ ქართული ენის მარადმედინ მდინარეს აქვს შეუბღალავი, უშრეტი სათავე, რომელიც განსაზღვრავს მისი შინაგანი ბუნების უცვლელობას, მის სპეციფიკურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ “გემოს”. ვაჟას თქმით, ეს სათავე ენისა, გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა”. ვაჟა ლაპარაკობს ახალი სალიტერატურო ქართულის ორ უმთავრეს წყაროზე, ორ გამსაზღვრელ წყაროზე, რომელთა გაუთვალისწინებლადაც, რომელთანაც წილუყრელად ვაჟას ვერ წარმოუდგენია “საერთო ლიტერატურული ენის… გაუკეთესება” და “გაწმენდა”. ეს ორი წყაროა ერთის მხრივ, ძველი ქართული მწერლობა და მეორეს მხრივ, შეუბღალავი ცოცხალი ხალხური ენა. პირველის მაგალითად ვაჟა ასახელებს რუსთაველსა და გურამიშვილს, ხოლო მეორისას ქართველ მთიელთა ენას, კერძოდ, ფშაურს. ძველი ქართული მწერლობა ამ შემთხვევაში, პირობითი ცნებაა, ვინაიდან რუსთაველიცა და გურამიშვილიც ახალი სალიტერატურო ენის წარმომადგენლები არიან, და არაფერი გასაკვირი არაა, რომ სწორედ ისინი არიან მოხმობილნი ვაჟას მიერ “ახალი ლიტერატურული ენის” ეტალონებად. თუმცა ვაჟა საკუთრივ ძველ ქართულსაც ღრმად გრძნობდა. “ძველი ქართული მას შესისხლხორცებული ჰქონდა”, როგორც ამბობს ივ. იმნაიშვილი. “ვაჟა კარგად იცნობდა ბიბლიას… და ქართულ აგიოგრაფიას” (ლ. მენაბდე). მაგრამ რატომ ახსენებს იგი ფშაურს? იმიტომ, რომ თვითონ არის ფშაველი და მიკერძოებას იჩენს “მშობლიური” დიალექტისადმი? არა! “ფშაურის საუბრის კილო და გრამატიკული ფორმები, როგორც ნამდვილი ძველი ქართული, სრულიად ჰგვანან ძველის მწერლე- ბის ნაწერებსა”, აი სწორედ ამიტომ ფშაველთა “სათემო კილო (თუკი შეიძლება სათემო კილო დავარქვათ იმათს სასაუბრო ენას) და გრამატიკული ფორმები ხელჩასაჭიდებელია, ღირსსაცოდნელი”.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც უთქმელი აქვს ვაჟას. იგი არსად არ ლაპარაკობს ქართლურ კილოზე, რადგან ქართლური მას მიაჩნია იმ ბაზისად, რომელზეც დაფუძნებულია სალიტერატურო ენა. ქართლურის — ამ ჰეგემონი დიალექტის – ფონზე იგი გამოარჩევს ფშაურს, როგორც მთის კილოს და არა როგორც მისგან განსხვავებულ დიალექტს.
ვაჟას აზრით, არსებობს მთისა და ბარის ქართული (ე.ი. ქართლური), რომელთაგან პირველის მიჩნევა სათემო კილოდ შესაძლოა საჭოჭმანოც იყოს. მართებულად აღინიშნა: “ფშაურ კილოს, ვაჟას კონ- ცეფციით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი სალიტერატურო ქართულის ფორმების თვალსაზრისით, (რაკი) იგი ძველი ქართულის კანონზომიერების რეალური დადასტურებაა თანამედროვე მეტყველებაში” (შ. ძიძიგური).
ასეთია ვაჟა-ფშაველას ენობრივი პოზიციის ამსახველი შეხედულებები, რომელთა საფუძველზე უნდა ახსნილიყო და განმარტებულიყო ესა თუ ის საკითხი მისი პოეტური ენისა. მაგრამ მოხდა პირიქით: არამცთუ თავად ავტორის თვალსაზრისი არ მოიხმეს (სავსებით მოსახერხებელი) მისივე ენობრივი პოზიციის ასახსნელად, არამედ ამ თვალსაზრისს უმართებულოდ დაუპირისპირეს პოეზიისათვის უცხო კრიტერიუმი, რომლის შუქზე არასწორად ფასდებოდა ამ დიდი შემოქმედის რთული მემკვიდრეობა.
თამაზ ჩხენკელი
გამოხმაურება